„ჩინეთის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც მხარდაჭერილია საერთაშორისო ფინანსური კონსულტანტებისა და საინვესტიციო სტრუქტურების მიერ, თანდათან ზრდის ტრანზიტული სახელმწიფოების მნიშვნელობას,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
მისი თქმით, საქართველო ობიექტურად იძენს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჰაბის როლს ევრაზიულ ვაჭრობაში, რომლის სტაბილურობასა და საიმედოობაზე დამოკიდებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის სავაჭრო მარშრუტების ეფექტიანობა.
ქართველიშვილი პროგნოზირებს, რომ უახლოეს წლებში საქართველოს ინფრასტრუქტურისა და ლოგისტიკური შესაძლებლობებისადმი საერთაშორისო ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება.
„ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ ბუნდოვანი იყო რუსეთ-უკრაინის ომის თუ ახლო აღმოსავლეთის კრიზისის პერსპექტივები, მაგრამ მსოფლიო ეკონომიკის დღის წესრიგის განმსაზღვრელი „მონსტრები“ ემზადებოდნენ იმისათვის, რასაც დღეს საქართველოს უნიკალური და უალტერნატივო ადგილი ჰქვია „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ დამაკავშირებელ გეოეკონომიკურ ღერძზე. ჯერ კიდევ 2021 წელს, საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის Rothschild & Co თანამშრომლობა თავისი რეალიზაციის პრაქტიკულ ჭრილში შევიდა. მათი თანამშრომლობის ისტორია საზოგადოებრივ სივრცეში ხშირად ზედმეტი კონსპიროლოგიური ინტერპრეტაციებით არის წარმოდგენილი − თითქოს საუბარი ყოფილიყო „ფინანსური იმპერიის“ პირდაპირ შემოსვლაზე ქვეყნის ეკონომიკაში.
სინამდვილეში ყველაფერი გაცილებით პრაგმატულად და პროფესიულად გამოიყურებოდა: მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი საინვესტიციო-საკონსულტაციო ფინანსური სახლი საქართველოში იმისთვის შემოვიდა, რომ შეემუშავებინა სტრატეგია ქვეყნის რეგიონულ ფინანსურ-საინვესტიციო ჰაბად ჩამოყალიბებისთვის. მსგავსი ფორმატის თანამშრომლობა საერთაშორისო პრაქტიკაში სრულიად ჩვეულებრივია, როდესაც სახელმწიფოები მსხვილი ეკონომიკური ტრანსფორმაციების არქიტექტურის შესაქმნელად წამყვან ფინანსურ სახლებს იწვევენ.
Rothschild & Co-ს მიერ მომზადებული სტრატეგიული დოკუმენტი უკვე დიდი ხანია − 2022 წლიდან, გადაცემულია საქართველოს მთავრობას და გახდა ქვეყნის შიდა ეკონომიკური დღის წესრიგის ნაწილი. მსგავსი სტრატეგიები იშვიათად მუშავდება ხმაურიანი საჯარო განცხადებების თანხლებით: ისინი ეტაპობრივად ინერგება საკანონმდებლო ცვლილებების, ფინანსური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და სატრანზიტო პროექტების განვითარების გზით. ამიტომაც ფაქტი, რომ მედიაში Rothschild-ის სახელი ხშირად აღარ ფიგურირებს, სულაც არ ნიშნავს, რომ სამუშაო შეჩერდა − ამ კორპორაციის დონეზე, ის უბრალოდ დასრულებულია.
მას შემდეგ, რაც Rothschild & Co-მ დაჩქარებული წესით დაასრულა თავის სტრატეგიაზე მუშაობა, „შემთხვევითი დამთხვევით“ ჯერ ჩვენს ჩრდილოეთით დაიკეტა ყველა სატრანზიტო არტერია, ხოლო ახლო აღმოსავლეთის კრიზისის ფონზე − მსგავსი ბედი ეწვია სამხრეთის მიმართულებასაც. ამ ყველაფერმა „მოულოდნელად“ არათუ გააძლიერა საქართველოს როლი, როგორც სატრანზიტო კვანძისა ევროპასა და აზიას შორის − არამედ ამ ეტაპზე უალტერნატივო და უკონკურენტო გახადა. სატრანსპორტო დერეფნების განვითარება, საერთაშორისო კაპიტალის ინტერესის ზრდა რეგიონში და ფინანსური ჰაბის ფორმატის აქტიური განხილვა − ყველაფერი ეს სრულად თავსდება იმ გრძელვადიანი სტრატეგიული დაგეგმვის ლოგიკაში, რომელსაც ჩვეულებრივ სწორედ ასეთი ფინანსური კონსულტანტები ამზადებენ.
მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ მსგავს პროექტებში Rothschild & Co-ს როლი არის ფინანსური გადაწყვეტილებების არქიტექტორისა და სახელმწიფოსა და გლობალურ საინვესტიციო ნაკადებს შორის სტრატეგიული შუამავლის როლი. ისინი ეხმარებიან ქვეყნების მთავრობებს ეკონომიკური მოდელების ჩამოყალიბებაში, მსხვილი პროექტების სტრუქტურირებაში და საერთაშორისო ინვესტორების ნდობის შექმნაში. შედეგად ქვეყანა იღებს არა იმდენად პირდაპირ ინვესტიციას თავად ფინანსური სახლისგან, არამედ წვდომას გლობალური კაპიტალის ფართო ქსელთან.
თუ ეს სტრატეგია მართლაც ეტაპობრივად ხორციელდება, მისი შედეგები გამოჩნდება არა ხმაურიან სათაურებში, არამედ სისტემურ ცვლილებებში: ფინანსური ინფრასტრუქტურის გაფართოებაში, საინვესტიციო პროექტების ზრდაში და საქართველოს პოზიციის განმტკიცებაში როგორც ეკონომიკური ნაკადების გადაკვეთაზე აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ასეთ შემთხვევაში Rothschild & Co-თან თანამშრომლობა შეიძლება შეფასდეს როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი გრძელვადიანი სტრატეგიისა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს თანამედროვე რეგიონულ ეკონომიკურ და ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბებას.
პარალელურად, ჩინეთის გლობალური ინფრასტრუქტურული სტრატეგიის Belt and Road Initiative და საერთაშორისო ფინანსური სტრუქტურების თანამშრომლობა ქმნის ევრაზიის ახალ გეოეკონომიკურ არქიტექტურას. ჩინეთი ფლობს საკმარის კაპიტალს და ინდუსტრიულ რესურსს ტრანსკონტინენტური ინფრასტრუქტურის ასაშენებლად, თუმცა ასეთი პროექტების გლობალურ ბაზრებზე გასაყვანად საჭიროა რთული ფინანსური ინჟინერია − ინვესტიციების სტრუქტურირება, დასავლური კაპიტალის მოზიდვა და საერთაშორისო იურიდიული უზრუნველყოფა.
სწორედ აქ ჩნდება გლობალური ფინანსური კონსულტანტების როლი, მათ შორის Rothschild & Co, რომლებიც ტრადიციულად მოქმედებენ როგორც შუამავლები მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და მსოფლიო კაპიტალის ბაზრებს შორის − და ამ კომბინაციაში, ვიდრე საქართველოში შემოვიდოდა, „შუა დერეფნის“ სტრატეგიული კონცეფციის შემუშავებაში ისევ და ისევ Rothschild & Co-მ მიიღო მონაწილეობა. და დღეს სწორედ „შუა დერეფანი“ (Middle Corridor) შედის თავისი განხორციელების პრაქტიკულ და აქტიურ ფაზაში − როგორც ამ ეტაპზე უალტერნატივო სახმელეთო მარშრუტი ჩინეთსა და ევროპას შორის, რომელიც სწორედ რომ საქართველოზე გადის.
შედეგად ყალიბდება ახალი გეოეკონომიკური რეალობა: ჩინეთის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც მხარდაჭერილია საერთაშორისო ფინანსური კონსულტანტებისა და საინვესტიციო სტრუქტურების მიერ, თანდათან ზრდის ტრანზიტული სახელმწიფოების მნიშვნელობას. ამ კონფიგურაციაში საქართველო ობიექტურად იძენს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჰაბის როლს ევრაზიულ ვაჭრობაში, რომლის სტაბილურობასა და საიმედოობაზე დამოკიდებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის სავაჭრო მარშრუტების ეფექტიანობა. ამიტომაც, უახლოეს წლებში საქართველოს ინფრასტრუქტურისა და ლოგისტიკური შესაძლებლობებისადმი საერთაშორისო ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება,“ – წერს ქართველიშვილი.









