ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ონისე ოქრიაშვილის საქმესა და ნოდარ დუმბაძის გარშემო მიმდინარე დისკუსიას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ როდესაც რადიკალური ოპოზიცია საზოგადოებას მომავალთან დაკავშირებულ პროგრამას ვეღარ სთავაზობს, „ომს წარსულს უცხადებს“ და ეროვნული მნიშვნელობის ფიგურების დისკრედიტაციას ცდილობს.
ქართველიშვილი წერს, რომ ერეკლე II-ის შემდეგ, დღეს სამიზნე ნოდარ დუმბაძე აღმოჩნდა და ამ პროცესს „იმპორტული კამპანიების“ გაგრძელებად აფასებს.
ანალიტიკოსის შეფასებით, მსგავსი კამპანიების მიზანია საზოგადოების პროვოცირება, ბუნებრივი აღშფოთების გამოწვევა და შემდეგ ამ რეაქციის საზოგადოების წინააღმდეგ გამოყენება.
„როდესაც რადიკალური ოპოზიცია პოლიტიკურ იდეათა მარაგს ამოწურავს, ამომრჩევლის ნდობას დაკარგავს და საზოგადოებას მომავლის ვეღარავითარ გასაგებ პროგრამას ვეღარ სთავაზობს – ის ხშირად ომს წარსულს უცხადებს. ვერ მიაღწიეს შედეგს ერეკლე მეორის დაბულინგებით – დღეს სამიზნეში ნოდარ დუმბაძეა. ამ კამპანიებს კარგად ნაცნობი “იმპორტული” სუნი ასდის. შეერთებულ შტატებში ასეთი კამპანიების სამიზნედ იქცნენ არა მხოლოდ კონფედერაციის გენერლები, არამედ ჯორჯ ვაშინგტონი, თომას ჯეფერსონი, აბრაამ ლინკოლნი და ქრისტეფორე კოლუმბიც; დიდ ბრიტანეთში კი საჯარო შეურაცხყოფის ობიექტად უინსტონ ჩერჩილი აქციეს – ადამიანი, რომლის სახელიც მილიონობით ბრიტანელისთვის ნაციზმზე გამარჯვებისგან განუყოფელია.
პოლიტიკური გათვლა უკიდურესად ცინიკურია: შეურაცხყონ ფიგურა, რომელსაც საზოგადოების უმრავლესობა ეროვნული მემკვიდრეობის ნაწილად მიიჩნევს, გამოიწვიონ სრულიად ბუნებრივი აღშფოთება და შემდეგ სწორედ ეს რეაქცია გამოაცხადონ საზოგადოების თითქოსდა „ჩამორჩენილობის“, „შეუწყნარებლობისა“ და „ცვლილებებისთვის მოუმზადებლობის“ მტკიცებულებად. დღეს ონისე ოქრიაშვილის ესტაფეტის ჯოხი – სხვებმაც აიტაცეს, საზოგადოების აშკარა პროვოცირების მიზნით: აგერ ვართ, აბა ჩვენც “დაგვიპადიეზდეთ”, აბა გაგვიბედეთ.
მსგავსი მექანიზმი დიდი ხანია მოქმედებს უკრაინაშიც, სადაც ისტორიული მეხსიერებისთვის ბრძოლა წლებია მიმდინარე პოლიტიკის ინსტრუმენტად გადაიქცა: ქუჩების სახელების შეცვლა, ძეგლების დემონტაჟი და კულტურული მემკვიდრეობის გადახედვა ხშირად წარმოდგენილია არა მშვიდი სამეცნიერო დისკუსიის, არამედ მოქალაქეთა იდეოლოგიური კეთილსაიმედოობის შემოწმების სახით: ეთანხმები ახალ ინტერპრეტაციას – მაშასადამე, „სწორი“ ხარ; არ ეთანხმები – ავტომატურად პროგრესის მტრად გაცხადებენ. სწორედ ასე წყვეტს ისტორია მეხსიერების სივრცედ არსებობას და პოლიტიკურ ხელკეტად იქცევა, რომლითაც ოპონენტების ცემა მოსახერხებელია, ხოლო საზოგადოების რეალური პრობლემების განხილვა დიდი ხნის წინ გარდაცვლილ მწერლებზე, მხედართმთავრებზე, სახელმწიფო მოღვაწეებსა და ეროვნული კულტურის გმირებზე ატეხილი კონფლიქტით იცვლება.
ასეთი პროვოკაციების მთავარი მიზანი ისტორიული სამართლიანობის აღდგენა კი არა, კონტროლირებადი სიძულვილის წარმოებაა. რადიკალებს სჭირდებათ, რომ უმრავლესობა აღშფოთდეს, მკაცრად უპასუხოს და ღია დაპირისპირებაში ჩაერთოს: სწორედ მაშინ ექცევიან პოლიტიკური ბანკროტები კვლავ ყურადღების ცენტრში, ერთდროულად „რეაქციის მსხვერპლებადაც“ წარმოაჩენენ თავს და საზოგადოებრივ ისტერიასაც აღვივებენ. ეს არის გამჩაღებელთა პოლიტიკა – ჯერ ეროვნულ მეხსიერებაში ჩირაღდანს ისვრიან, შემდეგ კი ყველაზე ხმამაღლა თავადვე ყვირიან ხანძრის შესახებ. რადგან საზოგადოების შემოქმედებითი პროგრამის გარშემო გაერთიანება აღარ ძალუძთ, მის გახლეჩას საფლავების, ძეგლებისა და დიდი სახელების გარშემო ცდილობენ – იმ იმედით, რომ სამოქალაქო დაპირისპირება მათ იმ გავლენას დაუბრუნებს, რომლის მოპოვებაც არჩევნების გზით დიდი ხანია აღარ შეუძლიათ.
ამიტომ, მე პირველ რიგში დიდი თხოვნა მაქვს – არავინ აჰყვეს მათ პროვოკაციებს. დიდი თხოვნა მაქვს სამართალდამცველთა მიმართ: დაგეგმილი პროვოკაციები ჩანასახშივე აღმოფხვრან მათ ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი საშუალებით. ხოლო ამ პროვოკაციებში მიზანმიმართულად ჩათრეულ პატრიოტებს ნუ გახდიან მტრების სასიხარულოდ “განტევების ვაცებად”. იქ, სადაც ქალზე მოძალადე შეიძლება სახლში გაუშვა გაუგებარი სამართლებრივი ლმობიერების გამო, სამაგალითოდ დასაჯო ნოდარ დუმბაძის ხსოვნის დამცველი საზოგადოების წევრი, რომელიც პროვოკაციის მსხვერპლი აღმოჩნდა – ალოგიკურად ასიმეტრიული მიდგომაა. ეს მორიგი ოთხი პროვოკატორი კი მისახედია – არა ქუჩური გარჩევის, არამედ სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში…“ – წერს ქართველიშვილი.









