25 მაისი, ორშაბათი, 2026
25 მაისი, ორშაბათი, 2026

FT: ტრამპისა და სი ძინპინის სამიტზე ყველაზე დაძაბული თემა იაპონიის რემილიტარიზაცია გახდა. ჩინეთის ლიდერი ამ საკითხზე „ემოციურად და გაღიზიანებით“ საუბრობდა

პეკინში სი ძინპინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის ყველაზე დაძაბული ნაწილი, ამერიკული გუნდისთვის მოულოდნელად, იაპონიის საკითხის განხილვა აღმოჩნდა. ჩინეთის ლიდერმა მკაცრად გააკრიტიკა იაპონიის პრემიერ-მინისტრი სანაე ტაკაიჩი ქვეყნის „რემილიტარიზაციის“ გამო, – წერს Financial Times წყაროებზე დაყრდნობით.

FT-ის თანამოსაუბრეების თქმით, სი „ემოციურად და გაღიზიანებით“ საუბრობდა, რამაც ამერიკელი მაღალჩინოსნები გააკვირვა, ვინაიდან სამიტამდე ჩინურ მხარესთან კონტაქტების დროს იაპონიის თემა პრაქტიკულად არ წამოჭრილა.

იაპონიის თავდაცვის ხარჯების კრიტიკის საპასუხოდ ტრამპმა განაცხადა, რომ ტოკიო იძულებულია უსაფრთხოების სფეროში უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავოს ჩრდილოეთ კორეის მხრიდან მზარდი საფრთხის გამო. უცნობია, ახსენა თუ არა მან ამ კონტექსტში ჩინეთი, როგორც იაპონიის უსაფრთხოების მთავარი საფრთხე.

პეკინსა და ტოკიოს შორის ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა მას შემდეგ, რაც სანაე ტაკაიჩიმ 2025 წლის ნოემბერში განაცხადა, რომ ტაივანზე ჩინეთის შესაძლო თავდასხმამ შესაძლოა იაპონიის წინაშე „ეგზისტენციალური საფრთხე“ შექმნას, რაც გაამართლებდა იაპონიის შეიარაღებული ძალების გამოყენებას. ყოველწლიურ თავდაცვის მოხსენებებში იაპონია ბოლო წლებში ჩინეთის მხრიდან მომავალ საფრთხეს უფრო სერიოზულად მოიხსენიებს, ვიდრე ჩრდილოეთ კორეის მხრიდან, – აღნიშნავს FT. 2026 წლის მოხსენების პროექტში იაპონია ასევე გამოხატავს „სერიოზულ შეშფოთებას“ პეკინსა და მოსკოვს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების გამო.

2026 წლის აპრილში იაპონიამ ლეტალური იარაღის ექსპორტზე შეზღუდვები გააუქმა. ამასთან, ძალაში დარჩა ექსპორტის აკრძალვა იმ ქვეყნებში, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, თუმცა მთავრობამ აღნიშნა, რომ გამონაკლისი შეიძლება დაუშვას „განსაკუთრებული გარემოებების“ შემთხვევაში. FT-მა ამას იაპონიის პოლიტიკაში „ისტორიული შემობრუნება“ უწოდა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები