მონტენეგროს კონსტიტუციაში შემოთავაზებული ერთ-ერთი შესწორება პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის წევრების ვეტინგს ითვალისწინებს. დაგეგმილ ცვლილებებს ქვეყანაში მძაფრი კრიტიკა მოჰყვა

მონტენეგროში პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებისთვის კეთილსინდისიერების სავალდებულო შემოწმების მექანიზმის შემოღებასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს პოლიტიკური და სამართლებრივი დებატები მოჰყვა.

პოლიტიკური გაერთიანება „ევროპული ალიანსის“ (ES) განცხადებით, ოპოზიციისა და დამოუკიდებელი დეპუტატების მიერ შეთავაზებული ცვლილებებით შესაძლებელი გახდა კომპრომისის მიღწევა და გარანტიების შექმნა, რათა შემოწმების პროცესი პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტად არ იქცეს. ამასთან, ინიციატივის კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ შემოთავაზებული მექანიზმი შესაძლოა მთავრობის ფორმირებაზე გავლენის მოხდენის საშუალებად იქცეს.

მონტენეგროს საზოგადოებრივი მაუწყებლის, RTCG-ის ცნობით, „ევროპული ალიანსის“ განცხადებით, მმართველი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ თავდაპირველად წარმოდგენილმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტმა აუცილებელი პოლიტიკური კონსენსუსი ვერ უზრუნველყო. პარტიის შეფასებით, პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლის შესაძლებლობა ოპოზიციის მიერ შეთავაზებულმა ცვლილებებმა შექმნა, რომელთა მიხედვითაც კეთილსინდისიერების შემოწმების შესახებ სპეციალური კანონის მისაღებად პარლამენტის წევრთა ხმების ორი მესამედია საჭირო.

„ევროპული ალიანსის“ განცხადებით, ეს მექანიზმი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირების კეთილსინდისიერების შესამოწმებლად, არამედ იმის უზრუნველსაყოფადაც, რომ მომავალში რომელიმე ხელისუფლებამ ის პოლიტიკური ოპონენტების ჩამოსაშორებლად ან მთავრობის შემადგენლობაზე კონტროლის დასამყარებლად არ გამოიყენოს.

პოლიტიკურმა გაერთიანებამ კომპრომისის მიღწევაში დამოუკიდებელი დეპუტატების, იანოვიჩისა და ლაკოვიჩის, ასევე უმცირესობების პარტიების წარმომადგენლების, ვუკსანოვიჩისა და ზენკას წვლილსაც გაუსვა ხაზი.

ამასთან, „ევროპული ალიანსი“ განმარტავს, რომ პარლამენტში გამართული პირველი კენჭისყრით საკონსტიტუციო ცვლილებები საბოლოოდ არ დამტკიცებულა. დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებების შეტანის ინიციატივას. პროცესის გასაგრძელებლად საჭიროა მეორე კენჭისყრა, რასაც ერთთვიანი საჯარო განხილვა და საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო ტექსტის დამტკიცება უნდა მოჰყვეს. პარტია იმედოვნებს, რომ საჯარო განხილვის ფარგლებში იურიდიული საზოგადოების მოსაზრებებიც იქნება გათვალისწინებული.

თუმცა, ინიციატივის მიმართ კრიტიკული პოზიცია აქვთ სამართლის სფეროს წარმომადგენლებსაც. მონტენეგროს გამოცემა Vijesti-ში გამოქვეყნებულ საავტორო სტატიაში, ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ და ყოფილმა მოსამართლემ მილორად გოგიჩმა, გააფრთხილა, რომ კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმი მკაფიო კრიტერიუმებისა და სამართლებრივი კონტროლის გარეშე შესაძლოა პოლიტიკური დისკრედიტაციის საშუალებად იქცეს.

მისი შეფასებით, პრობლემა თავად კეთილსინდისიერების შემოწმების იდეა კი არა, მისი განხორციელების ფორმა და შემმოწმებელი ორგანოს უფლებამოსილებებია. გოგიჩი მიიჩნევს, რომ აუცილებელია წინასწარ განისაზღვროს, კონკრეტულად რას გულისხმობს კეთილსინდისიერება, რა ობიექტური კრიტერიუმებით უნდა შეფასდნენ კანდიდატები და ვის ექნება ამ პროცესზე კონტროლის უფლება.

ყოფილი მოსამართლე ასევე სვამს კითხვას, რამდენად შეესაბამება დემოკრატიულ პრინციპებს ისეთი მექანიზმის შექმნა, რომელიც არჩეული პოლიტიკური წარმომადგენლების გადაწყვეტილებასა და მთავრობის ფორმირებას შორის დამატებით ინსტიტუციურ ბარიერს წარმოქმნის. მისივე შეფასებით, გაუგებარია, რატომ უნდა ვრცელდებოდეს კეთილსინდისიერების შემოწმების ახალი კონსტიტუციური სტანდარტი მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებზე და არა მოსამართლეებსა და პროკურორებზე.

საკითხს ეხმაურება მონტენეგროს სამოქალაქო განათლების ცენტრიც (CCE). ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა პროგრამის კოორდინატორი ივან ვუკჩევიჩი ანალიტიკურ წერილში „ვინ გააკონტროლებს კეთილსინდისიერების შემმოწმებლებს?“ მიიჩნევს, რომ ასეთი მექანიზმის კონსტიტუციაში შეტანა არასწორია და მისი რეგულირება კანონმდებლობით უნდა მოხდეს.

ვუკჩევიჩის განცხადებით, ცვლილებების მომზადების პროცესში ადგილობრივი იურიდიული საზოგადოება სათანადოდ არ ჩართეს, ხოლო საკონსტიტუციო ცვლილებების ტექსტი მოკლე პერიოდში სამჯერ შეიცვალა. მისი შეფასებით, ინიციატივა სათანადო საჯარო და პროფესიული განხილვის გარეშე მომზადდა.

ავტორი ასევე მიუთითებს GRECO-ს 2026 წლის რეკომენდაციებზე. მისი განმარტებით, ორგანიზაცია კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის მთავრობის შესახებ კანონპროექტში ასახვას ითხოვდა და არა მის კონსტიტუციურ დონეზე რეგულირებას. GRECO-ს მიზანი, ვუკჩევიჩის ინტერპრეტაციით, თანამდებობაზე დანიშვნამდე შესაძლო ინტერესთა კონფლიქტისა და მასთან დაკავშირებული რისკების გამოვლენაა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თენგიზ შარმანაშვილი: მოპასუხე მხარეს რომ წარმოუდგენია, სასამართლოს არის ადგილი, სადაც შეგიძლია...

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე „ლელოს“ და სხვა მოპასუხე მხარის წარმომადგენლების განცხადებებს გამოეხმაურა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ არასდროს მოუთხოვიათ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში...