ბერძნულმა გადამზიდავმა კომპანიებმა ბოლო სამი წლის განმავლობაში რუსული ნავთობის ტრანსპორტირებით სულ მცირე 3.8 მილიარდი დოლარი გამოიმუშავეს, მიუხედავად იმისა, რომ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები კრემლის ნავთობის შემოსავლების შეზღუდვას ცდილობდნენ. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
სტატიის მიხედვით, ამ ვაჭრობიდან ყველაზე მეტი შემოსავალი მიიღო კომპანია Dynacom Tankers-მა, რომელიც ბერძენმა მილიარდერმა დააფუძნა.
Financial Times-ის გამოთვლებით, Dynacom-მა რუსული ნედლი ნავთობის გადაზიდვით მინიმუმ 915 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2023 წლის ივლისის შემდეგ მთლიანი შემოსავლის თითქმის მეოთხედს შეადგენს.
შემდეგ მოდის Onassis Group-ის კომპანია. Olympic Shipping and Management-მა ამ ვაჭრობიდან სულ მცირე 404 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, ხოლო ათენში ბაზირებულმა ტანკერების კომპანიებმა, Stealth Maritime-მა და Polembros Shipping-მა 200 მილიონ დოლარზე მეტი მიიღეს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ნავთობით ვაჭრობა ნებადართულია მანამ, სანამ ის „დიდი შვიდეულის“ მიერ დაწესებული ფასის ზედა ზღვრის წესებს შეესაბამება. მთავრობები მოსკოვის ენერგეტიკული შემოსავლების შემდგომ შეზღუდვას ცდილობენ, რამაც შესაძლოა, ბერძნულ ვაჭრობას წერტილი დაუსვას.









