19 აპრილი, კვირა, 2026
19 აპრილი, კვირა, 2026

თამარ ჩიბურდანიძე: Trump Tower-ის შემოსვლა საქართველოში არა მხოლოდ ბიზნესის, არამედ, პოლიტიკური განაცხადიცაა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალური ქსელით ეხმიანება ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც „ტრამპის ორგანიზაცია“ და მისი პარტნიორები თბილისში Trump Tower Tbilisi-ს მშენებლობას გეგმავენ.

მისი თქმით, საქართველომ შეძლო და გაუძლო ურთულეს პროცესებს და დღეს რეგიონში სტაბილური სახელმწიფოს სტატუსი აქვს.

ჩიბურდანიძის განცხადებით, Trump Tower-ის შემოსვლა საქართველოში ერთგვარი პოლიტიკური განაცხადია.

„როდესაც ქვეყანაში ასეთი მსხვილი კომპანია შემოდის, ეს მიუთითებს სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე და ეკონომიკურ მდგრადობაზე. ხოლო, როდესაც ქვეყანაში აშშ-ს პრეზიდენტის პირადი კომპანია შემოდის მისივე ვაჟის ხელმძღვანელობით, ეს უკვე პოზიტიური პოლიტიკური ურთიერთობების ნიშანია და ქვეყნებს შორის ახალი სტრატეგიული ურთიერთობების დაწყებაზე მეტყველებს.

Trump Tower-ის შემოსვლა საქართველოში არა მხოლოდ ბიზნესის, არამედ, პოლიტიკური განაცხადიცაა. შეუძლებელია ამერიკის პრეზიდენტი იმ ქვეყანაში შევიდეს პირადი ბიზნესით, რომელთანაც ურთიერთობები უკვე დალაგებული არა აქვს. დიდი ბიზნესმენები პირველ რიგში სწორედ პოლიტიკურ ნიადაგს ამზადებენ და რისკების შეფასების შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებებს.

საქართველომ გაუძლო ორ უმძიმეს ტურბულენტურ პროცესს – უკრაინისა და ირანის ომებს. გაუძლო ზეწოლას, არ აჰყვა პროვოკაციებს და მოიპოვა რეგიონში სტაბილური სახელმწიფოს სტატუსი. ასევე, სწორედ ამ ეკონომიკურად კრიზისულ პერიოდში, შეძლო ქვეყნის ეკონომიკური ზრდა და დაიწყო საერთაშორისო დონის უმსხვილესი პროექტები, რომლებმაც კიდევ უფრო აწია საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური წონადობა ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში.

საქართველოსადმი ასეთი ინტერესი, რეგიონში ჩვენი ქვეყნის უპირობო დომინანტობის აღიარებაა. მიუხედავად ბევრი მცდელობისა, ჩვენ ვერც მეზობელ სახელმწიფოებს წაგვკიდეს და ვერც სტრატეგიული პარტნიორები დაგვაკარგვინეს.

ახლა ევროპის დროა, რომელიც ჯერ კიდევ ჯიუტობს პოლიტიკურად, მაგრამ ჩვენ არსად გვეჩქარება. დრო მხოლოდ ბრიუსელზე მუშაობს ნეგატიურად. საქართველო კი ყოველდღიურად წინ მიიწევს და არავინ ვიცით, ხვალ რა საუკეთესო სიურპრიზებს გვიმზადებს,“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები