22 დეკემბერი, კვირა, 2024
22 დეკემბერი, კვირა, 2024

“მხოლოდ ამბიცია შესაბამისი პოტენციალის და განათლების გარეშე არაფერს ნიშნავს”- ინტერვიუ სტუ-ს თეატრის „მოდი ნახეს“ რეჟისორთან და მსახიობთან, გიორგი ჭანტურიასთან

გიორგი ჭანტურია ახალგაზრდა მსახიობი და რეჟისორია. ის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრში „მოდი ნახე“ 2013 წლიდან მოღვაწეობს. როგორც ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, თავის პროფესიაში მხოლოდ ამბიცია არაფერს არ ნიშნავს თუ მას არ მოჰყვება შესაბამისი პოტენციალი და განათლება. მისი მთავარი მოტივაციაა აუდიტორია, მისი უდიდებულესობა მაყურებელი და  ბავშვები, რომლებიც ხშირად არიან ჩვენი თეატრის სტუმრები.

ვინ არის გიორგი ჭანტურია, როგორ მოხვდა სტუ-ს თეატრში და რას ურჩევს ახალგაზრდებს, რომლებიც სამსახიობო კარიერის დაწყებაზე ფიქრობენ?

ონლაინგამოცემა „მხარე“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრის „მოდი ნახეს“ რეჟისორს და მსახიობს გიორგი ჭანტურიას ესაუბრა:

 

– ბატონო გიორგი, როგორ მოხვდით თეატრში, როდის დაიწყო თქვენი სამსახიობო კარიერა?

– 13 წლის ვიყავი ჩემს მშობლიურ ქალაქ სენაკში სპექტაკლი ვნახე -ლაშა თაბუკაშვილის პიესა „ჭრილობა“. სპექტაკლის ნახვისას ისეთი განცდები დამეუფლა, იმდენად მძაფრი იყო, რომ მახსოვს ვიტირე კიდეც. მეორე დღეს, კვლავ მარტომ გადავწყვიტე წასვლა, რომ კვლავ მეყურებინა ამ სპექტაკლისთვის. იმდენად მძლია ამ ემოციებმა, სახლში კატეგორიულად გამოვაცხადე, რომ მინდოდა მსახიობი გავმხდარიყავი. ოჯახმა ხელი შემიწყო, რა თქმა უნდა. მიმიყვანეს სენაკის სახელმწიფო თეატრში ძალიან კარგ ხალხთან და ჩემი „თეატრალური ნათლობაც“ აქ მოხდა, 13 წლის ასაკში.

– კონკრეტულად სტუ-ს თეატრს როგორ დაუკავშირდით, როგორ მოხვდით?

– თეატრი, ყოველთვის იყო ჩემი მოწოდება, ამიტომ არ მინდოდა თავი დამენებებინა. ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრის შესახებ სტუდენტობამდეც ვიცოდი. აქვე აღვნიშნავ, რომ უდიდესი ისტორიის მქონე თეატრია და წელს საიუბილეო თარიღი აქვს, 80 წელი უსრულდება.

სამშენებლო ფაკულტეტზე ჩავაბარე, ბაკალავრიატში და მოვედი გასაუბრებაზე, სადაც დამხვდნენ უნიკალური ადამიანები, ცხონებული ქალბატონი მანანა სიმონიშვილი – მეტყველების პედაგოგი, მთავარი რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი – ნუგზარ ბუცხრიკიძე. შესარჩევი ტურის შემდეგ მითხრეს, რომ დასში ვიყავი აყვანილი. ასე მოვხვდი ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრში.

– რას თვლით მნიშვნელოვან გაკვეთილად, რომელიც ცხოვრებისგან მიიღეთ და რა გასწავლათ?

– ბევრი გაკვეთილი მივიღე ცხოვრებისგან, ძალიან ბევრი… თინეიჯერობის ასაკიდან მახსენდება: ჟარგონულად რომ ვთქვათ, „თავში ამივარდა“… რის გამოც ბევრჯერ ვიწვნიე მარცხი. დიდმა მსახიობმა, სერგო ზაქარიაძემ თქვა: სცენაზე ნაადრევად დაღვინებული არტისტი წყვეტს განვითარებასო და მსგავსი მოვლენის პირზე ვიყავი. სწორედ მაშინ მივიღე გაკვეთილი, რომ მხოლოდ ამბიცია შესაბამისი პოტენციალის და განათლების გარეშე არაფერს ნიშნავს და ამის გააზრების შემდეგ დავიწყე საკუთარ თავზე მუშაობა. ეს იყო ჩემთვის დიდი მაგალითი, რომ მხოლოდ ამბიცია არაფერს არ ნიშნავს თუ მას არ მოჰყვება შესაბამისი პოტენციალი და განათლება. მას შემდეგ ვცდილობ მუდმივად განვვითარდე და ვიყო საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია.

– როგორ ინარჩუნებთ მოტივაციას მაშინ, როცა კარიერაში დაბრკოლებებს ხვდებით?

– ხელოვნება ზოგადად ისეთი სფეროა, სადაც ხშირად შეიძლება შემოქმედებით კრიზისში აღმოჩნდე, მაგრამ ყოველი ასეთი მომენტი არ აღმიქვამს როგორც მარცხი, აღვიქვი, როგორც შესაძლებლობა.

სწორედ ამიტომ, როდესაც რაღაც არ გამომდის, ყოველთვის ვეუბნები საკუთარ თავს, რომ ეს არის შესაძლებლობა გავხდე უკეთესი. ამ დროს ვიაზრებ, რომ რასაც ვაკეთებ ხელოვნებაში, ეს არ არის მხოლოდ ჩემთვის. მე მყავს აუდიტორია, მისი უდიდებულესობა მაყურებელი, მათ შორის, ბავშვები, რომლებიც ხშირად არიან ჩვენი თეატრის სტუმრები, ისინი, ჩემგან როგორც მსახიობისგან და რეჟისორისგან ყოველთვის ელოდება რაღაც ახალს… ამიტომ მე არ მაქვს დანებების უფლება. ეს მაძლევს მოტივაციას.

– რას ურჩევდით ახალგაზრდებს, რომლებიც სამსახიობო კარიერის დაწყებაზე ფიქრობენ?

– პირველ რიგში, ვურჩევდი რომ კარგად დაფიქრდნენ. ეს ისეთი სფეროა, რომელიც მოითხოვს ძალიან ბევრ დროს, ძალიან დიდ ძალისხმევას. მე ხშირად ვამბობ-ხოლმე ჩემს სტუდენტებთან, რომ პრაქტიკულად არ გამაჩნია პირადი ცხოვრება. ახლაც, ახალ სპექტაკლზე ვმუშაობ, რომლის პრემიერაც 26 დეკემბერს უნდა შედგეს და აი, ამ ხნის განმავლობაში, დაახლოებით თვენახევარია სარეპეტიციო რეჟიმში ვართ. პრაქტიკულად, ჩემთვის არ არსებობს დაბადების დღე, ქორწილი და ა.შ.  მქონდა შემთხვევა, როდესაც ბიცოლა გარდამეცვალა და მის დაკრძალვაზეც ვერ მოვახერხე მისვლა, რაც ადამიანურად ძალიან რთული იყო ჩემთვის, მაგრამ, ასეთია ჩემი პროფესია. ამის გააზრება აუცილებელია – რამდენად არიან წამსვლელები მსგავს კომპრომისებზე.  რასაც გაიღებ თეატრისთვის, რა ინვესტიციასაც ჩადებ, სწორედ იმავეს გიბრუნებს თეატრი უკან, ეს ძალიან უკუქცევადი პროცესია.

– როგორ უმკლავდებით კრიტიკას და როგორ მოქმედებს ის თქვენს კარიერულ განვითარებაზე?

–  ჯანსაღი კრიტიკა, ვფიქრობ, რომ აუცილებელია. არ შეიძლება ყველას ყველაფერი მოსწონდეს ჩვენში, არამარტო პროფესიაში, არამედ, როგორც ადამიანში. ყველას აქვს გარკვეულწილად მინუსები, ამიტომ ჯანსაღი კრიტიკა, განსაკუთრებით, შემოქმედებით სფეროში, ვფიქრობ აუცილებელი პირობაა განვითარებისთვის. თუმცა, არის ხოლმე მომენტები, როცა კრიტიკა შეიძლება იყოს არაჯანსაღი, არ მოგწონდეს, არ ეთანხმებოდე, თუმცა, პატივს ვცემ სიტყვის გამოხატვის თავისუფლებას.

– რას გეუბნებათ მაყურებლის ემოციები, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ეს ფაქტორი?

– ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ყველა შემოქმედისთვის ასეა, დარწმუნებული ვარ. შექსპირის უკვდავ ნაწარმოებში „ჰამლეტშია“ ასეთი სიტყვები: „განა რა უნდა გააკეთოს ადამიანმა ისეთი, რომ ერთმა ხელმა მეორეს მიაყენოს ტკივილი?!“  (ტაშს გულისხმობს). წარმოიდგინეთ, რას გრძნობენ ის ადამიანები, რომლებიც დარბაზში სხედან და ტაშს გვიკრავენ, ხშირ შემთხვევაში 5 წუთის განმავლობაში, უწყვეტად… ამაზე დიდი ჰონორარი, ვფიქრობ, ჩვენს სფეროში არ არსებობს.

– შეჯამების სახით – მთელი თქვენი განვლილი გზის გათვალისწინებით, ვინ არის გიორგი ჭანტურია?

–  ვინ არის გიორგი ჭანტურია? ყველა გარემოებაში, სადაც არ უნდა მოვხვდე, ვცდილობ დავრჩე ადამიანად. ყველაზე დიდი პროფესია არის ადამიანობა და ჩემი მთავარი მიზანიც სწორედ ამ ცხოვრებაში არის ის, რომ არასდროს დავკარგო ადამიანური თვისებები და ვეცადო, თუ ვინმეს „მზე და მთვარე“ არ ამოუვა ჩემზე, არ ვძულდე მაინც.  ვფიქრობ, მეტ-ნაკლებად გამომდის კიდეც და მთელი ამ დროის განმავლობაში თუ საკუთარ თავს უცხო თვალით შევხედავ, შემიძლია რამდენიმე სიტყვით ვთქვა, რომ გიორგი ჭანტურია არის ადამიანი, რომლის მთავარი ღირებულება არის სხვა ადამიანი იყოს მასთან ბედნიერი.  გიორგი ჭანტურია ამას ცდილობს და ვფიქრობ, რომ არც თუ ისე ცუდი ადამიანია.

 

ავტორები:

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის I კურსის სტუდენტები

მარი სიბაშვილი

ნატალია კიკნაველიძე

კესარია ლაღიძე

ავტორი:

ბოლო სიახლეები