საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქი შიო მესამე მღვდელმთავრებმა 22 ხმით არჩიეს.
მღვდელმთავრებმა არჩევანი სამ კანდიდატს – საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტ შიოს, მროველ-ურბნელ მიტროპოლიტ იობსა და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს შორის გააკეთეს.
„მოგმართავთ ახლად გამორჩეულ კანდიდატს – თანახმა ბრძანდებით დაიდგათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის, მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ – აფხაზეთის მიტროპოლიტის საპატიო უღელი ღვთის სადიდებლად, ეკლესიისა და ქართველი ერის საკეთილდღეოდ?“, – მიმართა მეუფე ანანიამ მეუფე შიოს.
„ჩემს გამორჩევას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ვღებულობ მორჩილებით, ღვთის მადლითა და სასოებით!“, – აღნიშნა არჩეულმა პატრიარქმა, რის შემდეგაც მეუფე ანანიამ ახლად არჩეული პატრიარქის საეკლესიო ტიტული წარმოთქვა:
„საქართველოს წმინდა სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურია უწმინდესი და უნეტარესი საქართველოს პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ – აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე, მამაი ჩვენი შიო მესამე! აქციოს!“.









