გერმანიის მთავრობა 2027 წელს 203 მილიარდ ევროზე მეტი მოცულობის სესხის აღებას გეგმავს. ინფორმაციას Reuters-ი ბიუჯეტის პროექტზე დაყრდნობით ავრცელებს.
დოკუმენტის მიხედვით, 2027 წელს დაგეგმილი სესხის მოცულობა 203 მილიარდ ევროს გადააჭარბებს, რაც აპრილში გამოცხადებულ 196,5 მილიარდ ევროზე მეტია. შედარებისთვის, 2024 წელს, წინა მთავრობის პირობებში, გერმანიამ 50,5 მილიარდი ევრო ისესხა.
ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი ზაფხულის განმავლობაში შემსუბუქდება, თუმცა, თუ ჰორმუზის სრუტეში შეფერხებები ან ნავთობის წარმოების პრობლემები გახანგრძლივდება, ამას გერმანიის ეკონომიკისთვის „შორსმიმავალი შედეგები“ ექნება.
2027 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც 2030 წლამდე გათვლილ საშუალოვადიან ფინანსურ ჩარჩოში შედის, 555,4 მილიარდი ევროს ოდენობის ხარჯებს ითვალისწინებს. ეს მაჩვენებელი აპრილში დამტკიცებულ 543,3 მილიარდ ევროზე მეტია.
ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ძირითადი ბიუჯეტის ფარგლებში ახალი სესხი 118,7 მილიარდ ევროს მიაღწევს. დამატებით, ინფრასტრუქტურის ფონდის მეშვეობით 54,9 მილიარდი ევრო, ხოლო უკრაინაში რუსეთის 2022 წლის შეჭრის შემდეგ შექმნილი სპეციალური თავდაცვის ფონდის ფარგლებში კიდევ 30 მილიარდი ევრო იქნება მოზიდული. აღნიშნული ფონდის მოქმედება 2027 წელს დასრულდება.
თავდაცვის ძირითადი ხარჯები 2027 წელს 109 მილიარდ ევრომდე გაიზრდება, მაშინ როცა 2026 წელს 82 მილიარდ ევროს შეადგენდა. უკრაინისთვის გათვალისწინებული 11,6 მილიარდი ევროსა და უსაფრთხოების სხვა მიმართულებებისთვის, მათ შორის სამოქალაქო თავდაცვის, დაზვერვისა და კიბერუსაფრთხოებისთვის გამოყოფილი 9,4 მილიარდი ევროს დამატებით, თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთო დაფინანსება დაახლოებით 130,1 მილიარდ ევროს მიაღწევს.
გერმანიის მინისტრთა კაბინეტი ბიუჯეტის პირველ პროექტს, სავარაუდოდ, ორშაბათს დაამტკიცებს, ხოლო საპარლამენტო განხილვა სექტემბერში დაიწყება. ბიუჯეტის საბოლოო ვერსიის დამტკიცება წლის ბოლომდეა მოსალოდნელი.









