ივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება – 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუსტიციის საბჭოს შემადგენლობასთან დაკავშირებით ურთიერთსაწინააღმდეგო რეკომენდაციები გასცა

მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები შესაბამისი საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება, – წერს მონტენეგროს სამოქალაქო განათლების ცენტრის (CCE) ადამიანის უფლებათა პროგრამის კოორდინატორი, ივან ვუკჩევიჩი, სტატიაში „ვინ გააკონტროლებს კეთილსინდისიერების მაკონტროლებლებს?“.

ავტორი იხსენებს 2013 წლის საკონსტიტუციო შესწორებებს, როდესაც ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ – GRECO-მ და ვენეციის კომისიამ – იუსტიციის საბჭოს შემადგენლობასთან დაკავშირებით ურთიერთსაწინააღმდეგო რეკომენდაციები გასცა.

„ევროპული რეკომენდაციების უკრიტიკოდ მიღებას მივყავართ რწმენამდე, რომ მთავარია რეკომენდაციის შესრულება, თუნდაც შედეგად ევროპაში უნიკალური საკონსტიტუციო მოწყობა მივიღოთ. მართალია, ამ რეგიონს უკვე გამოუცდია უნიკალური საკონსტიტუციო მოწყობები: კონსტიტუციაში ცოცხალი ადამიანის სახელის ჩაწერა (იოსიპ ბროზი), თვითმმართველობა, დელეგატთა სისტემა და სხვა. ჩვენ ვნახეთ ამ საკონსტიტუციო ექსპერიმენტების სამართლებრივი და პოლიტიკური ბედი და ისიც, თუ რამდენ ხანს გასტანა მათ. ამ შესწორებასაც დრო განსჯის. მჯერა, რომ ეს განაჩენი არ იქნება სასიკეთო და მის ლოდინს დიდი დრო არ დასჭირდება.“ – აღნიშნავს ვუკჩევიჩი.

მისი თქმით, სულ მცირე, ორი ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ შესწორების მომზადებისას პრობლემური მიდგომა იქნა გამოყენებული.
პირველი: არ გამართულა კონსულტაციები ადგილობრივ საექსპერტო საზოგადოებასთან. ეს აგრძელებს მონტენეგროს კონსტიტუციაში წინა შესწორებების მიღებისას დამკვიდრებულ პრაქტიკას, განსაკუთრებით კი პროკურატურის საბჭოსთან დაკავშირებულ ცვლილებებს, ისევე როგორც შესწორებებს სპეციალური სახელმწიფო პროკურატურის შესახებ კანონში, ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს შესახებ კანონში, შინაგან საქმეთა შესახებ კანონსა და სხვა ნორმატიულ აქტებში. ამ მაგალითებმა აჩვენა, რამდენად სახიფათოა დიდი რაოდენობით საკანონმდებლო და საკონსტიტუციო ცვლილებების ნაჩქარევად, შინაარსიანი საჯარო დებატების გარეშე მიღება იმ საბაბით, რომ ეს ევროკავშირის მოთხოვნაა. პარადოქსი მით უფრო დიდია, რომ ინფორმირებული და ეფექტური საჯარო დებატები განვითარებულ ევროპულ დემოკრატიებში საკანონმდებლო პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მახასიათებელია.

მეორე: მოკლე დროში შესწორების ტექსტი სამჯერ შეიცვალა. მისი ბოლო ვერსიის წარდგენა ჰგავდა იმ „საკანონმდებლო შტურმს“, რომელიც მონტენეგროს პარლამენტში ვიხილეთ, როდესაც ერთ დღეში უამრავი „ევროპული“ კანონი მიიღეს. შედეგად მიღებული შესწორება, თავისი ათი პარაგრაფით, უფრო ვრცელია, ვიდრე ყველა წინა 22 შესწორება ერთად აღებული, ისევე როგორც კონსტიტუციის 158 მუხლიდან ნებისმიერი. მის დებულებებს აკლია ზოგადობის ის აუცილებელი ხარისხი, რაც საკონსტიტუციო ნორმებს მოეთხოვება. პირიქით, შესწორების სათაური რომ ამოვიღოთ, სამართლის ექსპერტთა უმეტესობა მის შინაარსსა და რედაქტირების ტექნიკას არა საკონსტიტუციო, არამედ ჩვეულებრივი საკანონმდებლო ნორმებისთვის დამახასიათებლად მიიჩნევდა. ტექსტის გადაჭარბებული სიგრძე და ზოგადობის ნაკლებობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კეთილსინდისიერების შემოწმება უპირველესად კანონმდებლობის სფეროს განეკუთვნება და არა საკონსტიტუციო რეგულირებას.

აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გავიხსენოთ GRECO-ს შეფასების მეხუთე რაუნდის ფარგლებში,2026 წელს გაცემული რეკომენდაციები კეთილსინდისიერების შემოწმებასთან დაკავშირებით.GRECO-მ განაცხადა, რომ „კეთილსინდისიერების შემოწმების შემოღება უნდა განისაზღვროს მთავრობის შესახებ კანონპროექტში“. მიმდინარე წლის თებერვალში მთავრობამ დაამტკიცა მთავრობის შესახებ კანონპროექტი, რომელიც არ ითვალისწინებს კეთილსინდისიერების შემოწმების ვერგავლის იმ შედეგებს, რაც შესწორების პროექტშია მოცემული. GRECO აღნიშნავს,რომ ეს მიდგომა პრობლემური არ არის, რადგან „ამ რეკომენდაციის მთავარი მიზანია, შესაძლებელი გახდეს ინტერესთა შესაძლო კონფლიქტის ან მასთან დაკავშირებული რისკების გამოვლენა იმ პირებთან მიმართებით, რომლებიც ამ თანამდებობებზე განიხილებიან, მათ დანიშვნამდე“. უფრო მეტიც, GRECO პირდაპირ აცხადებს, რომ მთავრობის შესახებ კანონპროექტის ასეთი ფორმულირებით მიღება შეასრულებს მისი რეკომენდაციის მოთხოვნებს და მოუწოდებს სახელმწიფო ორგანოებს, გადადგან დარჩენილი ნაბიჯები ამ კანონის მისაღებად. გაუგებარი რჩება,რატომ მიმართავს ხელისუფლება საკონსტიტუციო შესწორებას დაგეგმილი საკანონმდებლო რეგულირების ნაცვლად. ასევე გაუგებარია, რატომ შეიცვალა დებულება კეთილსინდისიერების შემოწმების ვერგავლის შედეგების შესახებ, თუკი წინა გადაწყვეტა GRECO-სთვის პრობლემას არ წარმოადგენდა. სხვათა შორის, შემაშფოთებელია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დასკვნით ეტაპზე მყოფ მონტენეგროს ჯერ კიდევ არ მიუღია ორი მნიშვნელოვანი სისტემური კანონი – კანონი მთავრობის შესახებ და კანონი პარლამენტის შესახებ.
ასევე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ არცერთი საკონსტიტუციო ცვლილება არ მოქმედებს იზოლირებულად. თითოეული მათგანი გავლენას ახდენს სხვა საკონსტიტუციო დებულებებსა და მათ მიერ დამყარებულ ბალანსზე. შესაბამისად, კონსტიტუციაში კეთილსინდისიერების შემოწმების შემოღება განხილული უნდა იყოს მე-2 მუხლთან მიმართებითაც, რომლის თანახმადაც სუვერენიტეტი ეკუთვნის მოქალაქეებს, რომლებიც მას ახორციელებენ უშუალოდ და თავისუფლად არჩეული წარმომადგენლების მეშვეობით.

მოქალაქეთა საარჩევნო ნებას არ სჭირდება ფართო უფლებამოსილებით აღჭურვილი დამატებითი „მაკონტროლებლები“ კონსტიტუციითა და საარჩევნო კანონმდებლობით უკვე დადგენილი მექანიზმების მიღმა. ეს აღიარებულია მონტენეგროზე უფრო განვითარებული ინსტიტუტების მქონე სახელმწიფოების მიერაც.

პრაქტიკაში, კეთილსინდისიერების შემოწმების შემოთავაზებული მოდელი შესაძლოა იქცეს მოქალაქეთა ნების მაკორექტირებელ მექანიზმად, რომელსაც დამრიგებელი მასწავლებლის ზედამხედველობის ელფერი დაჰკრავს, რითაც სათაურში დასმული კითხვა მთელი სიმწვავით დგება დღის წესრიგში: ვინ გააკონტროლებს მაკონტროლებლებს? სამართლებრივი თვალსაზრისით და განსაკუთრებით პრაქტიკაში, ასეთი „მაკონტროლებლები“ შესაძლოა გადაიქცნენ ერთგვარ საარჩევნო სუპერინსტიტუტად, რომელიც ანგარიშვალდებული არავის წინაშე არ იქნება, გარდა მათი შემრჩევი პირებისა. თუმცა, მათ შემრჩევებს იმაზე ნაკლები ლეგიტიმაცია ექნებათ, ვიდრე მოქალაქეების მიერ არჩეულ წარმომადგენლებს, რომლებზე ზედამხედველობაც ამ „მაკონტროლებლებს“ ევალებათ.

ამ ტიპის კეთილსინდისიერების შემოწმების არასრულფასოვნება იმაშიც ვლინდება, რომ იგი ეხება მხოლოდ კორუფციის ელემენტების შემცველ დანაშაულებზე ნასამართლობას, რაც ტოვებს სივრცეს განსხვავებული ინტერპრეტაციებისა და კანონით შემდგომი არათანმიმდევრული რეგულირებისთვის. ბოლოს და ბოლოს, კორუფცია არ არის ერთადერთი საფრთხე კეთილსინდისიერებისთვის. სხვა სისხლის სამართლის დანაშაულებმა, როგორიცაა ყაჩაღობა,გაუპატიურება ან ოჯახში ძალადობა, შესაძლოა ასევე შეარყიოს იგი. მოკლედ რომ ვთქვათ,კეთილსინდისიერების ცნების კომპლექსურობა ნიშნავს, რომ მისი კომპრომეტირება სხვადასხვა გზით არის შესაძლებელი.

გარდა ამისა, ამ მიდგომამ შესაძლოა კითხვები გააჩინოს ხელისუფლების ერთი შტოს (აღმასრულებელი) შიგნით არსებულ ინსტიტუტებს შორის ან ხელისუფლების სხვადასხვა შტოს (აღმასრულებელ და საკანონმდებლო) შორის ურთიერთობებთან დაკავშირებით. მაგალითად, ამან შესაძლოა მონტენეგროს პრეზიდენტს მისცეს შესაძლებლობა, შეაფერხოს მთავრობის ფორმირება საკონსტიტუციო დებულებების გამოყენებითა და კანდიდატის დადგენილი ვადის ბოლო დღეებში წარდგენით, რითაც შეამცირებს კეთილსინდისიერების შესამოწმებლად დარჩენილ დროს. ეს განსაკუთრებით მგრძნობიარე იქნება კოაბიტაციის პერიოდში, როდესაც პრეზიდენტს შესაძლოა ჰქონდეს მოტივაცია, ხელი შეუწყოს პოლიტიკურად მისთვის სასურველ პარტიას, რომლის ინტერესებშიც შედის არა ახალი მთავრობის არჩევა, არამედ პოლიტიკური კრიზისის გახანგრძლივება, მოქმედი მთავრობის შენარჩუნება ან ახალი არჩევნების დანიშვნა.

აშკარაა ისიც, რომ ორი მესამედის უმრავლესობის მოპოვებას თავისი პოლიტიკური ფასი ჰქონდა.შესწორების პროექტის მიღება დამოკიდებული გახდა უმცირესობათა წარმომადგენლობის შესახებ ცვლილებებზე დათანხმებაზე. ამ პროცესში უმცირესობათა წარმომადგენლებმა დიდი პოლიტიკური ოსტატობა გამოავლინეს: მათ თავიანთი წინადადება საჭირო დროს წამოაყენეს, იგი ევროპული სტანდარტების ნაწილად წარმოაჩინეს და პრემიერ-მინისტრის პარტიის მხარდაჭერა მოიპოვეს. ეს მათემატიკურად ზრდის იმის ალბათობას, რომ მომავალში საპარლამენტო უმრავლესობების ფორმირებისას გადამწყვეტი ხმა სწორედ მათ საპარლამენტო მანდატებს ექნება. ამავდროულად, ეს ამცირებს იმის შესაძლებლობას, რომ მინისტრთა პორტფელებზე მათი წვდომა დამოკიდებული იყოს მმართველი პარტიების მიერ „დემოკრატიული გულუხვობის“ ეპიზოდურ გამოვლინებებზე მაშინ,როცა მათ საჭირო უმრავლესობა უმცირესობების გარეშეც აქვთ.

ზემოთ ჩამოთვლილი ხარვეზების მიუხედავად, აღწერილი პროცედურით მომზადებულმა შესწორებებმა ევროკომისარ მარტა კოსის მხარდაჭერა მიიღო. თუმცა, ეს მხარდაჭერა შემოიფარგლა ზოგადი პოლიტიკური გზავნილებით, შემოთავაზებული მოდელის დამაჯერებელი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე.
საბოლოო ჯამში, შემოთავაზებულმა შესწორებამ, ადრე თუ გვიან, შესაძლოა სერიოზულად გაართულოს მონტენეგროში მთავრობის ფორმირების პროცესი, რაოდენ ლეგიტიმური მიზნითაც – საჯარო მოხელეთა კეთილსინდისიერებისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერებით – არ უნდა იყოს იგი მოტივირებული და რაოდენ კეთილი განზრახვებითაც არ უნდა იყოს მოკირწყლული.გადაწყვეტილებას ხალხის წარმომადგენლები მიიღებენ, მაგრამ მათვე მოუწევთ იმ შედეგებთან გამკლავება, რასაც მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოიტანს. ასე გაგრძელდება მომავალ საკონსტიტუციო რეფორმამდე, როდესაც ჩვენ კვლავ, ისეთივე ენთუზიაზმით შევუდგებით მორიგი „ინოვაციური გადაწყვეტის“ გამოგონებას,” – ვკითხულობთ სტატიაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ყველა კარგად ხედავს, რომ ამ ქვეყანაში არიან აგენტურული ოპოზიციის...

მოლოდინი ჩვენი მხრიდან არის იგივე, რაც აქამდე იყო, რაც პრაქტიკამაც აჩვენა, რაც განმეორდა მათ შორის, გუშინაც, ეს "ლელოს" მხრიდან თუ "გახარიელი ნაცების" მხრიდან ვიხილეთ,...