პარლამენტში მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დაპირისპირებაზე გააკეთა კომენტარი „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა და განაცხადა, რომ ახლანდელი დაპირისპირება წინა მოწვევის პარლამენტში დამკვიდრებული ნაციონალური მოძრაობის ხელწერის გაგრძელებაა.
გურამ მაჭარაშვილი ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ პარტია „საქართველოსთვის“, რომელიც აცხადებს, რომ ემიჯნება ნაციონალურ მოძრაობას, ზუსტად ნაცების ნარატივით მოქმედებს.
„მინდა საზოგადოებას გავახსენო წინა, მეათე მოწვევის პარლამენტი, სადაც მსგავსი ტიპის შემთხვევები იყო ძალიან ხშირი. ეს სდებოდა იმიტომ, რომ ნაცმოძრაობა და მისი ფილიალები იყვნენ იქ. ვერ გაიხსენებთ ვერც ერთ კანონპროექტზე მათ გამოსვლას და ჯანსაღ კრიტიკას – იყო სულ დაპირისპირება. თუ შემოვიდოდნენ სხდომათა დარბაზში, ამას აკეთებდნენ მხოლოდ დაპირისპირებისთვის.
ახლა, როდესაც გახარია და მისი პარტიის წევრები ამბობენ, რომ არ არიან ნაცები, ემიჯნებიან ნაციონალურ მოძრაობას და ა.შ. საქმე საქმეზე რომ მიდგება, ნარატივი და მიდგომები ერთი და იგივეა,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
რაც შეეხება იმას, უნდა მოხდეს თუ არა სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის წამოჭრა, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ საქმე არ გვაქვს სისხლის სამართლის დანაშაულთან, არამედ სახეზეა ადმინისტრაციული გადაცდომა. „სისხლის სამართლებრივი დანაშაულის შემადგენლობა არ არის და ეს მხოლოდ ადმინისტრაციული გადაცდომაა. კონსტიტუცია განსაზღვრავს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრზე საქმე აღიძვრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სისხლის სამართლის დანაშაულის შემადგენლობა და გამოძიებაც მხოლოდ ასეთ დროს შეიძლება დაიწყოს. მაგრამ მხოლოდ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის თემაზე რომ ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში ხომ უფრო პოლიტიკურ აქტთან გვაქვს საქმე? ეს ინცინდენტი უფრო პოლიტიკურადაა შესაფასებელი, ვიდრე სამართლებრივად.
როდესაც სიტყვიერი გამოსვლებით ან ჟესტიკულაციით გამომწვევად იქცევი, რა თქმა უნდა, ამაზე რეაგირება ექნებათ. თან ეს ხდება ვისგან – გახარიას პარტიისგან, რომელიც გახდა ჩვეულებრივი მოღალატე ქვეყნის და გუნდის. გაქცეულია ახლა გერმანიაში და იქიდან საყვედურობს პარლამენტში ხალხს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვამბობთ, ჩხუბი კარგი არ არის, მაგრამ, ვიმეორებ, არ განსხვავდება არაფრით ეს ხალხი ნაცებისგან. 12 ადამიანია პარლამენტში და საქმე და სალაპარაკო არაფერი აქვთ? უამრავი შესაძლებლობა აქვთ ტრიბუნით დაწყებული, საკომიტეტო მოსმენებით დამთავრებული, გამოვიდნენ და საზოგადოებას დაანახონ, რომ ხელისუფლებაზე უკეთესი ალტერნატივა არიან. ეს შეუძლიათ გააკეთონ, მაგრამ ნაცვლად ამისა, ლანძღვა-გინებაზე და დაცინვაზე გადადიან. სად არის მათი პოლიტიკური ალღო და რით განსხვავდებიან ნაციონალური მოძრაობისგან, რომელიც ანალოგიურ ნარატივს ატარებდა. ვისაც ემიჯნებიან, სამწუხაროდ, ზუსტად მათი მეთოდებით მოქმედებენ,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.









