ვუსმინე ნიკა გვარამიას ინტერვიუს აფხაზეთის თემაზე და მინდა ვთქვა, რომ ეს იყო ის შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსი გასცდა ტრადიციულ პოლიტიკურ რიტორიკას და შემოგვთავაზა კონფლიქტის მოგვარების რაციონალური და პრაგმატული პარადიგმა, – წერს არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორი, თამთა მიქელაძე, სოციალურ ქსელში.
მიქელაძე ყურადღებას ამახვილებს ნიკა გვარამიას მიერ დასახელებულ ნიკოლ ფაშინიანის მაგალითზე, რომელმაც მოკლე ვადაში შეძლო ისტორიული ტრავმების დამარცხება, კერძოდ, მან არარატი წაშალა შტამპიდან თურქეთთან ურთიერთობის დასალაგებლად, იგივე გააკეთა ყარაბაღთან დაკავშირებითაც, რაც საბოლოო ჯამში, აზერბაიჯანისთვის ტერიტორიის ჩაბარებით დასრულდა. მიქელაძის თქმით, გვარამიას მსგავსად, მისთვისაც მისაღება ფაშინიანის მიერ გადადგმული ნაბიჯი, რაც ისტორიულ საზღვრებზე უარის თქმას გულისხმობს.
„ვუსმინე ნიკა გვარამიას ინტერვიუს აფხაზეთის თემაზე და მინდა ვთქვა, რომ ეს იყო ის შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსი გასცდა ტრადიციულ პოლიტიკურ რიტორიკას და შემოგვთავაზა კონფლიქტის მოგვარების რაციონალური და პრაგმატული პარადიგმა.
ინტერვიუ იყო არა მხოლოდ ემოციური (როგორც დევნილისგან), არამედ საინტერესო სტრატეგიული ხედვა ქვეყნის მომავალზე.
მინდა გაგიზიაროთ ინტერვიუს რამდენიმე მთავარი აქცენტი, რომელიც ვფიქრობ, საჯარო განხილვასა და მსჯელობას იმსახურებს:
1. გვარამია თამამად საუბრობს ისტორიული ტრავმების დაძლევის აუცილებლობაზე. ნიკოლ ფაშინიანის მაგალითზე დაყრდნობით, იგი ამტკიცებს, რომ ტრავმული მეხსიერება ერს განვითარების საშუალებას არ აძლევს. ის ღუზასავითაა და წარსულში გვამწყვდევს. პოლიტიკოსის თქმით, დღევანდელმა ხელისუფლებამ ეს ტრავმა ომის მუდმივ შიშად აქცია, რაც საზოგადოების პარალიზებას ახდენს. მისი თქმით კი, გამოსავალი არა წარსულის დავიწყებაში, არამედ მის რაციონალიზებასა და ტრავმების სახელმწიფოებრივ მშენებლობაში კონვერტირებაშია.
2. ინტერვიუში პოლიტიკოსი უარყოფს მცდარ დილემას, რომ თითქოს აფხაზეთის დაბრუნების გზა მხოლოდ ომზე გადის. გვარამიას ხედვით, აფხაზების დაბრუნების რეალური საფუძველი არის ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესი. ევროკავშირის წევრობა და ევროპული პასპორტი უნდა გახდეს ის მიზიდულობის ძალა, რომელიც აფხაზურ მხარეს რუსული იზოლაციიდან ევროპულ კეთილდღეობაში გადმოიყვანს.
3. ანაკლიის პორტი გვარამიასთვის არა მხოლოდ ლოგისტიკური კვანძი, არამედ უსაფრთხოების გარანტიაა. მისი ლოგიკით, როდესაც დასავლეთი (აშშ, ბრიტანეთი, ევროპა) დებს ინვესტიციას, ის იცავს არა ხელშეკრულებებს, არამედ საკუთარ საკუთრებას. საქართველო უნდა გახდეს ცენტრალური აზიის რესურსების მთავარი გამტარი ევროპაში, რაც აფხაზეთს ამ საერთო გეოპოლიტიკურ გრავიტაციაში ბუნებრივად ჩართავს.
4. საინტერესო იყო ენერგეტიკული კორუფციის მხილება. გვარამიამ აჩვენა, რომ ხელისუფლებისთვის აფხაზეთი დღეს არა ტერიტორიული ტკივილი, არამედ „შავი ხვრელია“ ოლიგარქიული ფულის საკეთებლად. ენგურჰესიდან მიწოდებული უფასო ენერგია, რომელიც ხალხის ნაცვლად კრიპტო-მაინინგის ქარხნებს ხმარდება, მმართველი კლანის გამდიდრების წყაროა. ამიტომ ახალი მოძრაობები, რაც ამ მიართულებით ჩანს ან შეიძლება გამოჩნდეს, სწორედ ოლიგარქტიული ეკონომიკური ინტერესებით უნდა აიხსნას პირველ რიგში.
5. გვარამია ასევე მიუთითებს, რომ ოპოზიციას სჭირდება არა მხოლოდ ხელისუფლების კრიტიკა, არამედ მსხვილი ალტერნატიული პროექტი. საქართველო უნდა იქცეს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ მთავარ კვანძად. ეს არის ერთადერთი რეალისტური გზა, სადაც ტერიტორიული გაერთიანება ხდება ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობის ბუნებრივი და გარდაუვალი შედეგი.
ცხადია აქ არსებობს ბევრი დეტალი, ჩაკითხვა და კონტრმოსაზრებაც, რომელიც საპასუხოა:
– ეკონომიკური დეტერმინიზმი ხშირად არ მუშაობს ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტების დროს. ისტორია აჩვენებს, რომ იდენტობის გადარჩენის შიში, ნაციონალისტური ნარატივები და „დამოუკიდებლობის“ ილუზია ხშირად უფრო ძლიერია, ვიდრე ეკონომიკური სარგებელი. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თბილისს ამ შიშებზე პასუხიც ქონდეს და კარგად აჩვენოს, როგორ უზრუნველყოფს ის ამ მიმათულებით იდენტობის, ენისა და ავტონომიის დაცვას [ამაზე მინიშნებები პრინციპში ინტერვიუში ასევე იყო – ეთნიკური ჯგუფების დაცვის, ქართველთა და აფხაზთა სახელმწიფოს შესახებ მითებებით].
– განვითარების მოდელი, რომელიც გვარამიამ წარმოადგინა მთლიანად დამოკიდებულია ეგზოგენურ ფაქტორზე, რუსეთის დასუსტებაზე. თუმცა, ის არ პასუხობს კითხვას: რა ხდება, თუ რუსეთი ინარჩუნებს „ნახევრად ჰეგემონის“ სტატუსს რეგიონში? მხოლოდ ეკონომიკური მიზიდულობა ვერ დააბალანსებს რუსულ სამხედრო ბაზებს. გვარამიას ხედვაში ნაკლები ადგილი ეთმობა ხისტ ძალას და უსაფრთხოების იმ რეალურ დილემას, რომლის წინაშეც აფხაზები დადგებიან, თუკი რუსეთის ორბიტიდან გასვლას დააპირებენ. აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლაპარაკი იმ ალტერნატიული უსაფრთხოების გარანტიებზე, რომელიც თბილისმა უნდა უზრუნველყოს.
– სომხეთში ფაშინიანის პოლიტიკამ გამოიწვია უდიდესი შიდა პოლიტიკური რყევები და ბევრისთვის ეს აღიქმება არა „ტრავმის გადალახვად“, არამედ „ეროვნულ კატასტროფად“ [მიუხედავად იმისა, რომ მან არჩევნებში ამ წელს შეძლო გამარჯვება, საბოლოოდ]. ტრავმის რაციონალიზაცია ფრთხილად არის გასაკეთებელი და აქ პირველ რიგშია საჭიროა დემოკრატიული სამუშაოები კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან, როგორც სოციალური, ისე პოლიტიკური და კულტურული ინსტრუმენტეებით.
– პოლიტიკოსმა მინიშნებები გააკეთა ძალაუფლების გადანაწილების საკითხზე, როგორც რთულ საკითხზე და დეტალებში არ ჩავიდა. ყველა ჯერზე სწორედ ძალაუფლების მოდელის საკითხები იწვევდა სამშვიდობო ფორმატების ჩავარდნას. ამიტომ ეს საკითხი ასეთი მეორეული და ადვილად მოსაგვარებელი ნამდვილად არ არის. მაგრამ მინიშნება, რომ ამაზე მსჯელობამ მომავალში შეიძლება გადაინაცვლოს და ამ პროცესში ამავდროულად საქართველოს სახლემწიფოებრივი ინტერესები უნდა იყოს დაცული, მნიშვნელოვანი იყო.
რატომ ვწერ ამდენს ამ თემაზე. იმიტომ ვწერ, რომ კარგი იქნება, თუ სხვა პოლიტიკოსებიც მომავალზე ორიენტირებულ, დემოკრატიულ ალტერნატივებზე ისაუბრებენ და საკუთარ პოზიციებს ტრავმისა და ზიზღის ტირაჟირებას არ დააფუძნებენ.
არსებითია, რომ მედიაც კარგად მომზადებული და ფრთხილი იყოს ამ საკითხებზე მსჯელობის დროს.
თუ “ქართული ოცნების” ხელისუფლება დღის წესრიგში ამ საკითხის შემოიყვანს, იმიტომ რომ ტერიტორიული მთლიანობის დისკურსი მას საკუთარი გეოპოლიტიკური ან ეკონომიკური ინტერესების გატარებისთვის და “გაპრავებისთვის” შეიძლება დასჭირდეს, ოპოზიციური სპექტრი მზად უნდა იყოს საპასუხოდ და სისულელეები და სიძულვილი არ უნდა აფრქვიოს.“- წერს თამთა მიქელაძე.
https://www.facebook.com/story.php?story_fbid=37652535304391634&id=100001859080664&rdid=Q44AeG6lUmRASbTY#









