31 მარტი, ორშაბათი, 2025
31 მარტი, ორშაბათი, 2025

„ადამიანებმა მეტყველება დაივიწყეს, გამოხატავენ მხოლოდ აგრესიას, სიძულვილს, ზიზღს, დესტრუქციულობას“- ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა გვირჩევს, როგორ დავიცვათ თავი კიბერბულინგისგან

კიბერბულინგი ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელებული ბულინგია, რომელიც სოციალური მედიის, შეტყობინებებისა თუ თამაშის პლატფორმებისა და მობილური ტელეფონის საშუალებით ხდება. იგი განმეორებადი ქცევაა, რომელიც სამიზნე ადამიანის დაშინებას, შერცხვენას თუ გაბრაზებას ისახავს მიზნად. რა კვალი შესაძლოა დატოვოს ამ ტიპის ბულინგმა ადამიანის მენტალურ ჯანმრთელობაზე? რატომ ხდება ადამიანი ბულერი? როგორ დავიცვათ თავი კიბერბულინგისგან?

ონლაინგამოცემა „მხარე“ ფსიქოლოგს, ნანა ჩაჩუას ესაუბრა:

 

– დღეს, კიბერბულინგის საკითხი და მისი აქტუალობა ზენიტშია, რადგანაც ეს არის აგრესიის ვერბალური – სიტყვიერი გამოხატვა. ზოგადად, აგრესია გამოიხატება ფიზიკურად, სიტყვიერად ან სიმბოლურად. სამივე საშუალება გვაქვს დღეს სახეზე.

– რა კვალი შესაძლოა დატოვოს ამ ტიპის ბულინგმა ადამიანის მენტალურ ჯანმრთელობაზე?

– სიტყვიერი აგრესია შეიძლება იყოს სოციალური ქსელებით გამოხატული. ნებისმიერი ასეთი ძალისმიერი ქცევა ადამიანის მიმართ იწვევს ემოციურ დაძაბულობას ფსიქიკურ დონეზე და შეურაცხყოფის განცდას. ძალადობის ასეთი ფორმები განსჯებს არ ექვემდებარება, ე.ი ლოგიკური მსჯელობა, დასაბუთება, დამტკიცება, ახსნა ამას არ ექვემდებარება. ეს აგრესია ისეთი ფორმითაა გამოხატული, რომ სივრცე არ რჩება შესაბამისი არგუმენტის წამოყენებისთვის. რა თქმა უნდა, ეს იწვევს გარკვეულ დაძაბულობას ფსიქიკურ დონეზე და ცნობილია, რომ ფსიქიკური – უსათუოდ აისახება ფიზიკურზე, სხეულებრივზე.

ამ ყველაფერთან დაკავშირებით უამრავი მასალა აქვს ცნობილ ფსიქოლოგს, „ალექსანდერს“, რომელიც პირდაპირ განმარტავს, როგორ აისახება და რა ფორმით გამოვლინდება სხეულებრივ დონეზე ბულინგი: გულსისხლძარღვთა დაავადებები, ასთმა, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, ძვალკუნთოვანი სისტემის პრობლემები… ყველაფერზე მძიმედ აისახება. განსაკუთრებით იწვევს გულსისხლძარღვთა დაავადებებს. მით უმეტეს, თუ აგრესიაზე პასუხის გაცემის შესაძლებლობა არ გვაქვს.

სოციალური სივრცე სრულყოფილი არგუმენტირებული პასუხების გაცემის საშუალებას არ იძლევა. ეს ის ველი არ არის, სადაც არგუმენტირებულ პასუხს გავცემთ მოპასუხეს, ამიტომაც თუ არის პასუხი გაცემული, საპირწონე პასუხი არის ისევ აგრესიული. ეს ნიშნავს რომ შენც აღმოჩნდი იმ მორევში, რომელ მორევში ჩათრევაც შენი მოწინააღმდეგის მიზანიც იყო.

ადამიანებს, აგრესია ბიოლოგიურ დონეზე აქვთ თანდაყოლილი, მაგრამ ადამიანს, ასევე აქვს მისი ტრანსფორმაციის შესაძლებლობის უნარიც, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ აგრესია გარდავქმნათ პოზიტივად და პოზიტიურ ველში გადავიყვანოთ. ეს შეუძლია მხოლოდ იმ ადამიანს, რომელიც არის უკვე პიროვნულად მომწიფებული, ფორმირებული, მაგრამ ასეთი ადამიანები ხომ იშვიათია?!

ამიტომ დღეს კიბერბულინგის, სიტყვიერი ძალადობის მსხვერპლად გვევლინება ყოველი ჩვენგანი, თუ შენს პიროვნულობაში არ ხარ მყარად.

– რატომ ხდება ადამიანი ბულერი, რა განაპირობებს ამას?

– ბულერი, რომელიც მიმართავს ვერბალურ, სიტყვიერ ძალადობას, თუ ჩავეძიებით მის წარსულს, აღმოვაჩენთ, რომ ის წარსულში თავად იყო მსხვერპლი. შესაბამისად, დღეს მსხვერპლი გვევლინება მოძალადის როლში. შემდეგ, ვინც ამ ბულერის მსხვერპლი აღმოჩნდება, ის თავის თავში შექმნის ახალ მოძალადეს. ამიტომაც არის, რომ ბულინგი, საერთო ჯამში საზოგადოებას რყვნის და ეს არის დანაშაული კაცობრიობის წინაშე.

– თუ მოგმართავენ ადამიანები, რომლებიც ყოფილან კიბერბულინგის მსხვერპლი (ზოგადად, რამდენადაა გაზრდილი მომართვიანობა ამ მიმართულებით)?

– კიბერბულინგის და ზოგადად ბულინგის მსხვერპლთა რაოდენობა, როგორც ოჯახურ, ასევე ფართო საზოგადოებრივ სივრცეში, რა თქმა უნდა, ძალიან მომატებულია. შეხედეთ მედიასაშუალებებს, საიდანაც გვესმის ბილწსიტყვაობა. დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი მოწოდებები. აგრესია ყოველ ფეხის ნაბიჯზე, ბულინგი. ჩვენს თვალწინ ახლა მიმდინარეობს სიმბოლური აგრესია. ერთი სიტყვით, ადამიანებმა მეტყველება დაივიწყეს, სიტყვებს აღარ აქვთ თავისი აღმნიშვნელობითი ფუნქცია, გამოხატავენ მხოლოდ აგრესიას, სიძულვილს, ზიზღს, დესტრუქციულობას.

– გამოსავალს რაში ხედავთ? ვინ უნდა ჩაერთონ გამოსავლის პროცესში – სახელმწიფო? მედია? არასამთავრობო ორგანიზაციები? სად ხედავთ ხსნას?

– დღევანდელობის ყველაზე დიდი შეცდომა და დანაშაული არის ის, რომ არ არსებობს მედიის კანონი. სიტყვის თავისუფლება დაუშვეს, მაგრამ სიტყვის თავისუფლება არის პასუხისმგებლობიანი ადამიანებისთვის. ნებისმიერი თავისუფლება არის მხოლოდ იქ, სადაც არის პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობა კი, არის ჭეშმარიტების შეცნობა. უნდა არსებობდეს მედიის კანონი, მედიას უნდა ჰქონდეს ჩარჩო.

– რომელი სფეროს წარმომადგენლები ხდებიან დღეს უფრო მეტად ბულინგის ობიექტები – ჟურნალისტები, პოლიტიკოსები…

– სფერო არაფერ შუაშია, როგორ ფიქრობთ, უსახელო უფლისციხელი გახდებოდა ასეთი? ან ალუდა ქეთელაური, ან კვირია? არა… ჭეშმარიტების ხედვა ვისაც შეუძლია ის არ გახდება მხოლოდ ბულინგის მსხვერპლი. ამას პროფესიები არ განსაზღვრავენ. ამას განსაზღვრავს ღირსება და ღირსებას არ სჭირდება არაფერი გარდა ერთსა, რელიგიურად- ღმერთი შენში, ფილოსოფიურად – სინდისის ხმა შენში, ფსიქოლოგიურად- პასუხისმგებლობიანი მე. ამ ყველაფერს ერთად სულხან- საბა ორბელიანმა უწოდა ადამიანში არსებული მამხილებელი გონება და თუ მამხილებელი გონება შენში არ არის, შენ ფეხზე დამდგარი გვამი ხარ, რომელიც ანგრევს და აზიანებს ყველაფერს და ეს გვამი შექმნილია, ფორმირებულია ეპოქის მიერ.

– რას გვირჩევთ, როგორ დავიცვათ თავი კიბერბულინგისგან?

ჩაიხედეთ საკუთარ თავში და ჰკითხეთ საკუთარ თავს: ვინ ხართ თქვენ, ის, რასაც გარქმევენ თუ ის რასაც აკეთებ.

ესაუბრა: მარი სიბაშვილი

(მარი სიბაშვილი არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის I კურსის სტუდენტი)

ავტორი:

ბოლო სიახლეები