„თუ ვინმე არის რუსეთის სინოდში კეთილგანწყობილი საქართველოს ეკლესიის მიმართ – ეს არის მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი,“ – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და პატრიარქის დაკრძალვაზე მისი ვიზიტის მნიშვნელობს უსვამს ხაზს.
როგორც დავით ქრთველიშვილი წერს, ილარიონ ალფეევის გამოჩენა თბილისში, შეიძლება პოლიტიკურ სიმბოლოდ იქცეს, თუმცა, აქვე აღნიშნავს, რომ თბილისში მისი ჩამოსვლა არ ნიშნავს გავლენის ცენტრში დაბრუნებას.
„ალბათ შეამჩნევდით სიონის საპატრიარქო ტაძარში მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევს, რომლის ჩამოსვლას პრინციპში ველოდებოდი. ბავშვობაში დედასთან ერთად, რაღაც პერიოდი საქართველოში ცხოვრობდა და ის დროს საპატრიარქო ღვთისმსახურებებში უწმინდესის იპოდიაკვნად ღებულობდა მონაწილეობას. ჩვენი პატრიარქი მართლა უყვარდა, ამ სიყვარულმა გარკვეულ დონეზე ქართული ენაც კი შეასწავლა. მოკლედ, მისი დანახვა რუსეთის ეკლესიის დელეგაციაში სასიამოვნო სიურპრიზი იყო. თავის დროზე, მეუფე ილარიონი, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტის ტიტულით, პატრიარქ კირილეს „მარჯვენა ხელად”, საგარეო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელად და მომავალ პატრიარქადაც კი მოიაზრებოდა. ამ პოზიციაზე ყოფნის დროს, არაერთხელ ჩამოსულა თბილისში მის უწმინდესობასთან და ერთ-ერთი ეპიზოდი ამ უკანასკნელი ჩამოსვლიდან (2019 წ.), როდესაც მისი ჩარევით უწმინდესმა ცხინვალის ციხიდან ქართველი იღუმენი გაათავისუფლა – მე ამ დღეებში მოგახსენეთ.
ამის შემდეგ მეუფე ილარიონსა და პატრიარქ კირილეს შორის „შავმა კატამ” ჩაირბინა – ის მოაცილეს საგარეო მიმართულებას, ქალაქ მოსკოვს და ბუდაპეშტის საეპისკოპოსო კათედრა ჩააბარეს. რა მოხდა ზუსტად – არ ვიცი, ხოლო ჭორაობით არ შევწუხდები.
და აი, მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევის გამოჩენა თბილისში, ილია II-ის გარდაცვალების ფონზე, ადვილად შეიძლება პოლიტიკურ სიმბოლოდ იქცეს. თუმცა, თუ სპეკულაციებს გვერდზე გადავდებთ, მივიღებთ ბევრად უფრო პრაგმატულ სურათს: საქმე გვაქვს საეკლესიო პროტოკოლთან, პირად ბიოგრაფიასთან და არა მოსკოვის გარე ზეწოლასთან საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე, როგორც ეს ადგილობრივ რუსოფობ პარანოიკებს გაახარებდა. მისი „რიგით წევრად” მონაწილეობა რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა მინსკის მიტროპოლიტი ვენიამინი (ტუპეკო), სწორედ მის ამჟამინდელ სტატუსს უსვამს ხაზს: ოფიციალურად იგი აღარ იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და არ განსაზღვრავს საეკლესიო პოლიტიკის დღის წესრიგს, არამედ მოქმედებს საერთო წარმომადგენლობის ფარგლებში. სხვა სიტყვებით, თბილისში მისი ჩამოსვლა არ ნიშნავს გავლენის ცენტრში დაბრუნებას, თუმცა მისი მონაწილეობა მნიშვნელოვან მოვლენაში, უნებლიედ გვახსენებს მის მთავარ გამოცდილებას, მაღალკვალიფიციური დიპლომატის პოზიციაზე, და არაოფიციალურ მისიებში გამოყენების შესაძლებლობას. სწორედ ამ თვალსაზრისით განვიხილოთ ქართული კონტექსტი, რომელიც აქ პრინციპულად მნიშვნელოვანია.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ისტორიულად გამოირჩევა მდგრადი დამოუკიდებლობითა და ინსტიტუციური თვითმყოფადობით, ხოლო საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო, მოქმედებს შიდა საეკლესიო მემკვიდრეობის ლოგიკით და არა გარე გავლენების ჩარჩოში. ასეთ პირობებში ნებისმიერი მცდელობა, უცხოელი იერარქების ჩამოსვლა (გინდ მოსკოვის, გინდ კონსტანტინოპოლის) ზეწოლის ფაქტორად იქნას აღქმული, უფრო პოლიტიკური რიტორიკაა, ვიდრე რეალობა. ასე რომ, თუ ცივად და ემოციების გარეშე შევხედავთ, მიტროპოლიტ ილარიონის ვიზიტი წარმოადგენს პირადი და ინსტიტუციური ფაქტორების თანხვედრას: ადამიანი, რომელსაც აქვს ბიოგრაფიული კავშირი საქართველოსთან, ესწრება იმ პატრიარქის პანაშვიდს, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში იცნობდა და ემსახურებოდა, იმ ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში, სადაც მისი როლი მკაცრად განსაზღვრულია. ამავდროულად, ის რჩება ყველაზე ახლოს მყოფ პოზიციებზე ქართულ ეკლესიასთან და უდაოდ წარმოადგენს ყველაზე გამოცდილ დიპლომატს – დანარჩენი უკვე ინტერპრეტაციებია, რომლებიც ხშირად უფრო პოლიტიკურ, ვიდრე საეკლესიო ლოგიკას ეფუძნება. არაა გამორიცხული, რომ თბილისური ვოიაჟი მეუფე ილარიონმა გამოიყენოს “ტუზ კოზირად” პატრიარქ კირილესთან თავისი პოზიციების აღსადგენად, თუ დაარწმუნებს მას სამომავლოდ თავის წარმატებულ „მედიატორულ” ფუნქციაში მოსკოვსა და თბილისს შორის, თუკი ამის საჭიროება დადგება მოკლევადიან პერსპექტივაში, როგორც საეკლესიო, ასევე საერო პოლიტიკის თვალსაზრისით. ასეა თუ ისე, მოსკოვის საპატრიარქო დღესდღეობით რჩება რუსეთის უკანასკნელ „ინსტიტუციად”, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას (ცალკეული გადახრების მიუხედავად) ცნობს საეკლესიო დე-იურე დონეზე. ხოლო, თუ ვინმე არის რუსეთის სინოდში კეთილგანწყობილი საქართველოს ეკლესიის მიმართ – ეს არის მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი,“ – წერს დავით ქართველიშვილი.









