4 თებერვალი, ოთხშაბათი, 2026
4 თებერვალი, ოთხშაბათი, 2026

Bloomberg: გერმანიის კანცლერი აშშ-ზე დამოკიდებულების შესამცირებლად ენერგომომარაგების დივერსიფიკაციას გეგმავს

გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი თხევადი ბუნებრივი აირის ბაზრის დივერსიფიკაციას გეგმავს, რათა გერმანიისა და ევროკავშირის დამოკიდებულება ამერიკულ ენერგიაზე შეამციროს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ევროპა სულ უფრო მეტად განიხილავს ახლო აღმოსავლეთს, როგორც ალტერნატიული ენერგიის მიმწოდებელს. გერმანიის კანცლერი მიმდინარე კვირაში ერ-რიადში გაემგზავრება, სადაც ის აღნიშნული საკითხის განხილვას საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრეს, პრინც მოჰამედ ბინ სალმანთან გეგმავს.

Bloomberg-ის მიერ გამოკითხული ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ექსცენტრული და არაპროგნოზირებადი პოლიტიკის გათვალისწინებით, ევროპას ამერიკული მარაგების ალტერნატივები სჭირდება.

„მაღალი დამოკიდებულება პრობლემაა აშშ-ის მთავრობის ავტორიტარული განვითარებისა და გეოპოლიტიკური შანტაჟის რისკის გათვალისწინებით“, – განაცხადა ენერგეტიკის ექსპერტმა, სიუზან ნისმა. მისი თქმით, გერმანიამ „ასევე უნდა განიხილოს სხვა ვარიანტები, როგორიცაა ნორვეგიიდან მილსადენებით გაზის მიწოდების გაზრდა და კანადიდან ან ავსტრალიიდან თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი“.

Bloomberg-ი ასევე წერს, რომ ტრამპის ბოლოდროინდელი განცხადებების ფონზე გრენლანდიაზე კონტროლის აღების განზრახვისა და განახლებული სავაჭრო ტარიფების მუქარის გათვალისწინებით, გერმანია სულ უფრო მეტად განიხილავს თავის დამოკიდებულებას ამერიკულ ენერგომომარაგებაზე, როგორც ეროვნული უსაფრთხოების პოტენციურ რისკს.

სტატიის ავტორი ასკვნის: „ჩინეთის მსგავსად, ტრამპის ადმინისტრაციამ ეკონომიკური ბერკეტების გამოყენება სტრატეგიულ ინსტრუმენტად აქცია“.

ავტორი:

ბოლო სიახლეები