Euractiv-ის ინფორმაციით, ორშაბათს კიევის სოფიის მოედანზე უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ევროპის რვა ლიდერი შეიკრიბა. ქალაქისთვის, რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში რუსეთის თავდასხმების სამიზნე იყო, მათი ყოფნა მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალი და მოსახლეობისთვის ფსიქოლოგიური მხარდაჭერა გახდა.
როგორც ჩანს, რუსეთი კიევში ჩასული ლიდერების წინააღმდეგ დარტყმების განხორციელებას ერიდებოდა. თუმცა, მაშინ როდესაც ლიდერები კიევის ცენტრში იკრიბებოდნენ, რუსეთი სხვა რეგიონებს უტევდა. ჩერნიგოვში საცხოვრებელი კორპუსი დაიბომბა, რის შედეგადაც 14 ადამიანი, მათ შორის ბავშვები, დაშავდნენ, წერს გამოცემა.
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კიევს ახლა ყველაზე მეტად ორი რამ სჭირდება – საჰაერო თავდაცვის რაკეტები და ფული.
კიევს თანხები სწრაფად სჭირდება. ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას 23,5 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დეფიციტი აქვს, იმ თანხების გარდა, რომლის მიღებაც ქვეყანას ევროკავშირისგან უკვე ეკუთვნის. მან ბრიუსელს მოუწოდა, დააჩქაროს ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი 90-მილიარდიანი სესხის მომდევნო ტრანშის გადარიცხვა. ევროკომისიამ ორშაბათს უკრაინას 6.1 მილიარდი ევრო გადაურიცხა.
როგორც Euractiv-ი წერს, უკრაინის ფინანსური საჭიროებების ზრდასთან ერთად ყურადღება კვლავ მიექცა ევროპაში გაყინულ დაახლოებით 200 მილიარდი ევროს ღირებულების რუსეთის აქტივებს. მათი უმეტესი ნაწილი ბელგიაში, ფინანსურ კომპანია Euroclear-ში ინახება.
„მსურველთა კოალიციის“ ორშაბათის შეხვედრაზე რამდენიმე ქვეყანამ სწორედ ეს საკითხი დააყენა.
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარია მალმერ სტენერგარდმა განაცხადა, რომ 2027 წლის მოახლოებასთან ერთად საკითხის დღის წესრიგში დაბრუნებას გეგმავს.
„ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რომ უკრაინის ორმხრივი მხარდაჭერა მეტ-ნაკლებად მცირდება და ქვეყნები ევროკავშირის სესხზე მითითებას ამჯობინებენ“, – განაცხადა მან.
როგორც შვედეთის პირველმა დიპლომატმა აღნიშნა, ეს საკმარისი არ არის და უკრაინას ომში გასამარჯვებლად მეტი რესურსი სჭირდება.
Euractiv-ის ინფორმაციით, გაყინული რუსული აქტივების გამოყენების საქმეში მთავარ დაბრკოლებად კვლავ ბელგია რჩება.
გასულ კვირას კიევში ვიზიტისას ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ პრევომ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მის ქვეყანას არ შეუძლია რუსეთისთვის თანხების დაბრუნების რისკის საკუთარ თავზე აღება იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი აქტივების გამოყენების გადაწყვეტილებას სასამართლოში წარმატებით გაასაჩივრებს.
ამ ეტაპზე ბრიუსელში საკითხის ხელახლა განხილვის დაწყების ნიშნები თითქმის არ ჩანს, ასკვნის სტატიის ავტორი.









