პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-ის გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც საქართველოს სუვერენული რეიტინგის პროგნოზი „ნეგატიურიდან“ „სტაბილურამდე“ გაუმჯობესდა.
ქართველიშვილის შეფასებით, სააგენტოს გადაწყვეტილება ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური სიგნალია. მისი თქმით, მიუხედავად რთული საერთაშორისო ვითარებისა და რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური რისკებისა, Moody’s-მა საქართველოს რეიტინგი Ba2 დონეზე შეინარჩუნა და ხაზი გაუსვა ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობას, სახელმწიფო ფინანსების სტაბილურობასა და მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნების შესაძლებლობას.
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-ის გადაწყვეტილება, საქართველოს სუვერენული რეიტინგის პროგნოზი „ნეგატიურიდან“ – „სტაბილურამდე“ გაეუმჯობესებინა, ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ სიგნალად იქცა. მიუხედავად რთული საერთაშორისო ვითარებისა და რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური რისკებისა, სააგენტომ ქვეყნის რეიტინგი Ba2 დონეზე შეინარჩუნა და ამავე დროს ხაზი გაუსვა საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას, სახელმწიფო ფინანსების სტაბილურობასა და ქვეყნის უნარს, განვითარების მაღალი ტემპი შეინარჩუნოს. საერთაშორისო ინვესტორებისთვის მსგავსი შეფასებები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, რადგან სწორედ ისინი წარმოადგენს კაპიტალდაბანდების შესახებ გადაწყვეტილებების მიღების ერთ-ერთ მთავარ ორიენტირს.
Moody’s-ის პოზიტიური შეფასება შემთხვევითი არ არის. იგი სრულად ეხმიანება მსოფლიო ბანკის დასკვნებს, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეკონომიკა კვლავაც რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ზრდის ტემპს ინარჩუნებს. ბანკის მონაცემებით, გასულ წელს ეკონომიკურმა ზრდამ 7,5% შეადგინა, სახელმწიფო ვალი დაახლოებით მშპ-ის 34%-მდე შემცირდა, ხოლო საბანკო სისტემა მაღალი მდგრადობით გამოირჩევა. ყოველივე ეს აყალიბებს ქვეყნის იმიჯს, რომელმაც გლობალური გაურკვევლობისა და რეგიონული კრიზისების პირობებშიც კი შეძლო მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ეკონომიკური ზრდის საფუძველი სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება: ლოჯისტიკის, მშენებლობის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მომსახურების სექტორის პარალელურად, ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალად კვლავაც ტურიზმი რჩება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უკვე 2026 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები შესაძლოა 5 მილიარდ დოლარს მიუახლოვდეს, რაც ქვეყნისთვის ისტორიული რეკორდი იქნება. საქართველოსადმი, როგორც ტურისტული და საინვესტიციო მიმართულებისადმი, მზარდი საერთაშორისო ინტერესის ფონზე, ეს დამატებით შესაძლებლობებს ქმნის კაპიტალის მოზიდვის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდისთვის.
ამრიგად, Moody’s-ის პროგნოზის გაუმჯობესება, მსოფლიო ბანკის პოზიტიური შეფასებები და ტურიზმის სექტორში მოსალოდნელი რეკორდული მაჩვენებლები ერთიან სურათს ქმნის: საქართველო აგრძელებს საკუთარი რეპუტაციის განმტკიცებას, როგორც რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე დინამიკურად განვითარებადი ეკონომიკა. მცირე ქვეყნისთვის ეს ნიშნავს არა მხოლოდ საერთაშორისო ნდობის ზრდას, არამედ გრძელვადიანი განვითარების, ინვესტიციების მოზიდვისა და ევრაზიის ეკონომიკურ რუკაზე საკუთარი პოზიციების კიდევ უფრო გაძლიერების მყარ საფუძველს”.- წერს დავით ქართველიშვილი.









