ბულგარეთმა სამშაბათს ჩრდილოეთ მაკედონიასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება ისტორიისა და ენის საკითხებზე არსებული დავის გამო დაბლოკა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
მიმდინარე წლის მარტში ევროკავშირი ჩრდილოეთ მაკედონიასა და ალბანეთთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდა, თუმცა ბულგარეთმა დაბლოკა პროცესის შემდეგი მნიშვნელოვანი ეტაპი – მოლაპარაკებების ჩარჩოს დამტკიცება, რომელიც აუცილებელია ორ დასავლეთბალკანურ ქვეყანასთან ოფიციალური მოლაპარაკებების დასაწყებად.
სოფიას წინასწარ ჰქონდა გაცხადებული, რომ ჩარჩოს არ დაამტკიცებდა, თუმცა ეს გადაწყვეტილება სერიოზული დარტყმა აღმოჩნდა ჩრდილოეთ მაკედონიისთვის, რომლის ევროკავშირში ინტეგრაციის გზა წლების განმავლობაში უკვე შეფერხებული იყო საბერძნეთთან ისტორიისა და იდენტობის საკითხებზე არსებული დავის გამო. ჩრდილოეთ მაკედონიის ვიცე-პრემიერმა ევროპული ინტეგრაციის საკითხებში, ნიკოლა დიმიტროვმა განაცხადა: „ჩვენ ვერ შევცვლით ჩვენს ისტორიას ან გეოგრაფიას, მაგრამ შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი მომავალი. სამწუხაროდ, დღეს ეს დიდი შესაძლებლობა ხელიდან გავუშვით“.
ევროკავშირის რამდენიმე მაღალჩინოსანმა და დიპლომატმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ბულგარეთი ორმხრივ საკითხებს იყენებს იმ პროცესის შესაფერხებლად, რომელიც მთლიანად ევროკავშირსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის მიმდინარეობს.
ევროკავშირის წევრი ქვეყნები ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის საქმეებს ერთმანეთთან მჭიდროდ აკავშირებენ და მათი განცალკევების წინააღმდეგ გამოდიან, რადგან მიაჩნიათ, რომ ამან, შესაძლოა, რეგიონში დამატებითი დაძაბულობა გამოიწვიოს.









