25 ივნისი, ხუთშაბათი, 2026
25 ივნისი, ხუთშაბათი, 2026

პაატა სალია: პირველივე დღიდან, როდესაც ელენე ხოშტარიას დასჭირდა სამედიცინო დახმარება, მას მიეწოდებოდა სრული სპექტრი სამედიცინო მომსახურებისა, რაც სჭირდებოდა. რაც შეეხება ექიმის შესვლას, როგორც კი მიწოდებული იქნება დოკუმენტაცია, ექიმი შეძლებს შესვლას და მოინახულებს ელენე ხოშტარიას

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ კომენტარი გააკეთა „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით. მინისტრმა კიდევ ერთხელ დააზუსტა, რომ სპეკულაციაა, რომ ექიმი ვერ ახერხებს შესვლას. ამის მიზეზია, რომ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დღემდე არ მიაწოდეს ექიმის პირადობის მოწმობის და შესაბამის სამედიცინო სფეროში ექიმის სპეციალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

მინისტრის თქმით, სპეციალური პენიტენციური სამსახური მზადყოფნას გამოხატავდა და ახლაც გამოხატავს მზადყოფნას, როგორც კი, მიწოდებული იქნება ეს დოკუმენტაცია, ექიმი შეძლებს შესვლას და მოინახულებს ელენე ხოშტარიას.

„პირველივე დღიდან, როდესაც ელენე ხოშტარიას დასჭირდა სამედიცინო დახმარება, მას მიეწოდებოდა სრული სპექტრი სამედიცინო მომსახურებისა, რაც სჭირდებოდა. ამის შესახებ ინფორმირებული იყო საზოგადოება, ამაზე ისაუბრა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმაც. თუმცა, ყოველ ჯერზე არის მცდელობა სპეკულაციებისა; ყოველ ჯერზე გვიწევს, რომ პასუხი გავცეთ და არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ დასაბუთებულად, რომ ეს ყველაფერი არის სპეკულაცია.

სპეკულაციაა, რომ ექიმი ვერ ახერხებს შესვლას. იცით, რატომ ვერ ახერხებს ექიმი შესვლას? იმიტომ, რომ ვერ მიაწოდეს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ექიმის პირადობის მოწმობის და შესაბამის სამედიცინო სფეროში ექიმის სპეციალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. ეს არის ყველაფერი და მერე მეტყვით, რომ ეს არ არის სპეკულაცია? ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაცია. სპეციალური პენიტენციური სამსახური მზადყოფნას გამოხატავდა და ახლაც გამოხატავს მზადყოფნას, როგორც კი მიწოდებული იქნება ეს დოკუმენტაცია, ექიმი შეძლებს შესვლას და მოინახულებს ელენე ხოშტარიას.

არ ყოფილა შემთხვევა, რომ რომელიმე სამედიცინო დაწესებულებიდან მოყვანილი ექიმის ან რომელიმე მსჯავრდებულის ან ბრალდებულის მდგომარეობიდან გამომდინარე, იყო აუცილებლობა მისი კერძო კლინიკაში გადაყვანისა და ეს არ მომხდარა. ანალოგიურად, ხოშტარიასაც გაეწია ყველა ეს მომსახურება. ჩვენ თანხმობა განვაცხადეთ იმ ექიმის მოყვანაზე, ვის შესახებაც მან ინფორმაცია მოგვაწოდა; უბრალოდ, ვერ მოხდა მათი მხრიდან დოკუმენტების მოწოდება.

მე ვერ ვისაუბრებ კონკრეტულ დაავადებებზე, ეს არის პერსონალური ინფორმაცია, მაგრამ, საბედნიეროდ, ის დიაგნოზი, რაზეც მას ეჭვი ჰქონდა, გამოირიცხა. ახლა მიმდინარეობს დამატებითი შემოწმებები და რაიმე საგანგაშო მდგომარეობა ამჟამად არ არის, როგორც ჩვენ ვიცით სამედიცინო პერსონალისგან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოიტანონ შესაბამისი დოკუმენტაცია, შებრძანდეს ექიმი და შემდგომ უკვე გვეცოდინება, რა მდგომარეობაა იმ კონკრეტული მიმართულებით, იმ კონკრეტულ დაავადებასთან დაკავშირებით, რის გამოც მოითხოვა ელენე ხოშტარიამ ამ კონკრეტული ექიმის ვიზიტი ციხეში“, – განაცხადა პაატა სალიამ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები