ჩვენდა სამწუხაროდ, იმ ავბედით დღეებში, 18 წლის წინ, ჩვენს სახელმწიფოს მართავდა სრულიად უსუსური ხელისუფლება, რომელმაც ვერ შეძლო, რომ აერიდებინა საომარი ვითარება და არ მომხდარიყო ის ტრაგედია, რაც მოხდა. ეს არის მათი პირადი პასუხისმგებლობა, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.
მისი თქმით, ეს არის მათი პირადი პასუხისმგებლობა.
„რაც შეეხება თარიღს, ალბათ ჩვენი საზოგადოება აკვირდება, რომ წლების განმავლობაში ეს თარიღი მათი მხრიდან აღინიშნებოდა დღევანდელ დღეს, შეიცვალა გაურკვეველი ვითარებით. მათ შეცვალეს ეს თარიღი და 7 აგვისტოს აღნიშნავენ. რა არის ამის მიზეზი. საზოგადოებას მინდა მივმართო, ჩვენდა სამწუხაროდ, იმ ავბედით დღეებში, 18 წლის წინ, ჩვენს სახელმწიფოს მართავდა სრულიად უსუსური ხელისუფლება, რომელმაც ვერ შეძლო აერიდებინა საომარი ვითარება და არ მომხდარიყო ის ტრაგედია, რაც მოხდა. ეს არის მათი პირადი პასუხისმგებლობა. დღეს უფრო მეტ ჩვენს მოქალაქეს აქვს სრულყოფილი პასუხი მათ მოქმედებაზე. ჩატარდა გამოძიებაც, არაერთი ფაქტი აღინიშნა თუ როგორ მოქმედებდა მაშინდელი ხელისუფლება იმ დღეებში.
სხვათა შორის, პრემიერის წერილზეც არ არსებობს პასუხი, თუ როგორ მოქმედებდნენ, რა იყო მათი მოტივაცია. თუ მტერი მათ ტერიტორიებს იპყრობდა, ასეთი დანაკარგი ჰქონდა ჩვენს სახელმწიფოს, შემდეგ მათ მოახერხეს და ამ მტერთან, ე.წ. დამპყრობელთან მოახდინეს ურთიერთობა, მიჰყიდეს მათ სტრატეგიული ობიექტები. ყოველ წელს ჩვენ ამ თემაზე ვსაუბრობთ. მათ მისცეს საშუალება ჩვენი თანხმობით, ჩვენი, საქართველოს თანხმობით, რომ გაწევრიანებულიყვნენ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, ცალმხრივად გააუქმეს ვიზები. უმაღლესი თანამდებობის პირები ჩამწკრივებულები იყვნენ ლარსზე და ხვდებოდნენ რუს ტურისტებს. საუბრობდნენ, რომ რუსულ ფულს სუნი არ აქვს, იმ წლებში, როდესაც სულ ახლახან იყო განხორციელებული მათი ინტერვენცია საქართველოში, რუსების მიერ. იმ წლებში ეს ყველაფერი არ იყო სათანადოდ წარმოჩენილი. ოკუპანტადაც არ იყო ის ქვეყანა დასახელებული“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.









