4 ივლისი, შაბათი, 2026
4 ივლისი, შაბათი, 2026

Euronews: ირლანდია რუსეთში ალუმინის ექსპორტთან დაკავშირებულ სკანდალში გაეხვა

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში საკუთარ როლს „პატიოსან შუამავლად“ ხედავს, თუმცა ქვეყანა რუსეთისთვის ალუმინის მიწოდებასთან დაკავშირებულ სკანდალს ვერ ასცდა. სტატიას ამ შინაარსით Euronews-ი ავრცელებს.

ირლანდიის მთავრობის განცხადებით, თავმჯდომარეობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ევროკავშირში გაწევრიანებით მიღწეული სარგებლისა და დიპლომატიური გამოცდილების წარმოსაჩენად. ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა მიხოლ მარტინმა განაცხადა, რომ ეს „პასუხისმგებლობა და პატივია“ და ირლანდია მზად არის, მას სრულად გაუმკლავდეს.

თუმცა, როგორც Euronews-ი წერს, თავმჯდომარეობის დაწყება დაჩრდილა სკანდალმა, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარე ალუმინის გადამამუშავებელი ქარხნის Aughinish Alumina-ს რუსეთის სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსთან სავარაუდო კავშირებს უკავშირდება.

გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ეხება ალუმინის ექსპორტს, რომელიც, შესაძლოა, რუსეთის სამხედრო წარმოებაში გამოიყენებოდეს. ალუმინი ცეცხლსასროლი იარაღის წარმოებაში ფართოდ გამოიყენება.

სკანდალის ფონზე, დუბლინში ევროკავშირის თავმჯდომარეობის გახსნის ცერემონიაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ირლანდიის ხელისუფლება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ რუსეთისთვის მიწოდებული ნებისმიერი ნედლეული უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენება.

პრემიერმა მარტინმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტთან „კარგი საუბარი“ ჰქონდა და ირლანდია საკითხზე მიმდინარე გამოძიების შედეგებს ევროკომისიას გაუზიარებს. მისი თქმით, გამოძიება დასასრულს უახლოვდება.

ზელენსკიმ კი დუბლინს მოუწოდა, პროცესის გაჭიანურება არ დაუშვას და შედეგები დროულად გახდეს ცნობილი.

შემთხვევაზე კითხვები მოგვიანებით ბრიუსელშიც დაისვა. ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ Aughinish Alumina ამ ეტაპზე ევროკავშირის სანქციების სიაში არ არის. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კი აღნიშნა, რომ გამოძიება ირლანდიის პასუხისმგებლობაა და მის ვადებს თავად ქვეყანა განსაზღვრავს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები