17 აგვისტო, ორშაბათი, 2026
17 აგვისტო, ორშაბათი, 2026

დავით ქართველიშვილი: ქართული საზოგადოებისთვის არასრულფასოვნებისა და წაგებულის კომპლექსის თავს მოხვევის მცდელობები განწირულია მარცხისთვის, რადგან ეწინააღმდეგება ქართული სახელმწიფოსა და მისი ხალხის ფუნდამენტურ ღირებულებებს

„საგარეო-პოლიტიკური წარმატება ეროვნულ დამცირებაზე არ აიგება. სახელმწიფო, რომელსაც არ ძალუძს დაიცვას საკუთარი საზღვრები და ისტორიული მეხსიერება, არც საერთაშორისო პარტნიორებისთვის წარმოადგენს ფასეულობას,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც ოკუპირებულ აფხაზეთთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს ეხმიანება.

მისი თქმით, თუ პოლიტიკური ძალა მზად არის უარი თქვას სუვერენიტეტის ფუნდამენტურ პრინციპებზე პოლიტიკური ბონუსების გამო, ის დაკარგავს ლეგიტიმაციას, როგორც ხალხის ინტერესების გამომხატველი.

„დავიწყებ წინასიტყვაობით და მოვიყვან ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ზუსტ ციტირებას: “ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სამართლებრივად ჩვენთვის შეუძლებელია საუბარი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ოკუპაციის პირობებში… მთავარი ბარიერი არის ოკუპაცია. თუ აღდგება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, ურთიერთობების აღდგენა ლოგიკურიც იქნება”. თითოეული ადეკვატური ადამიანისთვის ამის დამატებითი განმარტება უადგილო იქნება, რაც შეეხება საზოგადოების გენმოდიფიცირებულ ნაწილს, “გასაგებია”, რომ მათ მსგავსი “რუსული” განცხადება “რუსული რეჟიმის” მხრიდან აქამდე არ მოუსმენია. ეს მყარად ჩამოყალიბებული მენტალური უფსკრული იმდენად გადაულახავია უკვე ჩვენს შორის, რომ მსგავსი დახარვეზებული აზროვნების მქონე სეგმენტთან, სამწუხაროდ, ვერბალურ ურთიერთობებს არანაირი აზრი აღარა აქვს.
ეხლა კი, საქმეს მივუბრუნდეთ: რადიკალური ჯგუფების მიერ გავრცელებული თეზისი იმის შესახებ, თითქოს ეროვნულ იდენტობაზე, ისტორიულ მეხსიერებასა და ტერიტორიულ მთლიანობაზე უარის თქმა არის „პრაგმატული ფასი“ დაჩქარებული ევროინტეგრაციისთვის, ღრმა შეცდომას წარმოადგენს. ამას მე მათ გასაგონად არ ვწერ, უბრალოდ მოცემულობას ვაფიქსირებ. მსგავსი მიდგომა სუვერენულ განვითარებას ბანალური კაპიტულაციით ენაცვლება და სახელმწიფოს ინსტიტუციურ საფუძვლებს აუფასურებს. მეზობელ სომხეთში მიმდინარე პროცესებთან შედარებითი ანალიზი, რაც გვარამიამ შემოგვთავაზა, გვიჩვენებს არა სტრატეგიულ გარღვევას, არამედ საგარეო ზეწოლის ქვეშ ძირითად ეროვნულ ინტერესებზე უარის თქმის სახიფათო მაგალითს.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, მიმართ საქართველოს კონცეფცია ეფუძნება პრინციპულად განსხვავებულ ლოგიკას, რაც მკაფიოდ არის გამოხატული თუნდაც ძირძველ ხალხურ სიბრძნეში: „სიკეთე ქენი, ქვაზე დადე, გაიარე, წინ დაგხვდება“. ეს არის „რბილი ძალის“ სტრატეგია, რომელიც გამოიხატება მრავალმილიონიან დახმარებაში, უფასო ჯანდაცვასა და ჰუმანიტარულ მიწოდებაში და მიმართულია ადამიანებს შორის კავშირების აღდგენაზე, გათვლილი გრძელვადიან პერსპექტივაზე. ამის საპირისპიროდ, ოპოზიციის მოწოდებები „ბალასტის ჩამოშორებისა“ და პოზიციების დათმობის შესახებ ეწინააღმდეგება ამ სტრატეგიის არსს და შერიგებისა და ნდობის აღდგენის რთული სამუშაოს სანაცვლოდ, საკუთარ მოქალაქეებსა და ტერიტორიებზე სრულ უარის თქმას გვთავაზობს. მე არ ვიცი, აპირებენ თუ არა უსამშობლოები კიდევ ერთხელ მაინც არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, მაგრამ თუ ამ ლოზუნგებს გამოიყენებენ, პოლიტიკური ფსკერის მიღმა სანთლით იქნებიან საძებნელი.

ჩვენი მეზობლების მცდელობა: მთიან ყარაბაღზე, უარის თქმა, არარატის მთისადმი დამოკიდებულების გადახედვა ან გენოციდის თემის ირგვლივ, დისკუსიები „ბრძნულ მოდერნიზაციად“ გასაღდეს, სომხეთისთვისაც არაა ცალსახა და ერთხმად მისაღები. საერთაშორისო ინტეგრაცია, მათ შორის ევროკავშირთან დაახლოება, ეფუძნება სამართლის უზენაესობის, ტერიტორიული მთლიანობის პრინციპისა და ადამიანის უფლებების დაცვის პატივისცემას და არა ბუნდოვანი პერსპექტივების სანაცვლოდ, შენს ისტორიულ, სარწმუნოებრივ თუ მენტალურ რევიზიას. მსოფლიოში არცერთი სტაბილური დემოკრატია არ ჩამოყალიბებულა საკუთარი ისტორიის თვითკასტრაციით ან საგარეო-პოლიტიკური ალიანსების ავანსების, სანაცვლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნებაყოფლობითი უარის თქმით.

შევეშვათ მეზობლებს და სომხეთს, თურქეთს და აზერბაიჯანს დავუტოვოთ უფლება, უჩვენოდ გაარკვიონ თავისი ურთიერთობები. რუსეთ-საქართველოს მომავალი პერსპექტივები კი პრემიერ-მინისტრის განცხადებაში არაორაზროვნად არის ასახული. მაგრამ საკუთარ თავზე მორგებული კაპიტულანტურ-მოღალატეობრივი მოდელის, მაგალითად აღების მოწოდებებს, სახელმწიფოებრიობის შიგნიდან დაშლამდე მივყავართ. თუ პოლიტიკური ძალა მზად არის უარი თქვას სუვერენიტეტის ფუნდამენტურ პრინციპებზე წუთიერი პოლიტიკური ბონუსების გამო, ის კარგავს ლეგიტიმაციას, როგორც ხალხის ინტერესების გამომხატველი.

საგარეო-პოლიტიკური წარმატება ეროვნულ დამცირებაზე არ აიგება; სახელმწიფო, რომელსაც არ ძალუძს დაიცვას საკუთარი საზღვრები და ისტორიული მეხსიერება, არც საერთაშორისო პარტნიორებისთვის წარმოადგენს ფასეულობას.

ისტორია გვიჩვენებს, რომ კეთილმეზობლობა და მსოფლიო თანამეგობრობაში ინტეგრაცია მიიღწევა არა კაპიტულაციით, არამედ სულის სიმტკიცით, პრაგმატიზმითა და სტრატეგიული მიზნების უცვლელობით. საქართველომ დაამტკიცა უნარი, შეუხამოს ჰუმანურობა ოკუპაციის ხაზს მიღმა მყოფ თანამოქალაქეებს და მტკიცე უპრინციპობა სუვერენიტეტის საკითხებში. ქართული საზოგადოებისთვის არასრულფასოვნებისა და წაგებულის კომპლექსის თავს მოხვევის მცდელობები განწირულია მარცხისთვის, რადგან ეწინააღმდეგება ქართული სახელმწიფოსა და მისი ხალხის ფუნდამენტურ ღირებულებებს,“ – წერს დავით ქართველიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები