გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა „იმედის დილაში“ ავტომობილების იმპორტთან დაკავშირებულ ახალ რეგულაციებზე ისაუბრა.
მისი თქმით, შეზღუდვა შეეხება 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილებს და ასევე, იმპორტირებული ავტომობილი უნდა აკმაყოფილებდეს „ევრო 5“ სტანდარტს.
„ჩვენ ვსაუბრობთ მსუბუქი ავტომობილების რეგულირების საკითხზე, რაც გულისხმობს იმას, რომ მთავრობის ინიციატივის ფარგლებში, 1-ლი აპრილიდან, საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც შეიძენენ ავტომობილებს და რომლებსაც სურთ, რომ ქვეყანაში შემოიყვანონ მანქანა პირადი გამოყენების მიზნებისთვის, უნდა დააკმაყოფილონ ორი სტანდარტი – ერთი, ეს არის 6 წელზე მეტი ასაკის არ უნდა იყოს მსუბუქი ავტომობილი და მეორე, უნდა შეესაბამებოდეს „ევრო 5“ სტანდარტს. „ევრო 5“ სტანდარტი გულისხმობს იმას, რომ ავტომობილის გაფრქვევის სტანდარტი უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ ნორმებს, გამონაბოლქვს ვგულისხმობთ. საქართველოში ეს სტანდარტი 2 წელია მოქმედებს“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
მისი თქმით, ახალი რეგულაცია არ ეხება იმ პირებს, რომლებსაც შეძენილი აქვთ უკვე ავტომობილი და ემზადება ტრანზიტისთვის.
„მათ ვისაც შეძენილი აქვთ ავტომობილი და მოასწრებენ ტრანსპორტირების დაწყებას პირველ აპრილამდე, ისინი ჩვეულებრივად შეძლებენ, რომ შემოიყვანონ ავტომობილი და დაარეგისტრირონ“, – განმარტა ნინო თანდილაშვილმა.
ნინო თანდილაშვილის განცხადებით, რეექსპორტზე რეგულაციები არ ვრცელდება.
მისი თქმით, ახალი რეგულაციები არ შეეხება ასევე ავტომობილებს, რომლებიც ქვეყანაში უკვე არის რეგისტრირებული.









