დავით ლეშკაშელი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტია. პირველად 2015 წელს შეაბიჯა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ხოლო 2023 წლიდან დიდი გამოწვევების წინაშე დადგა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ხელმძღვანელობას შეუდგა.
რა სახის პროექტებს ახორციელებს სტუდენტებისთვის სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა, რომელთაც ხარისხიანი განათლების მიღებაც სურთ და ამასთანავე – საინტერესო სტუდენტური ცხოვრებაც და რა არის ლეშკაშელის მთავარი სათქმელი სტუდენტებისთვის?
ონლაინგამოცემა „მხარე“ დავით ლეშკაშელს ესაუბრა:
– მე ვარ დავით ლეშკაშელი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დოქტორანტი (საჯარო მმართველობის მიმართულებით). ამავდროულად, ვსწავლობ საბაკალავრო პროგრამაზე – მევენახეობისა და ენოლოგიის განხრით. ამასთანავე, ვსწავლობდი ლიეტუვაში, ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტში ეკონომიკის მიმართულებით და ვიყავი ევროპული სტუდენტური გაერთიანების „ESU-ს“ წევრი და დელეგატი საქართველოდან.
– როგორ მოხვედით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტობამდე?
– საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის ჩემი მშობლიური უნივერსიტეტი, უმაღლესი განათლების ორ საფეხური აქ გავიარე და მესამე საფეხურსაც აქვე გავდივარ. სწავლის პარალელურად, სხვადასხვა პერიოდში, ვმუშაობდი „შპს თბილსერვის“ ჯგუფში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში და მშობლიური რაიონის, საბურთალოს რაიონის გამგეობაში. კარგი გამოცდილება მქონდა მიღებული, როგორც ქართულ, ასევე ევროპულ დონეზე. შესაბამისად, გადავწყვიტე აქტიურად ჩავრთულიყავი უნივერსიტეტისა და სტუდენტების სამსახურში.
– რა სახის პროექტებს ახორციელებთ სტუდენტებისთვის, რომელთაც ხარისხიანი განათლების მიღებაც სურთ და ამასთანავე – საინტერესო სტუდენტური ცხოვრებაც?
– აბსოლუტურად შესაძლებელია სტუდენტურ ცხოვრებასა და სწავლას შორის ოქროს შუალედის დაჭერა. ვცდილობთ, ისეთი სახით პროექტები განვახორციელოთ, რომლებიც სტუდენტების აქტიურ მონაწილეობას მოითხოვს. ეს ფაქტორი მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებს ჩამოუყალიბდეთ ჯანსაღი, მეგობრული, ურთიერთობები ერთმანეთთან მიმართებაში. პროექტები სხვადასხვა მიმართულებით ხორციელდება: სპორტული, კულტურული, ინტელექტუალური, ეკოლოგიური და სხვა მიმართულებებით. ფაქტობრივად, ყველა სფეროს მოვიცავთ. შესაბამისად, ყველა ინტერესის მქონე სტუდენტებზე ვართ ორიენტირებული.
ძალიან ბევრი სტუდენტი სწავლობს უნივერსიტეტში, რომლებსაც საკუთარი თავი აქ „ამოუცნიათ“ – სპორტული, ინტელექტუალური და სხვადასხვა მიმართულებებით… აღვნიშნავ იმასაც, რომ საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ძალიან ბევრ ახალგაზრდას შეუქმნა საინტერესო და წარმატებული მომავალი, რომლითაც უამაყია არამხოლოდ სტუ-ს, არამედ, მთლიან საქართველოს.
– კომუნიკაციის რა სახეს ირჩევთ სტუდენტებთან მიმართებაში, არსებულ, ციფრულ ეპოქაში?
– ჩვენი მთავარი მოვალეობაა სტუდენტების სურვილებსა და ინტერესებს ვიცნობდეთ. ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში ახალგაზრდებში აქტუალურია კომუნიკაციის სხვადასხვა ელექტრონული საშუალებების გამოყენება. ამავდროულად, სხვადასხვა სიხშირით ვხვდებით ყველა სპეციალობის სტუდენტებს, ასევე, წარმოდგენილები ვართ ყველა ფაკულტეტის საბჭოებსა და წარმომადგენლობით სტუდენტურ საბჭოში (სენატში). შესაბამისად, სტუდენტები ჩართული არიან უნივერსიტეტის მართვასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. გარდა ამისა, სტუდენტური თვითმმართველობის კარი ყოველთვის ღიაა სტუდენტებისათვის, ვუსმენთ, ვეცნობით მათ ხედვებს, ინიციატივებს და ვცდილობთ ვიყოთ მათი მხარდამჭერები, გულშემატკივრები და ინტერესების გამტარებლები ყველა ასპექტში.
– რაც შეეხება უნივერსიტეტის ადმინისტრაციას… რა დონეზე თანამშრომლობთ?
– მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა არის დამოუკიდებელი სტუდენტური არჩევითი გაერთიანება, ყველაზე დიდი სტუდენტური გაერთიანება საქართველოში. ჩვენი მიზნებისა და სურვილების განხორციელებისათვის, ბუნებრივია, გვჭირდება უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერა. აღსანიშნავია უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის, მათ შორის უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოსს ბატონ დავით გურგენიძის, ასევე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, (კანცლერს) ბატონ კარლო კოპალიანის მხარდაჭერა… მადლობა თანამშრომლობისთვის მათ და უნივერსიტეტის ყველა იმ თანამშრომელს, რომლებიც ყოველთვის მზად არიან ჩვენს მხარდასაჭერად.
– რას ეტყვით ახალგაზრდებს, თქვენს თანატოლებს?
– ვურჩევდი, რომ იყვნენ მაქსიმალურად აქტიურები, გამოიყენონ შესაძლებლობები, არ შეუშინდნენ გამოწვევებს, არ დანებდნენ მიზნისკენ მიმავალ გზაზე, იყვნენ მზად გამოწვევების გადასალახად, უკეთ გაიცნონ, აღმოაჩინონ საკუთარი თავი და აკეთონ ის საქმე, რაც მათთვის სასიამოვნოა და აბედნიერებთ… საქმის სიყვარული წარმატებული საქმიანობის ერთ-ერთი გასაღებია…. სტუდენტობის წლები ფუნდამენტია ცხოვრების შემდეგი ეტაპებისთვის… ჩადეთ სტუდენტობის წლებში ღირებული „ინვესტიცია“. ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდება წარმატებული ახალგაზრდები. ჩვენ ვართ ჩვენი ქვეყნის მომავალი, ხვალინდელი დღის იმედი. „ცოდნა ძალაა“ ეს გახლავთ ჩვენი ლოზუნგი და თითოეულ სტუდენტს ვუსურვებ იყვნენ სამაგალითო მოქალაქეები და ამ კედლებში მიღებული ცოდნა მოახმარონ კვლავ ჩვენს ქვეყანას, მის განვითარებასა და გამთლიანებას.
ესაუბრა: ანა მიქაძე