დაზარალებულზე ორიენტირებული სისხლის სამართლის პოლიტიკის წარმოება, მათი უფლებების დაცვა და გაძლიერება საქართველოს პროკურატურის სტრატეგიით გათვალისწინებული პრიორიტეტია – განაცხადა გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პარლამენტში პროკურატურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას.
მისი თქმით, დაზარალებულის უფლებების ეფექტიანი დაცვისა და მათი ემოციური მხარდაჭერის მიზნით, უწყება მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორთა საქმიანობის ხარისხს აუმჯობესებს.
„ბოლო წლებში 5000-ს აღწევს იმ პირთა რაოდენობა, ვინც მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურით ისარგებლა, ყველაზე ხშირად დახმარებით ისარგებლეს ოჯახური დანაშაულების, სხვადასხვა სახის ძალადობის, სქესობრივი ხელშეუხებლობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების, სატრანსპორტო დანაშაულებისა და სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ფაქტებზე დაზარალებულმა პირებმა. წლის განმავლობაში მომეტებული ყურადღება ეთმობოდა პრევენციას, მომზადდა სრულწლოვანი და არასრულწლოვანი დაზარალებულების გზამკვლევები, რომელშიც თავმოყრილია ინფორმაცია, რა უფლებებით შეუძლია ისარგებლოს დანაშაულის მსხვერპლმა სამართალწარმოების სხვადასხვა ეტაპზე, ვისთან მოუწევს კომუნიკაცია პროცესის მიმდინარეობისას, როგორია პროცესის მონაწილეთა, მათ შორის, პროკურორის როლი და რა მოლოდინები შეიძლება ჰქონდეს სამართალწარმოების დასრულებისას“, – განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.









