თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის 150 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი.
„გილოცავთ ჩვენი სათაყვანებელი მამულიშვილის, დიდი ივანე ჯავახიშვილის დღეს. ეს გასაოცარი დღეა, ზეიმია თითოეული ქართველისთვის. ივანე ჯავახიშვილმა ილია ჭავჭავაძის სულიერი მემკვიდრეობა გადაიბარა. ილიამ შექმნა საქართველო, ხოლო ამ ახალ საქართველოს ივანე ჯავახიშვილმა მეცნიერული სული, სუნთქვა შთაბერა. გავიხსენოთ მისი სიტყვები – „საჭიროა, ხალხმა იცოდეს ჭეშმარიტი ისტორია და არა გაზვიადებული ყალბი ამბები“. ეს მიანიშნებდა, რომ ის საქართველოს ისტორიის ახალი მესაძირკვლე ხდებოდა და მართლაც, ის ჩვენი ისტორიოგრაფიის პატრიარქი გახდა. ივანე ჯავახიშვილი ჭეშმარიტად მარტვილი იყო. მან მოწამეობრივი გზა გაიარა, წარმოუდგენლად დიდი წნეხის მიუხედავად, თავისი წილი ჯვარი ღირსეულად ზიდა და ბოლომდე მიიყვანა თავისი საქმე“, – განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ.
გიორგი სოსიაშვილმა ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სახელით, ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წლის იუბილე მიულოცა და წარმატებები უსურვა.
დიდი ქართველი ისტორიკოსისა და საზოგადო მოღვაწის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებლის ივანე ჯავახიშვილის 150 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებაზე სიტყვით უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები წარსდგნენ.









