ყოველთვის ვიყავი მეტი დიალოგის მომხრე და აქედან გამომდინარე, ძალიან ვგულშემატკივრობ ამ ფორმატს, – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა, რომელიც “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის შემაჯამებელ კონფერენციას დაესწრო.
როგორც მან აღნიშნა, ახალგაზრდული ორგანიზაცია, ახალგაზრდებთან დიალოგის გაგრძელებას აპირებს. ცოტნე ივანიშვილი ამ ფაქტს დადებითად აფასებს, ვინაიდან, მისი თქმით, საქართველოში დიალოგის და განსხვავებული აზრების გაცვლის ნაკლებობა არსებობდა, კონფერენციების ფარგლებში ახალგაზრდებთან შეხვედრის ხარჯზე კი, ამ მიმართულებით პროგრესი შეინიშნება.
“დასკვნითი ღონისძიება იყო, მაგრამ ვესაუბრე ბორდის წარმომადგენლებს და არ ვიცი ზუსტად როგორი ფორმატით, მაგრამ აპირებენ, რომ ზოგადად დიალოგი განაგრძონ ახალგაზრდებთან. მე პირადად ძალიან მიხარია ეს ყველაფერი. ძალიან დიდი ნაკლებობა არსებობდა კომუნიკაციის, დიალოგის, განსხვავებულ აზრთა გაცვლის საქართველოში და ნელ-ნელა ამ მიმართულებით რომ მიდის მუშაობა და გარკვეული პროგრესიც უკვე არის ამ შეხვედრების ხარჯზე, ძალიან მიხარია. დიდი იმედი მაქვს, უახლოეს პერიოდში კარგად მოახერხებენ იმას, რომ ეს ფორმატი განაგრძონ, გააუმჯობესონ და კიდევ ბევრი სხვა მიმართულებითაც თუ წამოვა ინიციატივები, რომ მეტი დიალოგი დაინერგოს, ძალიან კარგი იქნება,” – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.









