რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მოლაპარაკებების დროს მოსთხოვს, რომ უკრაინა ნატოს წევრი არასდროს გახდეს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
სააგენტოს მტკიცებით, ფრონტის ხაზზე წინსვლის გამო, რუსეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ უკრაინაში დასახულ მიზნებს მიაღწევს და კიევს მკაცრ მოთხოვნებს წაუყენებს.
Bloomberg-ის ცნობით, რუსეთი ასევე ითხოვს, უკრაინის არმიის სამხედრო პოტენციალზე შეზღუდვების დაწესებას, რადგან შიშობს, რომ ცალკეული სახელმწიფოები კიევის შეიარაღებას ცეცხლის შეწყვეტის შემდეგაც განაგრძობენ.
სააგენტო ასევე წერს, რომ კიევი და მოსკოვი ბირთვული ობიექტების დაცვისა და მათზე იერიშების თავიდან არიდების საკითხზე კატარში მოლაპარაკებებს მართავენ, თუმცა ოფიციალური კიევი ირწმუნება, რომ რუსეთთან მხოლოდ ტყვეების გაცვლის საკითხზე აქვთ კომუნიკაცია.