ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა დღეს, 12:00 საათზე განახლდება. პროცესი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ანა წითლიძის ახსნა-განმარტებით გაგრძელდება.
სარჩელის განხილვის პროცესს აფასებენ მმართველ გუნდში. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ მოპასუხე მხარე სამართლებრივი არგუმენტებისგან დაცლილია. სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ საქართველოს კონსტიტუციური სამართლებრივი წეს-წყობილების დარღვევებზე რეაგირება მათი ვალდებულებაა.
„მოვისმინეთ მოსარჩელის წარმომადგენლის დეტალური ახსნა-განმარტება, თუ რას ეხება სარჩელი, შესაბამისი მტკიცებულებებით და არგუმენტებით გაჯერებული კონკრეტული ბრალდებებითა და მითითებებით. მოპასუხე მხარე არათუ სამართლებრივი არგუმენტებისგან არის დაცლილი, პრაქტიკულად არანაირი ფაქტობრივი გარემოების მითითება არ შეუძლია საკუთარი პარტიის გასამართლებლად“, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.









