მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა – ვფიქრობთ, რომ საქართველო არის რელევანტური ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის, ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელიც რეგიონში ჩვენს ქვეყანას აქვს

საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა. ეს ერთი მხრივ, შეიძლება, საქართველოს მხრიდან ამბიციური განაცხადია, მეორე მხრივ საქართველო უკვე ათწლეულებია, არის ეუთოს მონაწილე ქვეყანა, თუმცა, არასდროს ჰქონია ეს შესაძლებლობა, ამ რანგში წვლილი შეეტანა ამ მნიშვნელოვანი ორგანიზაციის მუშაობაში, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრ იგნაციო კასისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო მისი შესაძლებლობების გათვალისწინებით, ეუთო-ს თავმჯდომარეობისთვის რელევანტური ქვეყანაა.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველო არის რელევანტური ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის, ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს რეგიონში. აქედან გამომდინარე, სწორედ ეს იყო, რამაც განაპირობა ჩვენი მხრიდან განაცხადის გაკეთება, რომ 2027 წელს თავმჯდომარე გავხდეთ და წვლილი შევიტანოთ ამ ორგანიზაციის განვითარებასა და მუშაობაში, რომელიც დაფუძნებულია დიალოგზე და კონსენსუსზე, რაც არ არის მარტივი, მით უმეტეს, ამ მოცემულობაში, როდესაც დღეს ჩვენ მსოფლიოსი უფრო მეტ დაყოფას ვხედავთ, ვიდრე გაერთიანებას”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს აქვს დრო იმისათვის, რომ ამ საკითხზე იმუშაოს ყველასთან, მათ შორის ამჟამინდელ თავმჯდომარე ქვეყანასთან.

„ჩვენ გვაქვს გარკვეული დრო იმისათვის, რომ ვიმუშაოთ ყველასთან და ვეძიოთ ის შესაძლებლობები, რომ გარკვეული თანხმობა, კონსენსუსი შედგეს ეუთო-ს მომავალ თავმჯდომარეობაზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიმუშავებთ თავმჯდომარეობასთან ერთად, ეს თავმჯდომარეობის საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია და რა თქმა უნდა, საქართველო ამ პროცესში კონსტრუქციულად იქნება ამ პროცესში ჩართული იმისათვის, რომ ორგანიზაციის მუშაობის შემდგომ გაძლიერებაში შეიტანოს თავისი წვლილი, როგორც მონაწილე ქვეყანამ”, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

იგნაციო კასისი: შვეიცარია მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოსთან პარტნიორობას და მომავალში ელის...

ჩემთვის პირველი ოფიციალური ვიზიტია. დღეს შევხვდები პრემიერ-მინისტრს. საქართველოსა და შვეიცარიას აქვთ მეგობრობისა და ორმხრივი ნდობის ხანგრძლივი ისტორია. მომავალ წელს ვიზეიმებთ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 35...