პიროტექნიკის გამოყენება არ ნიშნავს ძალადობას. იცით, რა დანიშნულებაც აქვს პიროტექნიკის გამოყენებას, – განაცხადა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა.
„რამდენადაც მახსოვს, მაშინ პიროტექნიკა აკრძალულიც არ იყო. რომც ყოფილიყო, ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს იყო გამოყენებული პოლიციელების წინააღმდეგ, როგორც იარაღი მათთვის ზიანის მისაყენებლად. მიუხედავად იმისა, რაც უნდა დადგენილიყო ამ საკითხზე, აქციის ძალადობრივი მიზანი უნდა ემსახურებოდეს კონკრეტული შედეგის მიღწევას ძალადობით. ეს ვერ იქნება უბრალოდ განცხადება, რომ მე ახლა ვიყიდი პიროტექნიკას, მექნება და გავუშვებ აქციაზე. ეს ძალადობის ნებას და განზრახვას, უბრალოდ ვარაუდსაც კი არ წარმოშობს“, – აღნიშნა გვარამიამ.
გვარამიას განცხადებით, აქციაზე ადამიანების ქმედებებს სამართლებრივად ვერ შეაფასებს.
„მე ვერ გეტყვით, რა იყო გამოყენებული და რა – არა. გულწრფელად გეტყვით, რაღაც სატელევიზიო ეპიზოდები ნანახი მაქვს, მაგრამ ეჭვი მაქვს, ამას სამართლებრივი პასუხი მოჰყვებოდა. ის, რომ ცალკეული ინდივიდი ჩადის სამართალდარღვევას, იქნება ეს ადმინისტრაციული თუ სისხლისსამართლებრივი, აქციას არ აქცევს არც უკანონოდ და არც ძალადობრივად. აქცია ძალადობრივი არის მაშინ, როდესაც ის ძალადობის მეშვეობით ისახავს ანტიკონსტიტუციური ან არაკანონიერი, თუნდაც კანონიერი მიზნის მიღწევას“, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
ნიკა გვარამიას განცხადებით, მისი პარტია აქციის ორგანიზატორი არ ყოფილა.
„ჩვენ ვიყავით აქციის ისეთივე მონაწილეები, როგორიც შეიძლება, თქვენ ყოფილიყავით, იქ არ იდექით უბრალოდ. ჩვენ ვერ გავემიჯნებოდით იმას, რაც ჩვენთან კავშირში არ იყო. არათუ ორგანიზატორი არ ვიყავით, არამედ იყო იქ გამოსვლები და ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკური პარტიები, ვისაც ეს უნდოდა ყოველ შემთხვევაში, დაშვებული არ იყვნენ გამოსვლებზე. ამას არც საყვედურის ნიშნად ვამბობ და არც ვემიჯნები ზოგადად ხალხის პროტესტს, რომელიც, სრულიად დარწმუნებული ვარ, იყო გულმხურვალე, გულწრფელი და სწორი, მაგრამ არ შეიძლება, მოწონებას იმსახურებდეს ძალადობა, რა წინაპირობებიც არ უნდა ჰქონდეს მას. არ ვიცი, ახლა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ძალადობაც არ მომეწონება, ცხადია, თუმცა შეიძლება, ამის უკან რაციონალური რამ დავინახო, როცა ვიმსჯელებ ამაზე რაღაცა აწონვის დროს.
მე ვერ შევაფასებ იმას, რისი შეფასების არც უფლება მაქვს და არც ინფორმაციას ვფლობ ამასთან დაკავშირებით. ელენეს ნაწილში შემიძლია გიპასუხოთ, ჩვენი, არც ჩვენი აქტივისტის მხრიდან, არც პარტიის წევრის, ლიდერის მხრიდან, თუ ასე შემდეგ, არ ყოფილა არცერთი შემთხვევა არცერთი მომარჯვებული საგნის, პეტარდების თუ ა.შ. უკანონოდ გამოყენება. შემიძლია, ჩვენი კოალიცის სახელით ვთქვა დაზუსტებით, თორემ არც სხვა პარტიებზე ვფლობ ინფორმაციას, ძალადობრივი მიმართება არასდროს არ ყოფილა და არც ვაპირებთ, რომ იყოს. რაც შეეხება, რას გავემიჯნეთ, როგორ დავგმეთ, ჩვენ ხომ ვლაპარაკობთ კანონის ვალდებულებებსა და პოლიტიკურ ვალდებულებებზეც. ჩვენ არც მართლწესრიგის ეფექტური კონტროლის შესაძლებლობა გვქონდა და არც უნარი იმ წუთში, არ მგონია, საერთოდ ვინმეს ჰქონოდა“, – განაცხადა გვარამიამ.









