კულტურას რუსეთსა და საქართველოს შორის ნდობის აღდგენა შეუძლია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში, მიხაილ შვიდკოიმ განაცხადა.
რუსული მედიის ცნობით, შვიდკოი, რომელიც მოსკოვის მუსიკალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია, 14-15 ივნისს თბილისში იმყოფებოდა და კინოსპექტაკლების ჩვენებებს დაესწრო.
„მიმაჩნია, რომ კულტურა ის სფეროა, რომელსაც შეუძლია ნაბიჯ-ნაბიჯ, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, ნდობის ის ატმოსფერო აღადგინოს, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის ადრე იყო. ხალხები ყოველთვის ერთმანეთისკენ ისწრაფვიან. ჩვენ შორის ძალიან ღრმა კავშირებია“, – განაცხადა მიხაილ შვიდკოიმ.
შვიდკოის თქმით, რუსეთი ქართველი ხელოვანებისთვის ღიაა.
„უნდა ითქვას, რომ რუსეთში ბევრი ქართველი შემსრულებელია. ქართველი ხელოვანების ჯგუფები რეგულარულად ჩამოდიან, ასევე, რუსეთში ბევრი შესანიშნავი მუსიკოსი და შემსრულებელი ცხოვრობს და მოღვაწეობს“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა.









