თქვენი ინტრონიზაციის დღე, 1977 წლის 25 დეკემბერი, ჩვენი ეკლესიისა და ქვეყნისთვის ახალი ეპოქის დასაწყისი გახდა. ეს არის დღე, საიდანაც დასაბამს იღებს ჩვენი ერის სულიერი განახლება და ფერისცვალება საქართველოს უახლესი ისტორიის პერიოდში, – განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის აღსაყდრებიდან ორმოცდამერვე იუბილესთან დაკავშირებით ქადაგებისას.
მიტროპოლიტმა მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს არის დღე, რომელმაც შეცვალა სულიერი ცხოვრება საქართველოში, რომელსაც მოჰყვა დიდი აღმშენებლობა და აღორძინება ეკლესიის, სასულიერო პირთა ხელდასხმა და ეკლესიის გაძლიერება.
ქადაგებისას მეუფე შიომ პატრიარქს სიტყვით მიმართა და მისი ღვაწლის შესახებ ისაუბრა.
„სიტყვა „ილია“ ნიშნავს „ღვთის ძალას“ და აი, მისმა უწმინდესობამ ღვთის მადლითა და წყალობით ეს ძალა შთაბერა თავისი ღვაწლით ჩვენს ეკლესიას; დღეს გვაქვს სურვილი, წმინდა სინოდის სახელით მომზადებული მისალოცი წერილი ამბიონიდან წავიკითხოთ, მივმართოთ მის უწმინდესობას და უნეტარესობას და თქვენთან ერთად მივულოცოთ დიდი სიყვარულით:
თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ!
დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე თქვენი აღსაყდრების ორმოცდამერვე წლისთავს აღნიშნავს.
თქვენი ინტრონიზაციის დღე, 1977 წლის 25 დეკემბერი, ჩვენი ეკლესიისა და ქვეყნისთვის ახალი ეპოქის დასაწყისი გახდა. ეს არის დღე, საიდანაც დასაბამს იღებს ჩვენი ერის სულიერი განახლება და ფერისცვალება საქართველოს უახლესი ისტორიის პერიოდში.
„ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ – ეს არის ის სამი საუნჯე, რომელთაც მთელი თქვენი ცხოვრება თავდაუზოგავად ემსახურებით და ჩვენც, თქვენს სულიერ შვილებს, გვაძლევთ იმის ნათელ მაგალითს, თუ როგორი სიყვარულითა და ერთგულებით უნდა ვემსახუროთ მათ.
„ვიდრე ვიცოცხლებ, ჩემს თვალწინ იქნება ის თვალით უხილავი, მაგრამ რეალური ტახტი, რომელზეც დამსვა უფლის ძლიერმა მარჯვენამ. ჩემს გულზედ წერია ის ვალდებულებანი, რომლებიც მისმა მოწყალებამ დამაკისრა და ბედნიერს მხდის იმაზე ფიქრი, რომ ყოვლად მაღალი მოწყალებით და ქრისტეს მოძღვრების მოყვარული ქართველი ხალხის თანადგომით, ყველაფერს გავაკეთებთ, რაც მაღალი ღმერთის მადლმა და ძალამ დამაკისრა“, – ბრძანეთ თქვენ აღსაყდრების დღეს წარმოთქმულ სიტყვაში; და, მართლაც, დღესაც დიდი თავგანწირვითა და სიყვარულით ასრულებთ უფლის მიერ თქვენზე დაკისრებულ მოვალეობებს; ის მძიმე ჯვარი, რომელიც უფალმა საბჭოთა ათეისტური რეჟიმის პირობებში გიბოძათ, უდრტვინველად იტვირთეთ და მას შემდეგ ერთგულებითა და სიყვარულით მიუძღვებით თქვენს სამწყსოს ჭეშმარიტებისაკენ მიმავალ რთულ გზაზე. ამიტომაც ასე შეგიყვარათ და დაგაფასათ ქართველმა ხალხმა.
ამ საზეიმო დღეს გვსურს, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ის დიდი საქმეები, რომლებიც თქვენი ორმოცდარვაწლიანი მუხლჩაუხრელი შრომის ნაყოფია და საეკლესიო ცხოვრების ყველა სფეროს უკავშირდება:
ეპარქიებისა და მღვდელმთავრების რიცხვის ზრდა, სამღვდელო და სამონაზვნო დასის გამრავლება, ეკლესია-მონასტრების აშენება და განახლება, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი დროიდან არსებული ავტოკეფალიის აღიარებისა და საპატრიარქო ტიტულის მოპოვება, ყოვლადწმინდა სამების დიდებული საპატრიარქო ტაძრის აგება, მრავალი საეკლესიო მოღვაწის წმინდანად შერაცხვა, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გახსნა, სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის საკონსტიტუციო შეთანხმების დადება, საეკლესიო სკოლა-გიმნაზიების ამოქმედება, საპატრიარქოს უნივერსიტეტისა და ტელევიზიის დაარსება, შვიდგზის ლოცვების დაწესება, ქართული საეკლესიო გალობის (და საეკლესიო ხელოვნების სხვა დარგების) აღორძინება, საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის სახელმწიფო დღესასწაულად გამოცხადება, საქართველოში დაბადებულ ყოველ მესამე და მომდევნო ბავშვზე ნათლიობის ტვირთვა, მრავალი საქველმოქმედო, მისიონერული, საგამომცემლო, თუ სამეცნიერო პროექტის განხორციელება, საჯარო სკოლებში ღირებულებითი განათლების დანერგვა და მრავალი სხვა ღვთივსათნო საქმე.
თქვენ, პავლე მოციქულის მიხედვით, მუდამ გვახსენებთ, რომ უფალი განსაცდელს მოგვივლენს ხოლმე ერის სულიერი გამოფხიზლებისა და განწმენდისთვის, ასეთ დროს კი ჩვენი გადარჩენა რწმენის ერთგულებასა და ერთსულოვნებაშია:
„ერთსულოვნება დღეს ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, ეშმაკი ჰყოფს და აპირისპირებს, ღმერთი კი აერთიანებს და არიგებს“, – ბრძანებთ თქვენ და დასძენთ, – „დღეს, როცა საოცარი წინააღმდეგობა და ბრძოლაა ადამიანებს შორის, შევთხოვოთ უფალს, რომ როგორც დავით მეფეს მიმადლა სიმშვიდე, ისე მიანიჭოს საქართველოს!“
და, ჩვენ, თქვენს სულიერ შვილებს, გვწამს, რომ თუკი თქვენს მამობრივ დარიგებებს გავითავისებთ და თქვენს ლოცვა-კურთხევას შევასრულებთ, ჩვენი მწუხარება – სიხარულად, დაცემა აღდგომად გადაიქცევა, ჩვენს ქვეყანაში კი უფლისმიერი სიმშვიდე დაისადგურებს.
„კიდევ ერთი დიდი საუნჯე გვაქვს“, – გვასწავლით თქვენ, – „ჩვენი სამშობლო, ღვთივკურთხეული საქართველო, რომელიც განბანილია ჩვენი წინაპრების ცრემლითა და სისხლით. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ მას. უნდა გავუფრთხილდეთ იმ სულიერ და ეროვნულ ფასეულობებს, რომელთაც იცავდნენ და ინახავდნენ ჩვენი დიდი წინაპრები“. „მჯერა, … მალე დადგება ის დრო, როცა საქართველო გამთლიანდება, როცა ჩვენ ვიზეიმებთ საქართველოს მთლიანობას აფხაზეთში, სამაჩაბლოში, როცა ჩვენ ვიხილავთ გამთლიანებულ საქართველოსა და გაერთიანებულ ერს“.
ჩვენც გვჯერა, თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, რომ თქვენი ლოცვითა და სულიერი წინამძღოლობით, ღმერთი შეგვაძლებინებს საქართველოს წინაშე არსებული დიდი სირთულეების დაძლევას და მოგვასწრებს ჩვენი სამშობლოს გამთლიანებას.
2026 წელს ჩვენი ქვეყანა იზეიმებს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს. ინებოს უფალმა, რომ ამ საიუბილეო თარიღის ღირსეულად აღნიშვნა გამხდარიყოს დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს აღმავლობისა და გამთლიანების გზაზე.
ნება მიბოძეთ, წმინდა სინოდის მღვდელმთავრების სახელით, გულითადად მოგილოცოთ დღევანდელი ღირსშესანიშნავი დღე და შვილებრივი სიყვარულით მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მამობრივი ზრუნვისა და ღვაწლისთვის. შევთხოვთ უფალს და დედა ღვთისმშობელს, რომ მოგმადლოთ სულიერი და ხორციელი სიმტკიცე, ჯანმრთელობა და დღეგრძელობა ჩვენი ეკლესიისა და ერის საკეთილდღეოდ!“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.









