9 ივლისი, ხუთშაბათი, 2026
9 ივლისი, ხუთშაბათი, 2026

კახა კალაძე: თბილისი ჩვენი საერთო სახლია და მისი მოვლა მხოლოდ მერიის საქმე ვერ იქნება – რაც ერთად შევქმენით, ერთად გავუფრთხილდეთ

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას მოუწოდა, გაუფრთხილდნენ იმ ინფრასტრუქტურას, რომელიც მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურმა თბილისელებისთვის მოაწყო. ამ თემაზე მან შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ განახლებული ტექნიკის პრეზენტაციაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ გამოხატა წუხილი იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ქალაქში ჯერ კიდევ რჩება ვანდალიზმის ფაქტები.

„მინდა, თითოეულ თბილისელს მივმართო ერთი თხოვნით – რაც ერთად შევქმენით, ერთად გავუფრთხილდეთ. არცერთი სკვერი, პარკი, საბავშვო ატრაქციონი და არცერთი დარგული ხე მხოლოდ მერიის არ არის. ეს ჩვენი შვილების, ოჯახების და თითოეული თბილისელის საკუთრებაა. სამწუხაროდ, ვანდალიზმის ფაქტები ჯერ კიდევ გვაქვს ქალაქში, რაც ძალიან გულდასაწყვეტია. ვანდალიზმი მხოლოდ მუნიციპალური ქონების დაზიანება არ არის. ეს არის უპატივცემულობა საკუთარი ქალაქის, მეზობლების და შვილების მომავლის მიმართ. თბილისი ჩვენი საერთო სახლია და მისი მოვლა მხოლოდ მერიის საქმე ვერ იქნება. ქალაქი მაშინ იქნება მართლაც ევროპული, როდესაც თითოეული ჩვენგანი იგრძნობს პასუხისმგებლობას იმ გარემოს მიმართ, სადაც ვცხოვრობთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტი მწვანე სივრცეების მოწყობასა და განახლებას მომავალშიც აქტიურად განაგრძობს.

„ჩვენ მომავალშიც ისეთივე პასუხისმგებლობით განვაგრძობთ თბილისის გამწვანებასა და ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემოს შექმნაზე, როგორც ამას ბოლო წლების განმავლობაში ვაკეთებდით. ჩვენი მიზანია, თბილისი იყოს ქალაქი, რომლითაც თითოეული თბილისელი იამაყებს; ქალაქი, სადაც სისუფთავე, წესრიგი, სიმწვანე და ადამიანზე ზრუნვა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, რადგან ქალაქის სიყვარული სიტყვებით კი არ იზომება, არამედ ყოველდღიური შრომით, პასუხისმგებლობითა და გაფრთხილებით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები