ფრანგულმა მწარმოებელმა „ლაქტალის ნუტრიშენ სანტე“ (LNS), Picot-ის ბავშვთა კვების რძის პროდუქტების რამდენიმე პარტიაში ტოქსინ Cereulide-ის გამოვლენის შესაძლო რისკის გამო, სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან, კონკრეტული პარტიების ამოღების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო იმის მიუხედავად, რომ არცერთ ქვეყანაში ამ პროდუქტის მიღების შედეგად რაიმე სახის გართულების ფაქტი არ დაფიქსირებულა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, იმ შემთხვევაში, თუ უკვე შეძენილი აქვს პროდუქცია დასახელებული პარტიებიდან, არ გამოიყენოს.
„მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, სურსათის ეროვნულმა სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა იმპორტიორი კომპანია „უნო გრუპი“ შეამოწმეს.
ბიზნესოპერატორი სურსათის გამოთხოვის და მიღებული ზომების შესახებ სააგენტოსთვის სავალდებულო წერილობითი შეტყობინების თავის არიდებისთვის დაჯარიმდა.
ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია კონკრეტული პარტიები, რომლებიც ექვემდებარება ბაზრიდან გამოთხოვას:
Picot 1 400G – 8000003312;
Picot 1 800G -8000003297;
Picot 2 800G -8000003280.
ბაზრიდან გამოთხოვის პროცესს, სააგენტოს ზედამხედველობით, ბიზნესოპერატორი ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, იმ შემთხვევაში, თუ უკვე შეძენილი აქვს პროდუქცია დასახელებული პარტიებიდან, არ გამოიყენოს.
ბაზრიდან გამოთხოვა ხდება მხოლოდ მოცემული პარტიების პროდუქციის. ბაზრიდან გამოთხოვის მოთხოვნა არ ვრცელდება სხვა პარტიებსა და ბავშვთა კვების სხვა პროდუქტებზე, რომლებიც ბაზარზე Picot-ის სახელწოდებით არის წარმოდგენილი“, – აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.









