15 მაისი, პარასკევი, 2026
15 მაისი, პარასკევი, 2026

დავით ქართველიშვილი: ცხადია, სოხუმისა თუ ცხინვალის მასშტაბები და გეოპოლიტიკური წონა ტაივანთან შედარებადი არ არის, მაგრამ ზესახელმწიფო ჩინეთიც კი იძულებულია საკუთარი ტერიტორიული საკითხის მოგვარებისთვის მიმართოს სტრატეგიული მოთმინებისა და მოლოდინის პოლიტიკას

„მსოფლიო პოლიტიკა სულ უფრო ნაკლებად მიდის მყისიერი გადაწყვეტილებებისკენ და უფრო მეტად, სწორედ სტრატეგიული მოთმინების, ეკონომიკური ჩართულობისა და კონფლიქტური ტერიტორიების გარშემო, გარემოს ეტაპობრივი ცვლილების მოდელისკენ მიისწრაფვის,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც დონალდ ტრამპსა და სი ძინპინს შორის პეკინში გამართულ შეხვედრას ეხმიანება.

ქართველიშვილი ტაივანის, აფხაზეთისა და ცხინვალის კონფლიქტებს შორის ირიბ პარალელს ავლებს და წერს, რომ თვით ზესახელმწიფო ჩინეთიც კი იძულებულია საკუთარი ტერიტორიული საკითხის მოგვარებისთვის მიმართოს სტრატეგიული მოთმინებისა და მოლოდინის პოლიტიკას.

„არც არანაირი გადამეტებული მოლოდინი არ ყოფილა: დონალდ ტრამპსა და სი ძინპინს შორის პეკინში ტაივანის საკითხზე არანაირი „გარღვევა“ არ მომხდარა. პირიქით, მხარეებმა საკმაოდ მკაცრად გამოკვეთეს საკუთარი „წითელი ხაზები“, თუმცა ამავე დროს შეეცადნენ, მოლაპარაკებები ღია კრიზისში არ გადაზრდილიყო. ტაივანის ეპიზოდის მთავარი არსი იმაში მდგომარეობდა, რომ პეკინმა პირდაპირ მიანიშნა: ტაივანის საკითხი ჩინეთისთვის არ წარმოადგენს რაიმე ვაჭრობის საგანს, არამედ არის ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული სუვერენიტეტის საკითხი. სი ძინპინმა გააფრთხილა ტრამპი, რომ ტაივანის თემის „არასწორმა მართვამ“ შეიძლება „დაპირისპირებამდე და კონფლიქტამდეც“ მიიყვანოს ვითარება. ამავე დროს, ვაშინგტონს საკუთარი ოფიციალური პოზიცია არ შეუცვლია და სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ცალკე დაადასტურა, რომ აშშ ინარჩუნებს ტაივანთან დაკავშირებულ არსებულ კურსს.

თუმცა აქ ყველაზე მნიშვნელოვანი სხვა რამაა: მიუხედავად უკიდურესად მკაცრი რიტორიკისა, ორივე მხარემ ფაქტობრივად აჩვენა სურვილი, სიტუაცია შეენარჩუნებინათ კონტროლირებადი კონკურენციის ფარგლებში. ტრამპი ვიზიტის დროს შეგნებულად ერიდებოდა ტაივანზე საჯარო და მკვეთრ განცხადებებს, ხოლო ჩინურმა მხარემაც, მიუხედავად ზეწოლისა, არ გადადგა მკვეთრი ესკალაციის ნაბიჯი. და სწორედ ეს გახდა მოლაპარაკებების მთავარი პრაქტიკული შედეგი: მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოები აჩვენებენ, რომ თუნდაც ეროვნული თვითშეგნებისათვის თითქმის საკრალურ თემებზე შესაძლებელია ხანგრძლივი თანაარსებობის მოდელი დაუყოვნებელი სამხედრო სცენარის გარეშე. არა კონფლიქტის გადაწყვეტა, არამედ მისი მართვა და შეკავების მექანიზმების ეტაპობრივი დაგროვება.

სწორედ აქ ჩნდება ირიბი პარალელი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ კონფლიქტებთან. თვით ზესახელმწიფო ჩინეთიც კი იძულებულია საკუთარი ტერიტორიული საკითხის მოგვარებისთვის მიმართოს სტრატეგიული მოთმინებისა და მოლოდინის პოლიტიკას. ცხადია, ვერც სოხუმისა თუ ცხინვალის მასშტაბები და გეოპოლიტიკური წონა ტაივანთან შედარებადი არ არის, მაგრამ პრინციპი მსგავსია: მსოფლიო პოლიტიკა სულ უფრო ნაკლებად მიდის მყისიერი გადაწყვეტილებებისკენ და უფრო მეტად, სწორედ სტრატეგიული მოთმინების, ეკონომიკური ჩართულობისა და კონფლიქტური ტერიტორიების გარშემო, გარემოს ეტაპობრივი ცვლილების მოდელისკენ მიისწრაფვის.
საქართველოსთვის ეს პოტენციურად პოზიტიური სიგნალია, რადგან XXI საუკუნის ლოგიკა სულ უფრო მეტად ზრდის გეოეკონომიკის, ტრანზიტისა და ურთიერთსარგებლის მნიშვნელობას და არა მხოლოდ საკითხების სამხედრო გზით გადაწყვეტის შესაძლებლობას.

თუ პეკინის მოლაპარაკებების მთავარ დასკვნას კიდევ უფრო მკაცრად ჩამოვაყალიბებთ, იგი ასე ჟღერს: თვით ზესახელმწიფოებიც კი იწყებენ იმის გააზრებას, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხების გადაწყვეტა მხოლოდ ძალის ენით უკვე შეუძლებელია მსოფლიო ეკონომიკისთვის კოლოსალური შედეგების გარეშე.

შესაბამისად, გრძელვადიან პერსპექტივაში იზრდება რთული კომპრომისული მოდელების, ეტაპობრივი ინტეგრაციისა და თანაარსებობის ახალი ფორმების ძიების მნიშვნელობა. საქართველოსთვის ეს არ არის „მზა რეცეპტი“, მაგრამ მნიშვნელოვანი გლობალური ტენდენციაა, რომელმაც თეორიულად შესაძლოა ერთ დღეს მის სასარგებლოდ იმუშაოს. ის რაც არ ძალუძს ადამიანურ ნებას, შესაძლებელი არს უფლის ნების დონეზე,“ – წერს დავით ქართველიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები