7 სექტემბერი, ორშაბათი, 2026
7 სექტემბერი, ორშაბათი, 2026

უკრაინაში გენერალური პროკურატურის მაღალჩინოსანი თაღლითური ქოლ-ცენტრების მფარველობის ბრალდებით დააკავეს

უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ (NABU) გენერალური პროკურატურის მაღალჩინოსნის მიერ მართული დანაშაულებრივი ორგანიზაციის წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩაატარა. უწყების ცნობით, აღნიშნული ჯგუფი თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელის მფარველობასა და უკანონო აქტივების გათეთრებაში იყო ჩართული.

Kyiv Independent-ის ინფორმაციით, სამართალდამცავ სტრუქტურებში არსებულმა წყარომ დაადასტურა, რომ დაკავებულია გენერალური პროკურატურის საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სერჰი კროპივა.

მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს უკრაინის გენერალური პროკურატურაც. უწყებაში განაცხადეს, რომ ანტიკორუფციულ ორგანოებთან სრულად ითანამშრომლებენ და კანონის შესაბამისად ყველა საჭირო ინფორმაციას მიაწვდიან.

გამოძიება NABU-ს მიერ ანტიკორუფციული ზომების გააქტიურების ფონზე მიმდინარეობს. გასულ თვეს უწყებამ უკანონო შემოსავლების გათეთრებისა და რეიდერობის საქმეზე გამოძიება პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსის ყოფილი მოადგილის, ირინა მუდრას წინააღმდეგ დაიწყო.

მუდრას საქმე უკავშირდება გასულ წელს სახელმწიფო ენერგოკომპანია „ენერგოატომის“ გარშემო დაწყებულ გამოძიებას, რაც ზელენსკის პრეზიდენტობის პერიოდში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ კორუფციულ სკანდალად მიიჩნევა. გარდა ამისა, მიმდინარე წლის მაისში კორუფციული ბრალდებები წაუყენეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს, ანდრიი ერმაკსაც.

ავტორი:

ბოლო სიახლეები