საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა.
ალი ასადოვი საქართველოს სამუშაო ვიზიტით ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით, ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა გაიმართება.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება.
„კომისიის ფარგლებში განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ინვესტიციების, ვაჭრობისა და სხვა სფეროებში. ჩვენ ასევე გვექნება შესაძლებლობა ვიმსჯელოთ იმ რეგიონული მნიშვნელობის პროექტებზე, სადაც საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობას უდიდესი როლი აქვს, განსაკუთრებით კი შუა დერეფნის კონტექსტში“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში არიან აზერბაიჯანის ეკონომიკის, ენერგეტიკის, ციფრული განვითარებისა და გზების, მეცნიერებისა და განათლების მინისტრები.









