ფრანგმა გამომძიებლებმა საფრანგეთის პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენცია, ელისეს სასახლე გაჩხრიკეს სავარაუდო ფავორიტიზმისა და კორუფციის გამოძიების ფარგლებში. ინფორმაციას AFP ქვეყნის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
AFP-ის ცნობით, ჩხრეკა უკავშირდება გამოძიებას, რომელიც შეეხება იმას, თუ რატომ ირჩევდნენ წლების განმავლობაში ერთსა და იმავე კომპანიას პანთეონის მავზოლეუმში მიღების ცერემონიების ორგანიზებისთვის. პანთეონში დაკრძალულნი არიან ცნობილი ფრანგი ისტორიული ფიგურები.
„21 მაისს ელისეს სასახლის ტერიტორიაზე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, სასამართლო გამოძიების ფარგლებში, რომელიც ძირითადად ფოკუსირებული იყო იმ პირობებზე, რომლითაც პანთეონის ცერემონიების ორგანიზებასთან დაკავშირებული გარკვეული საჯარო კონტრაქტები გაიცა“, – განაცხადა ფინანსურმა პროკურატურამ.
პროკურატურის განცხადებით, ხუთშაბათის ოპერაციას წინ უძღოდა „ინსტიტუციური კონსულტაციები“, რათა უზრუნველყოფილიყო მისი ჩატარება.
ელისეს სასახლის წარმომადგენელმა AFP-ს განუცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ჩხრეკა დაუშვა, რადგან პროცედურა „არ არის მიმართული“ ემანუელ მაკრონის წინააღმდეგ და დაცული იყო „აუცილებელი გარანტიები“, რომლებიც უკავშირდება კონსტიტუციასა და ეროვნული თავდაცვის საიდუმლოებას.
აპრილში გამომძიებლებმა უკვე სცადეს სასახლის გაჩხრეკა, თუმცა მათ უარი უთხრეს იმ საფუძვლით, რომ კონსტიტუცია უზრუნველყოფს „პრეზიდენტთან დაკავშირებული შენობების ხელშეუხებლობას“, – განაცხადა მაშინ ფინანსურმა პროკურორმა პასკალ პრაშემ.
ჩხრეკა 2025 წლის ოქტომბერში დაწყებული გამოძიების ნაწილია, რომელიც ფავორიტიზმის, კორუფციისა და გავლენით ვაჭრობის საფუძველზე დაიწყო.









