ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, 2012 წლის შემდეგ ერთი შემთხვევაც არ ყოფილა, როდესაც საქართველოს დარღვევა დაუდგინდა სასამართლო სისტემაში დამოუკიდებლობის მიმართულებით არსებული რაიმე ხარვეზის გამო, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა, ევროკავშირის პროგრამა „ჰორიზონტის“ სამეცნიერო კვლევითი პროექტის კვლევის შედეგებზე საუბრისას.
მისივე თქმით, ყველა სხვა მსგავსი ანგარიშის მიხედვით, საქართველო მოწინავე ადგილს იკავებს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის კომპონენტით, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთლიანად ევროპის მასშტაბით.
„ყველა ეს მაჩვენებელი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან ერთად არის უტყუარი მტკიცებულება სასამართლო სისტემაში განხორციელებული რეფორმების ეფექტიანობისა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით , 2012 წლის შემდეგ ერთი შემთხვევაც არ ყოფილა, როდესაც საქართველოს დარღვევა დაუდგინდა სასამართლო სისტემაში დამოუკიდებლობის მიმართულებით არსებული რაიმე ხარვეზის გამო“, – განაცხადა ძამაშვილმა.
საქართველომ სასამართლოს გამჭვირვალობით, ევროპაში უმაღლესი შეფასება მიიღო, სასამართლოს დამოუკიდებლობით კი, ევროპის საუკეთესო ოცეულშია და ევროკავშირის საშუალო ქულაზე მაღალი შეფასება აქვს.









