პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ესპანეთში, სეუტაში მაროკოდან მიგრანტების არალეგალურად შესვლას. ანალიტიკოსი გამოთქვამს ვარაუდს, რომ, შესაძლოა, შექმნილი კრიზისი უკავშირდებოდეს ამერიკა-ისრაელსა და ესპანეთს შორის ურთიერთობის დაძაბვას. ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ თუ დავუშვებთ მესამე ქვეყნების მეშვეობით პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმის არსებობას, მაშინ მაროკო ყველაზე მოსახერხებელი შემსრულებელია. ანალიტიკოსის აზრით, ასეთ შემთხვევაში ზეწოლის ადრესატი მთლიანად ევროკავშირია:
„ბოლო თვეებში ესპანეთმა ახლო აღმოსავლეთში ისრაელის ქმედებების მიმართ ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული პოზიცია დაიკავა, ხოლო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მიანიშნა, რომ მსგავსი ქცევა მოკავშირეებისთვის შედეგების გარეშე არ დარჩებოდა. ასეთ სცენარში მთავარი ადრესატი უკვე არა ესპანეთი, არამედ მთლიანად ევროკავშირია“ – წერს ქართველიშვილი.
ანალიტიკოსი ხაზს უსვამს იმასაც, რომ ამ ლოგიკით, ნებისმიერი ევროპული მთავრობა, რომელიც ვაშინგტონს რაიმე საკითხში დაუპირისპირდება, უნდა აცნობიერებდეს თავისი ნაბიჯების ფასს. ქართველიშვილი წერს იმასაც, რომ მსგავსი თემატიკის კრიზისები ევროპაში, გააძლიერებს მემარჯვენე პარტიების პოპულარულობას.
„მიგრაციული კრიზისები XXI საუკუნეში უკვე დიდი ხანია აღარ წარმოადგენს მხოლოდ ჰუმანიტარულ პრობლემას. ისინი სულ უფრო ხშირად იქცევა საგარეოპოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად. სწორედ ამიტომ, სეუტაში (ჩრდილოეთ აფრიკაში განლაგებული ესპანეთის ავტონომიური ქალაქი) განვითარებული მოვლენები შეიძლება განიხილებოდეს, როგორც დემონსტრაცია იმისა, თუ რამდენად მოწყვლადი რჩება ევროპა ე.წ. „დემოგრაფიული დიპლომატიის“ წინაშე.
თუ სამუშაო ჰიპოთეზად მივიღებთ, რომ მიგრაციული ზეწოლის მკვეთრი გამწვავება შემთხვევითი არ ყოფილა, არამედ დაინტერესებული მოთამაშეების კოორდინირებული მოქმედებების შედეგია, მაშინ ესპანეთი პოლიტიკური იძულების ობიექტად იქცა, სადაც სატანკო კოლონების ნაცვლად გამოიყენება ათიათასობით ადამიანი, ხოლო არტილერიის თუ დრონების ნაცვლად- შიში, ქაოსი და სახელმწიფო ინსტიტუტების გადატვირთვა.
მადრიდს, ვაშინგტონსა და თელ-ავივს შორის ურთიერთობების მკვეთრ გაუარესებასთან კრიზისის დროითი დამთხვევა ბუნებრივად აჩენს კითხვებს, თუნდაც კონსპიროლოგიური ხასიათის. ბოლო თვეებში ესპანეთმა ახლო აღმოსავლეთში ისრაელის ქმედებების მიმართ ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული პოზიცია დაიკავა, ხოლო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ არაერთხელ მიანიშნა, რომ მსგავსი ქცევა მოკავშირეებისთვის შედეგების გარეშე არ დარჩებოდა.
თუ დავუშვებთ მესამე ქვეყნების მეშვეობით პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმის არსებობას, მაშინ მაროკო ამგვარი ოპერაციის ყველაზე მოსახერხებელ შემსრულებლად გამოიყურება. მისი გეოგრაფიული მდებარეობა საშუალებას იძლევა, რამდენიმე საათში შეიქმნას კრიზისი, რომელსაც შეუძლია პარალიზება გამოიწვიოს არა მხოლოდ ესპანეთის საზღვარზე, არამედ მთლიანად ევროპის პოლიტიკურ დღის წესრიგს შეუქმნას პრობლემები.
ასეთ სცენარში მთავარი ადრესატი უკვე არა ესპანეთი, არამედ მთლიანად ევროკავშირია. ლოგიკა მარტივია: ნებისმიერი ევროპული მთავრობა, რომელიც გადაწყვეტს ვაშინგტონთან სერიოზულ დაპირისპირებას ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის თუ ნებისმიერ სხვა საკითხებში, უნდა აცნობიერებდეს ასეთი დამოუკიდებლობის ფასს.
თუ ერთ მიგრაციულ მარშრუტს რამდენიმე დღეში შეუძლია ეჭვქვეშ დააყენოს სასაზღვრო სისტემის ეფექტიანობა, გამოიწვიოს შიდაპოლიტიკური კრიზისი და ევროკავშირის შიგნით განხეთქილება, მაშინ ეს უკვე აღარ არის მხოლოდ “ჰუმანიტარული პრობლემა” – ეს თანამედროვე გეოპოლიტიკის ინსტრუმენტია. სანქციების ენას თანდათან ემატება მართვადი კრიზისების ენა.
განსაკუთრებით საყურადღებოა თავად ევროპული სახელმწიფოების რეაქცია. მასშტაბური ზეწოლის პირველივე ნიშნების გამოჩენისას ევროპული სოლიდარობის შესახებ ლაპარაკი სწრაფად იცვლება ეროვნული ინტერესებით. თითოეული სახელმწიფო პირველ რიგში საკუთარ უსაფრთხოებაზე, საკუთარ საზღვრებსა და საკუთარ ამომრჩეველზე იწყებს ფიქრს.
სწორედ ასეთ მომენტებში ირკვევა, რომ ყველაზე ლამაზი ინტეგრაციული კონსტრუქციებიც კი მხოლოდ პირველ სერიოზულ გამოცდამდე აღმოჩნდება მტკიცე. თუ მსგავსი კრიზისები განმეორდება, მათ შეუძლიათ მნიშვნელოვნად გააძლიერონ მემარჯვენე-კონსერვატიული ძალების პოზიციები, შეცვალონ პოლიტიკური ბალანსი ევროკავშირის უმსხვილეს ქვეყნებში და ეჭვქვეშ დააყენონ ევროპული ინტეგრაციის დღევანდელი მოდელის ცალკეული ელემენტები.
მაგრამ, აქაც კი ყველაზე ნიშანდობლივი პარადოქსი იმაშია, რომ რაც არ უნდა იმატოს ევროკავშირის სივრცეში მსგავსი, თუ სხვა ტიპის თემატურმა კატასტროფებმა, საქართველოს მოქმედი ხელისუფლების “ბულინგი” დღის წესრიგს არ მოშორდება. ვინაიდან ერთია, მიგრაციული კრიზისის მავნე ზემოქმედება ევროპულ “მდგრადობაზე”, და სულ სხვა ამბავია, ქართული სუვერენული, ღირსეული და ევრობიუროკრატიისთვის მომაკვდინებელი ვირუსით დაინფიცირება…“ – წერს დავით ქართველიშვილი.









