ჩვენ ახალგაზრდებზე, მომავალ თაობაზე უნდა ვიფიქროთ და არა იმაზე, ვინ, რა სკამზე დარჩება დღეს, თუ ხვალ. [კადრების შემცირება] არ არის ჩვენი მიზანი. არათუ ოპტიმიზაციაზე და კადრების შემცირებაზეა საუბარი, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მაქსიმალურად უნდა მოვუფრთხილდეთ იმ მწირ რესურსს, რომელიც არის ჩვენთან უმაღლესი განათლების სისტემაში,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა,ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა განათლების რეფორმასთან დაკავშირებით.
როგორც ირაკლი კობახიძემ განმარტა, ერთადერთი რამ რაც არ ექვემდებარება გადახედვას არის ის, რომ სისტემას სჭირდება ფუნდამენტური ცვლილებები.
„რაც არ ექვემდებარება გადახედვას ეს არის ის, რომ ჩვენ სისტემას სჭირდება ფუნდამენტური რეფორმა. რაც შეეხება რეფორმის დეტალებს, დეტალებთან დაკავშირებით, ბუნებრივია, მზად ვართ სასაუბროდ. ამას ემსახურებოდა გუშინდელი შეხვედრაც, ამასთან დაკავშირებით მომავალშიც მზად ვართ შეხვედრებისთვის. არის ერთადერთი რამ რაც არ გადაიხედება – ამ სისტემას სჭირდება ფუნდამენტური ცვლილებები, ფუნდამენტური რეფორმა იმისთვის, რომ ქართველმა ახალგაზრდებმა მიიღონ სათანადო, ხარისხის განათლება, ცოდნა ჩვენს უმაღლესი განათლების სისტემაში. ამას ვერ გადავხედავთ. ყველაფერი დანარჩენი შეგვიძლია გავხადოთ მსჯელობის საგანი“- განაცხადა კობახიძემ.
მან კითხვის საპასუხოდ ისაუბრა იმაზე, თუ რატომ არ ჰქონდათ მანამდე მოლაპარაკებები, შეხვედრები განათლების რეფორმასთან დაკავშირებით პროფესორებთან.
„ამას აქვს ძალიან მარტივი ახსნა – აქ არის უამრავი უამრავი სუბიექტური ინტერესი, ჩვენ გვაქვს ობიექტური ინტერესი. დღეს, რომ ვერ იღებს სათანადო განათლებას ქართველი ახალგაზრდა უნივერსიტეტებში, გვინდა, რომ ეს შევცვალოთ, ეს არის ობიექტური ინტერესი.
რაც შეეხება უნივერსიტეტებს, მანდ აქვთ ადამიანებს სუბიექტური ინტერესები. მაგალითად, ვიღაცა დღეს არის რექტორი და უნდა დარჩეს რექტორად. ვიღაცა დღეს არის დეკანი და უნდა დარჩეს დეკანად. ვიღაცა ფიქრობს, რომ შეიძლება პროფესორად ვერ დარჩეს თავის უნივერსიტეტში. ჩვენ ყველას ვეუბნებით ერთადერთ რამეს – არა თუ კადრების შემცირებაზეა საუბარი, იმდენად მწირია ადამიანური რესურსი ჩვენს უმაღლესი განათლების სისტემაში, რომ მაქსიმალურად მოვუფრთხილდებით თითოეულ ადამიანს, რომელიც არის პროფესიონალი და მუშაობს დღეს საუნივერსიტეტო სისტემაში. ამიტომ ყველამ უნდა გადადოს გვერდზე სუბიექტური ინტერესები და ყველამ უნდა იმოქმედოს ობიექტური ინტერესების შესაბამისად.
რაც შეეხება თვითონ ჩვენი მოქმედების ქრონოლოგიას, ჩვენ როცა გვაქვს პრინციპული გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, გვირჩევნია, რომ ჯერ გამოვაცხადოთ ეს გადაწყვეტილება და შემდეგ შევიდეთ დისკუსიაში ამ თემასთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს სპეკულაციები, რომლებიც სუბიექტურ ინტერესებს ეფუძნება, იქნება კიდევ უფრო მძაფრად წარმოდგენილი და ამ შემთხვევაში, სუბიექტურმა ინტერესებმა შეიძლება გადაძალოს ობიექტური ინტერესი, რომ გაჯანსაღდეს ჩვენ ქვეყანაში, ერთხელ და სამუდამოდ, უმაღლესი განათლების სისტემა.
ყველა ჯერდებოდა იმ დასკვნასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში უმაღლესი განათლების დონე იყო დაბალი, ჩვენ ვერ ვაწვდიდით ქართველ ახალგაზრდას სათანადო განათლებას და უცბად, როგორც კი დავაანონსეთ ეს რეფორმა აღმოჩნდა, რომ სხვანაირად ყოფილა საქმე. ჩვენი ოპონენტები აცხადებენ, რომ თურმე ყველაფერი კარგადაა უმაღლესი განათლების სისტემაში. იგივე იყო ფასებთან დაკავშირებით, როგორც კი გამოვაცხადეთ ჩვენ, ჩვენი ინიციატივის თაობაზე, გვეზრუნა ფასების შემცირებაზე, გამოვიდა ოპოზიცია და პრაქტიკულად, ამტკიცებენ (მაგალითად, ერთ-ერთი ტელევიზია ყველაზე აქტიურად ამტკიცებს), რომ თურმე არაფერი არ ყოფილა შესაცვლელი და ფასები უნდა შენარჩუნდეს ისე, როგორც არის. იგივე ხდება უმაღლესი განათლებასთან დაკავშირებითაც. როგორც კი ჩვენ დავიწყეთ საუბარი იმაზე, რომ არ ვართ კმაყოფილი უმაღლესი განათლების ხარისხით ჩვენ ქვეყანაში მაშინვე გამოვიდნენ ოპონენტები და დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ თითქოს არაფერია შესაცვლელი ამ ქვეყანაში. ეს არ არის სწორი მიდგომა, ჩვენ ახალგაზრდებზე, მომავალ თაობაზე უნდა ვიფიქროთ და არა იმაზე, ვინ, რა სკამზე დარჩება დღეს, თუ ხვალ. [კადრების შემცირება] არ არის ჩვენი მიზანი. არათუ ოპტიმიზაციაზე და კადრების შემცირებაზეა საუბარი, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მაქსიმალურად უნდა მოვუფრთხილდეთ იმ მწირ რესურსს, რომელიც არის ჩვენთან უმაღლესი განათლების სისტემაში“, – განაცხადა კობახიძემ.









