პოლონეთის უმსხვილესი ოპოზიციური პარტია „კანონისა და სამართლიანობის“ წარმომადგენლებმა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
პოლონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ ზელენსკის ურჩია უკრაინის საქმეებზე იზრუნოს, ხოლო პოლონელები „თავად აირჩევენ თავიანთ პრეზიდენტს“.
„უკრაინის პრეზიდენტმა იზრუნოს უკრაინის საქმეებზე, ხოლო ჩვენ თავად ავირჩევთ პრეზიდენტს. მას აქვს უფლება – და მოვალეობაც კი – იზრუნოს თავისი ქვეყნის ინტერესებზე, მაგრამ ჩვენ ვწყვეტთ ვინ არის [საპრეზიდენტო] კანდიდატი და ვის რა შეხედულებები აქვს ყველაზე ფუნდამენტურ საკითხებზე“, – აღნიშნა პოლონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.
გასულ კვირას, კაროლ ნავროცკიმ, რომელიც პოლონეთის პრეზიდენტობის კანდიდატია და რომელსაც მხარს უჭერს ოპოზიციური პარტია „კანონი და სამართლიანობა“, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის ჯერ ვერ ხედავს უკრაინას ევროკავშირის ან ნატოს წევრად.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საპასუხოდ განაცხადა, რომ „თუ უკრაინა არ იქნება ევროკავშირსა და ნატოში, თუ უკრაინას არ ექნება უსაფრთხოების გარანტიები, მაშინ ბატონმა ნავროცკიმ უკვე უნდა დაიწყოს მომზადება, რადგან შეიძლება ისე მოხდეს, რომ მას იარაღით ხელში მოუწიოს თავისი ქვეყნის დაცვა“.