მეხანძრე-მაშველი გაგა გიგაშვილი, რომელმაც 19 ნოემბერს ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად ნანგრევებში მოყოლილი 3 წლის თაია გადაარჩინა, მომხდარს „იმედის დღეში“ იხსენებს.
მისი თქმით, იმ ემოციების აღწერა, რომლებსაც იმ მომენტში თითოეული მეხანძრე-მაშველი განიცდიდა, შეუძლებელია.
„მინდა მეც სამძიმარი ვუთხრა გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ნათესავებს და სრულიად საქართველოს. მინდა მათ ვუსურვო გამძლეობა. რაც შეეხება იმ ემოციებს, რომლებიც გუშინ ჩვენ, მეხანძრე-მაშველებმა, იქ განვიცადეთ, ეს იყო წარმოუდგენელი, დაუვიწყარი და ისეთი რამ, რისი მოყოლაც სიტყვებით ფიზიკურად არ შემიძლია. ვერ გადმოვცემ, რა განვიცადე და რა ვიგრძენით თითოეულმა მეხანძრე-მაშველმა იმ მომენტში. ის სიტყვები, რომლებსაც მე ვამბობ და არა მხოლოდ მე, იქ მყოფი სხვა მეხანძრე-მაშველებიც, გულიდან ამოსული სიტყვები იყო. ეს მომენტი და სიტუაცია თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავზე გავიაზრეთ და საკუთარ ემოციებს მივყევით“, – აღნიშნა გიგაშვილმა.









