პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის, ჯეფრი საქსის, საქართველოში ვიზიტს ეხმიანება და წერს, რომ ჯეფრი საქსის საქართველოში ვიზიტი იქცა მოვლენად, რომლის მნიშვნელობაც ჩვეულებრივი საექსპერტო ვიზიტის ფარგლებს სცდება.
ქართველიშვილის თქმით, მსოფლიოში აღიარებული ამერიკელი ექსპერტის დადებითი შეფასება ადასტურებს, რომ პრაგმატიზმზე, სტაბილურობასა და ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე დაფუძნებულ პოლიტიკას ქვეყნისთვის რეალური და გრძელვადიანი სარგებლის მოტანა შეუძლია.
„მსოფლიოში ცნობილი ამერიკელი ეკონომისტისა და პოლიტიკის ანალიტიკოსის, ჯეფრი საქსის, ვიზიტი საქართველოში უკვე იქცა მოვლენად, რომლის მნიშვნელობაც ჩვეულებრივი საექსპერტო ვიზიტის ფარგლებს მნიშვნელოვნად სცდება. რთული საერთაშორისო ვითარებისა და სამხრეთ კავკასიის მიმართ გლობალური ინტერესის ზრდის ფონზე, ის ფაქტი, რომ თანამედროვე ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ინტელექტუალი სწორედ თბილისში იმყოფებოდა, მიუთითებს, რომ საქართველო კვლავაც რჩება მნიშვნელოვანი რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის ნაწილად.
სიმბოლურია ისიც, რომ განხილვების მთავარი თემები იყო მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება, სატრანსპორტო დერეფნები და რეგიონის გრძელვადიანი სტაბილურობა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საქსის არაერთი გზავნილი თანხვედრაში აღმოჩნდა იმ სტრატეგიასთან, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ბოლო წლების განმავლობაში თანმიმდევრულად იცავს. საუბარია ეკონომიკური ზრდის პრიორიტეტზე, ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარებაზე, საქართველოს როლის გაძლიერებაზე შუა დერეფანში და დიდი სახელმწიფოების კონფლიქტებში ჩათრევის თავიდან აცილებაზე. არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, ამერიკელი ექსპერტის, რომელსაც მსოფლიო აღიარებს, ასეთი შეფასებები დამატებით ადასტურებს, რომ პრაგმატიზმზე, სტაბილურობასა და ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე დაფუძნებულ პოლიტიკას ქვეყნისთვის რეალური და გრძელვადიანი სარგებლის მოტანა შეუძლია.
არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ ჯეფრი საქსმა საჯაროდ გააკრიტიკა სამხრეთ კავკასიის პოლიტიკურ პროცესებში გარე ძალების ჩარევის მცდელობები და განაცხადა, რომ დაუშვებელია რეგიონის გადაქცევა გეოპოლიტიკური დაპირისპირების ასპარეზად. მისი განცხადება, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროპულმა სტრუქტურებმა თავი უნდა შეიკავონ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევისგან, განსაკუთრებით რეზონანსული აღმოჩნდა თბილისსა და ბრიუსელს შორის არსებული დაძაბულობის ფონზე. მიუხედავად იმისა, იზიარებს თუ არა საერთაშორისო საზოგადოება მთლიანად ამ შეფასებას, თავად ის ფაქტი, რომ მსგავსი პოზიცია სწორედ თბილისში გააჟღერა მსოფლიოში ცნობილმა ამერიკელმა მეცნიერმა და მრჩეველმა, ობიექტურად აძლიერებს საქართველოს არგუმენტს ეროვნული სუვერენიტეტის პატივისცემისა და საკუთარი პოლიტიკური კურსის დამოუკიდებლად განსაზღვრის უფლების შესახებ,“ – წერს დავით ქართველიშვილი.









