14 თებერვალი, შაბათი, 2026
14 თებერვალი, შაბათი, 2026

“იცვლება დაფინანსების მოდელი. უნივერსიტეტი აღარ იქნება დამოკიდებული მხოლოდ სტუდენტთა რაოდენობაზე, დაფინანსება განისაზღვრება უნივერსიტეტის რეალური საჭიროებებისა მიხედვით”- ინტერვიუ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ თეა ჯუღელთან

– ქალბატონო თეა, მაინტერესებს თქვენი შეფასება „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ მოდელთან დაკავშირებით. რამდენად მართებულად მიგაჩნიათ მისი გავრცელება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტზე, რომელიც დევნილია და დროებით არის თბილისში – მით უმეტეს, როცა 2025 წლის დეკემბერში განათლების მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ განაცხადა, რომ სოხუმის უნივერსიტეტის „დიდი პოლიტიკური მნიშვნელობიდან“ გამომდინარე, მას ცალკე რეგიონულ დონეზე განიხილავდნენ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად….

– მოდით, დავაზუსტოთ – ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ანალოგია არასდროს ყოფილა მართებული, რადგან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი სრულიად განსხვავებულ მოცემულობაშია. რაც შეეხება რეფორმას, გარკვეულ ნაწილში შეგვეხო, მაგრამ ნაწილში არ შეგვეხო. ჩვენ შევინარჩუნეთ საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად გადანაწილდა. ნებისმიერი ცვლილება, მით უმეტეს რეფორმა, მტკივნეული პროცესია. მსგავსი გამოცდილება ევროპულ ქვეყნებსაც აქვთ, მაგალითად, საფრანგეთს, სადაც უნივერსიტეტების გამსხვილებამ საბოლოოდ დაწესებულებების გაძლიერება გამოიწვია. ბუნებრივია, ჩვენს კოლექტივში არსებობს გარკვეული წუხილი, რაც განპირობებულია ჩვენი უნივერსიტეტის განსაკუთრებული სტატუსით – ეს არის პირველი დევნილი უნივერსიტეტი მსოფლიოში, თუმცა ჩვენ შევქმენით და განვაახლეთ პროგრამები, რათა შეგვენარჩუნებინა მიღების მაღალი მაჩვენებელი. ამ ეტაპზე საკმაოდ სოლიდური კვოტა გვაქვს.

– გულისხმობთ 380 ადგილს/კვოტას 2026-2027 სასწავლო წლისთვის, მაშინ როდესაც 2025-2026 სასწავლო წლისთვის მისაღები სტუდენტების რიცხვი 1027 იყო. თითქმის სამჯერადი შემცირებაზე რას ფიქრობთ?

– სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს გაცილებით რთული პერიოდებიც გამოუვლია. ხაზგასასმელია, რომ ამჟამინდელ განკარგულებაში მხოლოდ არსებული პროგრამებია ასახული. ჩვენ უკვე შევთანხმდით ახალ პროგრამებზე, მათ შორის აფხაზეთის საკითხებთან დაკავშირებულ მიმართულებებზე, რომლებსაც სააკრედიტაციოდ უახლოეს პერიოდში წარვადგენთ. ჩვენ ვართ თანამშრომლობის რეჟიმში სახელმწიფოსთან და ვცდილობთ, უნივერსიტეტი უფრო გაძლიერდეს და რეფორმის შემდეგ უკეთესი გახდეს. ახლა წუხილები რომ არის და რომ იქნებოდა, ახალი ამბავი არაა – სიკეთისკენაც როცა ვიცვლებით, იქაც არის პრობლემები.

– კიდევ ერთხელ გკითხავთ – რამდენად სამართლიანია „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ მოდელის სოხუმის უნივერსიტეტზე გავრცელება, როცა სოხუმის უნივერსიტეტის დროებითი ადგილსამყოფელია თბილისი?

– გასაგებია, მაგრამ 32 წელია ეს უნივერსიტეტი არის თბილისში. სხვა მხრიდან თუ შევხედავთ ამას, ეს უნივერსიტეტი თავის დროზე სხვა ფუნქციებით იყო და თანდათან, უფრო და უფრო შეიცვალა. აქ აქცენტი უფრო პროგრამებზეა, ვიდრე – ფაკულტეტების რაოდენობაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გვქონდეს პროგრამები და გვყავდეს სტუდენტების რაოდენობა და ფაკულტეტი ხუთი იქნება, ერთი თუ სამი – ეს უნივერსიტეტს ამ შემთხვევაში არ აღელვებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენი აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი იყოს დატვირთული. განსაკუთრებული აქცენტი ამ შემთხვევაში კეთდება აფხაზეთის კადრებზე და იმ ადამიანებზე, რომელიც სოხუმიდან წამოვიდა.

– ქალბატონო თეა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ხომ პოლიტიკური დატვირთვაც აქვს…

– პოლიტიკური დატვირთვა რომ აქვს, იმიტომ გვაქვს სხვა უნივერსიტეტებზე მეტი ადგილი; რომ დაითვალოთ, ზოგჯერ ჩვენზე დიდ უნივერსიტეტს გავასწარით ადგილების რაოდენობით…

– ანუ ვიღაცა რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და თქვენ ნაკლებად უარესში, ამით იმშვიდებთ თავს?

– არა. სახელმწიფომ ჩვენ მოგვცა ძალიან დიდი ნაწილი და ეს აგრარული მიმართულება, რომელიც რატომღაც სახუმაროდ გამოიყენა ზოგიერთმა, არის მთელ მსოფლიოში. ეს არის ძალიან ძლიერი და სერიოზული მიმართულება და მაშინ, როცა კახა ბენდუქიძემ ეს უნივერსიტეტი სახელმწიფოსგან წაიღო, აღარ დარჩა საქართველოში არაფერი თბილისის მასშტაბით ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო.

– აგრარული უნივერსიტეტი სოხუმის უნივერსიტეტში ხომ საერთოდ არ იყო?

– დიახ, აგრარული არ არსებობდა სოხუმში; სოხუმში არსებობდა სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი. ახლა ჩვენ, რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ, თქვენც გექნებათ კრიტიკული აზრები, მეც შემიძლია გიპასუხოთ… ჩვენ ახლაც ვსხედვართ უნივერსიტეტში, ახლაც ვმუშაობთ, ახლაც ვფიქრობთ და, მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვარ აფხაზეთიდან, ეს უნივერსიტეტი ჩემი პასუხისმგებლობის ქვეშ არის და ვცდილობთ, ყველა ადამიანზე ვიზრუნოთ. ჩემი პასუხისმგებლობაა სტუდენტებისთვის საუკეთესო გარემოს შექმნა. ვეცდებით, სახელმწიფოსთან კომუნიკაციით მივიდეთ იმ შედეგამდე, რომელიც იქნება საერთო რეფორმის შედეგისთვის სწორი და კარგი – ჩვენი თანამშრომლები იქნებიან დასაქმებულები და დატვირთვის პრობლემა არ ექნებათ.

– დაახლოებით, რამდენი პროფესორ-მასწავლებელი და სხვა პერსონალი მუშაობს დღეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში?

– დღეისათვის, უნივერსიტეტში 187 აკადემიური და 150-მდე ადმინისტრაციული პერსონალია.

– სამომავლოდ, შემცირებული კვოტების პირობებში, როგორ შეძლებთ ამ კადრების შენარჩუნებას?

– ჩვენ ყველაფერი დაანგარიშებული გვაქვს, ამიტომაც გვინდოდა განათლების მიმართულებები…

– როგორ? – ბიზნესის ფაკულტეტი, სამართლის ფაკულტეტი, ტექნოლოგიების ფაკულტეტები რომ გაგიუქმდებათ, შესაბამისი პროფესორ-მასწავლებლებიც ხომ აღარ დაგჭირდებათ?

– არ უქმდება, მილევად რეჟიმში გადადის… პირველკურსელი არ გვეყოლება.

– გასაგებია, მაგრამ მილევად რეჟიმსაც აქვს დასასრული – 3-4 წელიწადში დაასრულებენ სწავლაზე ამ ფაკულტეტებზე სტუდენტები…

– მთავრობის განკარგულება [კვოტებზე] დღეს ვნახეთ და კითხვები ახლა წამოვიდა, თორემ ჩვენ ნოემბრიდან ვმუშაობთ. მე არ ვეხები სხვას და არ ვიცი სხვაგან რა ხდება, მაგრამ ფაქტობრივად, ყველა დღე ვმუშაობთ, რომ აქ რაღაცა ისეთი შევქმნათ…

– და მაინც, მილევადი რეჟიმი რომ დასრულდება, ვინც დღეს სოხუმის უნივერსიტეტში ეკონომიკას ასწავლის, სამართალს ასწავლის, ტექნოლოგიებს ასწავლის – იმ პროფესორებს არ აქვთ კითხვები? არ აინტერესებთ, რა ელით?

24 წელია პროგრამებს ვაკეთებთ. აქ არიან ადამიანები, რომლებიც ნახევარი საუკუნეა პროგრამებს აკეთებენ… მაგალითად, საინფორმაციო ტექნოლოგიები თუ არ გვექნება, აგროდრონების პროგრამა გვექნება. შეიძლება, მე აღარ წავიკითხო სამოქალაქო სამართალი, მაგრამ წავიკითხავ განათლების სამართალს, პირობითად ვამბობ…

– ანუ პროგრამებს მოერგებიან პროფესორ-მასწავლებლები?

რა თქმა უნდა, ჩვენ ამისი პროფილი გვაქვს და არ არის საერთოდ პრობლემა, იქ უცხო ენა არის თუ მათემატიკა, ჩვენ ყველაზე ძლიერი და ყველაზე მეტი რაოდენობა ზუსტად საბუნებისმეტყველო მიმართულებით გვყავს…

– ანუ არ ელოდებით პროფესორ-მასწავლებლების შემცირებას, მიუხედავად იმისა, რომ 380 გრჩებათ კვოტა?

– არა. თან მნიშვნელოვანია, რომ განსხვავებული იქნება უნივერსიტეტის დაფინანსების წესი.

– ფინანსური რისკების წინაშე არ აყენებს განათლების რეფორმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს? – ფაქტია, 1027 იყო კვოტა და 380-მდე გიმცირდებათ, ეს ხომ შემოსავალზეც აისახება?

– არა, რადგან როგორც უკვე აღვნიშნე, იცვლება დაფინანსების მოდელი. უნივერსიტეტი აღარ იქნება დამოკიდებული მხოლოდ სტუდენტთა რაოდენობაზე (ე.წ. ვაუჩერულ დაფინანსება – სტუდენტზე გრანტის ოდენობა 2250 ლარი). დაფინანსება განისაზღვრება უნივერსიტეტის რეალური საჭიროებებისა და ბიუჯეტის მიხედვით, როგორც ეს სხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებშია. ეს საშუალებას მოგვცემს, შევინარჩუნოთ კვლევითი ცენტრები, მაგალითად, აფხაზეთმცოდნეობის მიმართულება, რომელიც სტუდენტთა რაოდენობაზე არ უნდა იყოს მიბმული.

– მოკლედ, სტუდენტთა კვოტა თითქმის სამჯერ შეგიმცირდათ, მაგრამ ფინანსურ რისკებს არ ელოდებით, რადგან უნივერსიტეტების დაფინანსების მოდელი იცვლება?

– ჩვენ არაფრის არ გვეშინია. ჭუბერი გამოიარა ამ ხალხმა…

– ჩემი ინფორმაციით, გასული წლის დეკემბერში, განათლების მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, სხვადასხვა უნივერსიტეტებში რეფორმის პრეზენტაციას მართავდა, ის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსაც ეწვია…

– სინამდვილეში, ჩვენ ვიყავით ერთადერთი უნივერსიტეტი, სადაც მინისტრის მოადგილე და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე პირადად მოვიდნენ. ეს ჩვენი კოლექტივის თხოვნა იყო და სახელმწიფომ ეს პატივისცემა გამოიჩინა.

– რამდენადაც ვიცი, სწორედ ამ შეხვედრაზეც ბატონმა ზვიადმა აღნიშნა, რომ სოხუმის უნივერსიტეტი განიხილებოდა ცალკე ერთეულად და მასზე არ გავრცელდებოდა „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ მოდელი. არგუმენტი იყო ის, რომ უნივერსიტეტის ნამდვილი მისამართი სოხუმია და თბილისში მხოლოდ დროებით იმყოფება. ადასტურებთ ამას?

– ვფიქრობ, მისი გამოსვლა თქვენამდე მცირე ინტერპრეტაციით მოვიდა. მას ასე კატეგორიულად არ უთქვამს. პირიქით, რეფორმა ზუსტად ისე ხორციელდება, როგორც დაიგეგმა, თუმცა ჩვენ მიმართ ნამდვილად არსებობს განსხვავებული მიდგომა. თუ შეადარებთ ჩვენს კვოტებსა და მიღების პროპორციას სხვა დიდ უნივერსიტეტებთან, ნახავთ, რომ ჩვენი მაჩვენებლები სოლიდურია. საკითხს მხოლოდ ერთი კუთხით ვერ შევხედავთ.

– თუმცა არსებობს მისი განცხადება, რომელიც პარლამენტში გააკეთა – ის პირდაპირ ამბობდა, რომ რეგიონულ ჭრილში ბათუმისა და სოხუმის უნივერსიტეტები ცალკე, განსაკუთრებული პოლიტიკური ინტერესის კონტექსტში განიხილებოდა. პროფესორ-მასწავლებელთაგან იმ შეხვედრაზე არავის დაუსვამს კითხვა – შეეხებოდა თუ არა ეს პრინციპი სოხუმს?

– დეტალების დასაზუსტებლად უმჯობესია თავად ბატონ ზვიადს მიმართოთ. რაც შეეხება შეხვედრას, დასმულ ყველა კითხვას გაეცა პასუხი. კონკრეტულად ასეთი ფორმულირებით – შეგვეხებოდა თუ არა „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ მოდელი – კითხვა არ დასმულა; თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ: ეს მოდელი ჩვენ კიდეც შეგვეხო და კიდეც არ შეგვეხო – ანუ განსხვავებული მიდგომაა ჩვენს მიმართ.

– ისევ რიცხვებს დავუბრუნდეთ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კვოტა იყო 1027 და შემცირდა 380-მდე… არაა ეს მკვეთრი შემცირება?

– საიდან გაქვთ ინფორმაცია, რომ 1027 სტუდენტი მივიღეთ?! ეს ციფრი რეალობას არ შეესაბამება.

– 1027 იყო კვოტა, რომელიც უნივერსიტეტს ჰქონდა გამოცხადებული. რეალურად ჩაირიცხა 728 სტუდენტი…

– დიახ, ჩაირიცხა 728, თუმცა კვოტას – 1027 ადგილს – თავად უნივერსიტეტი ვადგენდით ჯამური რაოდენობიდან გამომდინარე. ამაში შედიოდა ისტორია, არქეოლოგია, ქართული ენის მოსამზადებელი პროგრამები და სხვა მიმართულებები, რომლებსაც სახელმწიფო სრულად აფინანსებდა. მიუხედავად ჩარიცხული რაოდენობისა, ბევრი სტუდენტი დღეს აქტიური სტატუსის მქონე არ არის. უნივერსიტეტს ყოველთვის ჰქონდა საბიუჯეტო დეფიციტი და სახელმწიფო მუდმივად გვეხმარება. მაგალითად, ახლახან 120 კომპიუტერი და შესაბამისი ფინანსები გადმოგვეცა. ჩვენი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მხოლოდ უნივერსიტეტის შიდა ბიუჯეტით, სახელმწიფო დონაციების გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა. სწორედ ამიტომ არის მოდელის შეცვლა აუცილებელი – ამიტომ მოდელის შეცვლა არის აუცილებელი და რაც სჭირდება უნივერსიტეტს ანუ რა ხარჯიც აქვს, იმის მიხედვით უნდა მოგვცეს სახელმწიფომ [ბიუჯეტი] და არა იმის მიხედვით, რამდენი სტუდენტი გვყავს, რადგან საჭიროებები სხვადასხვაა.

– 380 კვოტა მხოლოდ ბაკალავრიატის პროგრამებს ეხება თუ ამაში შედის მაგისტრატურა და დოქტორანტუარც?

– ამ ეტაპზე ეს კვოტა მოიცავს იმ პროგრამებს, რომლებიც უკვე აკრედიტებულია, თუმცა პროცესი დინამიკურია. მარტსა და ივლისში კვლავ გაიხსნება ანკეტები. სულ ახლახან მქონდა შეხვედრა აკადემიურ საბჭოსთან და მომავალ კვირას სააკრედიტაციოდ ახალ პროგრამებს წარვადგენთ. ახალი აკრედიტაციების მიღების შემთხვევაში, დადგენილებაში ცვლილებების შეტანა თავისუფლად არის შესაძლებელი და ველოდებით, რომ შესაბამისი კვოტებიც დაგვემატება.

– სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის უვადოდ დანიშნულმა პროფესორმა ზურაბ პაპასკირმა განათლების რეფორმას „სოხუმის უნივერსიტეტის უნივერსიტეტის ლიკვიდაციის დასაწყისი“ უწოდა. მისი თქმით, სოხუმის უნივერსიტეტის განხილვა თბილისის კონტექსტში, პოლიტიკურად სოხუმის თბილისის რაიონად გამოცხადების ტოლფასია. რას უპასუხებდით მას?

– ბატონი ზურაბი ძალიან კარგი ისტორიკოსი და ძალიან ემოციური ადამიანია. მისი კავშირიც უნივერსიტეტთან ძალიან ემოციურია და ყოველთვის პირველი რეაგირებს ამ საკითხებზე, მაგრამ მერე როცა ვსაუბრობთ და ემოციები უფრო უცხრება… არავის არ აქვს მიზნად უნივერსიტეტის გაუქმება. ეს მიზანი რომ ჰქონოდათ, თავისუფლად აისახებოდა მთავრობის გუშინდელ დადგენილებაში, [მთავრობას] შეეძლო, ეს გაეკეთებინა.

წყარო: BM.GE

 

ავტორი:

ბოლო სიახლეები