პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას, განცხადებას ეხმიანება, რომელმაც Netflix-ის მიერ მულტსერიალ „მაშა და დათვის“ ახალი სეზონების შეძენა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მულტფილმი კრემლის „რბილი ძალის“ ინსტრუმენტია. ქართველიშვილის შეფასებით, მსგავსი განცხადებები პოლიტიკური დღის წესრიგის ღრმა კრიზისზე მიუთითებს და ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ესტონეთში ყველა სხვა მნიშვნელოვანი პრობლემა უკვე მოგვარებულია.
„ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ საჯაროდ გააკრიტიკა Netflix-ის გადაწყვეტილება, შეეძინა მულტსერიალ „მაშა და დათვის“ ახალი სეზონები. მისი განცხადებით, ეს საბავშვო მულტფილმი კრემლის „რბილი ძალის“ ინსტრუმენტია, ავრცელებს მილიტარისტულ იდეებს და შეიცავს საბჭოთა სიმბოლიკის იდეოლოგიურად სახიფათო ელემენტებს. ასეთი სენსაციური აღმოჩენის შემდეგ მხოლოდ ისღა გვრჩება, გავოცდეთ, თუ რატომ ეძებდნენ ევროპული სპეცსამსახურები ამდენი წლის განმავლობაში გლობალური არასტაბილურობის წყაროებს სრულიად სხვა მიმართულებით. როგორც აღმოჩნდა, ევროპის უსაფრთხოების მთავარი საფრთხე არც სამხედრო კონფლიქტებში, არც ენერგეტიკულ კრიზისებში და არც ეკონომიკურ პრობლემებში იმალებოდა – ის მშვიდად ცხოვრობდა დათვის ტყის სახლში, სადაც დაუღალავი მაშა ევროპული დემოკრატიის საფუძვლებს ყოველდღიურად არყევდა. თუ ამ ლოგიკას ბოლომდე მივყვებით, შემდეგი ნაბიჯი, ალბათ, ყველა საბავშვო ზღაპრისა და მულტფილმის იდეოლოგიურ სანდოობაზე შემოწმება იქნება. რადგან, თუ ბავშვი რამდენიმე წუთიანი ანიმაციის ნახვის შემდეგ უკვე პოლიტიკური გავლენის ქვეშ ექცევა, მაშინ ეჭვმიტანილთა სიაში ავტომატურად მოხვდებიან კარლსონი, რომელიც დრონივით საჰაერო სივრცეს ყოველგვარი ნებართვის გარეშე იყენებს; ვინი-პუჰი, რომელიც თაფლის გადანაწილების სანქციების გვერდის ავლით, საკმაოდ საეჭვო სქემებშია ჩართული; და სამი გოჭი, რომლებიც აშკარად თავდაცვითი ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროპაგანდას ეწევიან. ამ ფონზე მაშა უკვე უბრალოდ მულტფილმის პერსონაჟი აღარ არის – იგი მსოფლიო მასშტაბის ფარულ იდეოლოგიურ ოპერაციას ხელმძღვანელობს.
ყველაზე გასაოცარი კი ისაა, რომ მსგავსი განცხადებები უნებლიედ თავად პოლიტიკური დღის წესრიგის ღრმა კრიზისზე მეტყველებს. როდესაც სუვერენული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრი საბავშვო მულტფილმის პერსონაჟთან საჯარო ბრძოლაში ერთვება და მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს სტრიმინგ-პლატფორმას ამ „საფრთხეზე“ ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდებს, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ყველა დანარჩენი პრობლემა უკვე მოგვარებულია. ინფლაცია დამარცხებულია, უსაფრთხოება უზრუნველყოფილია, ეკონომიკა ყვავის, საერთაშორისო კრიზისები დასრულებულია და ამიტომ დადგა დრო თანამედროვე ეპოქის უკანასკნელი დიდი ბრძოლისა – ბრძოლისა პატარა მაშას წინააღმდეგ. თუ ამის შემდეგ ევროპაში მართლაც ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება, ალბათ XXI საუკუნის ისტორიის თავიდან დაწერა გახდება საჭირო – არა გეოპოლიტიკით, არამედ მულტიპლიკაციით დაწყებული“, – წერს დავით ქართველიშვილი.









