არჩილ გორდულაძე: დღეს საკონსტიტუციო მართლმსაჯულება დგას ისტორიული გადაწყვეტილების მიღების წინაშე – სამართლებრივად უნდა შეფასდეს ბოლო 22 წლის მოვლენები

საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს იმართება უმნიშვნელოვანესი პროცესი. რა თქმა უნდა, ეს პროცესი არის სამართლებრივი, ამასთანავე, დღეს საკონსტიტუციო მართლმსაჯულება დგას ისტორიული გადაწყვეტილების მიღების წინაშე – სამართლებრივად უნდა შეფასდეს საქართველოს თანამედროვე ისტორიის ბოლო 22 წლის მოვლენები, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე.

მისი შეფასებით, წარმოდგენილი პოლიტიკური ჯგუფები მუდმივად სჩადიან ექსტრემისტულ და ძალადობრივ ქმედებებს, უარყოფენ კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას და საფრთხეს უქმნიან სახელმწიფოს ფუძემდებლურ პრინციპებს.

გორდულაძე აღნიშნავს, რომ „თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის“ კონცეფციიდან გამომდინარე, სახელმწიფოს აქვს უფლება და ვალდებულება, კანონით გათვალისწინებული მექანიზმებით აკრძალოს ისეთი პარტიები, რომლებიც კონსტიტუციური წყობილების დამხობასა და ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისკენ არიან მიმართულნი.

„საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს იმართება უმნიშვნელოვანესი პროცესი. რა თქმა უნდა, ეს პროცესი არის სამართლებრივი, ამასთანავე, დღეს საკონსტიტუციო მართლმსაჯულება დგას ისტორიული გადაწყვეტილების მიღების წინაშე – სამართლებრივად უნდა შეფასდეს საქართველოს თანამედროვე ისტორიის ბოლო 22 წლის მოვლენები.

დღეს ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ქვეყანა დავტოვოთ საფრთხის წინაშე და სამართლებრივად არ შევაფასოთ 2004-2012 წლების რეჟიმის შემოქმედი ნაციონალური მოძრაობის და 2012 წლიდან დღემდე ნაციონალური მოძრაობისა და მისი განშტოებების (გვარამია-მელიას ახალი; ბოკერიას ფედერალისტების; ხაზარაძე-ჯაფარიძის ლელოს; გახარიას პარტიის) საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლის, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფის, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ მიმართული ქმედებები.

ამ მიზნის მისაღწევად კონკრეტული მექანიზმი გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციაში, კერძოდ: საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლი ითვალისწინებს ისეთი პოლიტიკური პარტიის აკრძალვას, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა.

საქართველოს კონსტიტუციური წყობილების საფუძველს ქმნის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი და დემოკრატიის პრინციპი, რომელთა სისტემური დარღვევა მის ხელყოფად უნდა იქნეს განხილული.
სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი განმტკიცებულია კონსტიტუციის მე-4 მუხლში, რომელიც, მათ შორის, იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილების დამკვიდრება, ამასთანავე, საქართველო დემოკრატიული რესპუბლიკაა, ხოლო სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. პოლიტიკური პარტიები კი მონაწილეობენ ხალხის პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში. ამრიგად, პოლიტიკური პარტიის საქმიანობა დემოკრატიის პრინციპების დაცვასთან პირდაპირ და მჭიდროდ დაკავშირებულია. აქ წარმოდგენილი არაკონსტიტუციური პარტიები კი მუდმივ რეჟიმში კანონსაწინააღმდეგო, ექსტრემისტული და ძალადობრივი ქმედებებს სჩადიან და ამის გასამართლებლად უსაფუძვლოდ უარყოფენ და არ აღიარებენ კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას და სხვასაც მოუწოდებენ არ დაემორჩილონ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს, მთავრობის აქტებს, სასამართლოს გადაწყვეტილებებს.

პოლიტიკური პარტიის საქმიანობა უშუალოდ და მჭიდროდ დაკავშირებულია თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციასთანაც, რომლიდან გამომდინარეც, დაუშვებელია პოლიტიკური პარტიის ისეთი საქმიანობა, რომელიც უგულებელყოფს დემოკრატიული სახელმწიფოს იდეას ან საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს რომელიმე ფუძემდებლურ პრინციპს. ამ მხრივ კი საყურადღებოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შემდეგი განმარტება: „[…] დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპი მოიცავს შეზღუდვას, რომ დემოკრატიული მეთოდების მეშვეობით არ მოხდეს თავად დემოკრატიული სახელმწიფოს იდეის უგულებელყოფა. აქედან გამომდინარე, კანონმდებლობა უნდა ითვალისწინებდეს დაცვის მექანიზმებს დემოკრატიული სახელმწიფოს ფუძემდებლური პრინციპებისთვის ფორმალურად დემოკრატიული პროცესების გამოყენებით საფრთხის შექმნისაგან – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის N2/5/560 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ მუმლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-57.“- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: პოლიტიკური პარტიების აკრძალვის პრეცედენტები გვხვდება ევროპის არაერთ სახელმწიფოში, მაგალითად,...

პოლიტიკური პარტიების აკრძალვის პრეცედენტები გვხვდება ევროპის არაერთ სახელმწიფოში, მაგალითად, ესპანეთში, გერმანიაში, პოლონეთში, უკრაინასა და მოლდოვაში. 2022 წლის შემდეგ უკრაინაში ჯამში აიკრძალა 18 პოლიტიკური პარტია,...