რასაც „ნაციონალურ-სოციალისტური პარტია“ 45 წლის შემდეგ ამბობდა, რომ ნაცისტების ჩადენილი დანაშაული მათ არ მიემართებოდათ, ზუსტად ანალოგიურს საუბრობენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, – განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ იურიდიულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.
მისივე თქმით, 5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი, 88 დეპუტატის სარჩელი ორ ძირითად ნაწილად არის დაყოფილი.
„ეს არის 2004-2012 წლებში ჩვენს ქვეყანაში არსებული სისხლიანი რეჟიმის მმართველობა, რომელიც შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც ავტოკრატიული მმართველობის კლასიკური გამოვლინება, სადაც ადამიანის უფლებები უბრალოდ არ არსებობდა, რაზეც მეტყველებს, მათ შორის, ის სტატისტიკა, რაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებით არის. 80% საქმეებისა 2004-2012 წლებს მიემართება, სადაც უმნიშვნელოვანესი მუხლების დარღვევა არის დადასტურებული. ეს არის სიცოცხლის ხელყოფა, არაადამიანური მოპყრობა, საკუთრების უფლების შელახვა, პირადი ცხოვრების უფლების გაცამტვერება.
სარჩელის მეორე ნაწილი ეხება 2012 წლიდან დღემდე მიმდინარე მოვლენებს. მოვლენებს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული პარტიები, რომლებიც ერთ ორგანიზმად მოქმედებენ, მოქმედებენ ქვეყნის საზიანოდ, კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში. მთავარი წყარო ხელისუფლებისა არის ქართველი ხალხი და როდესაც ამ ყველაფერს უგულებელყოფენ, ისინი ებრძვიან დემოკრატიის პრინციპს, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს და ერთ სინერგიაში მოქმედებენ, როდესაც ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯებია გადასადგმელი.
თითოეული პარტიის მიერ ჩადენილი ქმედებები, მიმდინარე პერიოდში, საკმარისია მათ ასაკრძალად, ერთობლიობაში ხომ მითუმეტეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ სამართლებრივად არ შევაფასოთ 2004-2012 წლების სისხლიანი რეჟიმის მიერ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა.
ამ სარჩელის განხილვის დროს რაც ვნახეთ, პირიქით არა თუ დარწმუნდებოდა საზოგადოება, რომ ეს პარტიები ასაკრძალები არიან, არამედ თავად თვითაკრძალვის რეჟიმში არიან, ისეთ განცხადებებს აკეთებენ. თითქოს, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში საერთოდ არ ყოფილა, აქამდე მივიდნენ. მაგალითად, მიხეილ სააკაშვილი თურმე, ერთი რიგითი წევრი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ და გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობას საერთოდ არ იღებდა“, – განაცხადა არჩილ გორდულაძე.
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ პოლიტიკურ განცხადებამდე ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების დროს გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
„უმძიმესია ის ტრაგედია, რაც დატრიალდა ჩვენს დედაქალაქში, სამძიმარს გამოვთქვამთ თითოეული გარდაცვლილი ადამიანის ოჯახების მიმართ და ადამიანებს, რომლებიც არიან სამედიცინო დაწესებულებაში სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – აღნიშნა გორდულაძემ.









