საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის ინტოქსიკაციის ფაქტზე, შეტყობინების მიღებისთანავე, გამოძიება მყისიერად დაიწყო. განცხადებას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილით, ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე, რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.

„ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნება. მათ სამედიცინო დახმარებისთვის თბილისში მდებარე 6 სამედიცინო დაწესებულებას მიმართეს.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უკვე გამოკითხულია 50-ზე მეტი აღსაზრდელის კანონიერი წარმომადგენელი და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები.

საქმის გარემოებების დროულად დადგენის მიზნით, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, ჩხრეკა, მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა 4 ბაგა-ბაღსა და ბაგა-ბაღებისთვის საკვები პროდუქტების მიმწოდებელ 3 კომპანიაში.

საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ – სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით. ჩხრეკის ღონისძიებებში მონაწილეობენ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებიც.

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ინტოქსიკაცია შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდებოდეს, რომლის წყაროც, სავარაუდოდ, ბაგა-ბაღებში მიღებული საკვები პროდუქტია. კონკრეტულად რომელი პროდუქტი გახდა ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზი, შესაბამისი ექსპერტიზის შედეგად დადგინდება.

გამოძიება გრძელდება. ყველა ბაგა-ბაღიდან, სადაც ინტოქსიკაციის შემთხვევები დაფიქსირდა, ამოღებული იქნება საქმისთვის მნიშვნელოვანი ნივთები, დოკუმენტები და საკვები პროდუქტები.

გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიეწოდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნიკოლოზ სამხარაძე იტალიაში დაგეგმილ შეხვედრებზე: ორმხრივი ურთიერთობები, ევროკავშირი, ოკუპაცია, საქართველოს მნიშვნელოვანი...

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ მედიასთან იმ საკითხებზე ისაუბრა, რომლებზეც იტალიაში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე გამახვილდება ყურადღება. „ორმხრივი ურთიერთობები, ევროკავშირი, ოკუპაცია, საქართველოს...